მთავარი,სიახლეები

პენსიონერები, პედაგოგები და ექიმები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით სექტემბრიდან ისარგებლებენ

06.01.2016 • 2150
პენსიონერები, პედაგოგები და ექიმები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით სექტემბრიდან ისარგებლებენ

პენსიონერები, სოციალიურად დაუცველები, ექიმები, ექთნები, მასწავლებლები და მწვრთნელები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ.

მთავრობას,  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის  შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.

აღნიშნული კანონით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფომ უნდა  უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესება:

  • საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, მიიღებს ყოველთვიურ დანამატს – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს;
  • სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებს:

 ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას,

 ექთანი – სახელმწიფო პენსიის ოდენობას;

  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი დანამატის სახით მიიღებს – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტს;
  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მიიღებს დანამატს – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტს;
  • მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უკვე გაიცემა სოციალური დახმარება 2016 წლის 1 იანვარს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე: ყოველი დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად  დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით –  არანაკლებ 200 ლარს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: