მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცენტრალური ქუჩები თოვლისგან იწმინდება

05.01.2016 • 3319
ბათუმის ცენტრალური ქუჩები თოვლისგან იწმინდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები.

მერიის ინფორმაციით: „ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან კი ქუჩებში მუშაობა შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლება გააგრძელეს.

გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, ჭავჭავაძის, პუშკინის ქუჩებზე. ჯგუფი მუშაობს ბულვარშიც, სადაც მიმდინარეობს მოტეხილი ტოტების მოგროვებისა და მერიის საწყობში გადატანის სამუშაოები. არსებული შეშის მარაგი ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ტოტების ჩამოჭრა ხეებიდან.

აღდგენილია ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის გზატკეცილზე დაზიანებული წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისად, წყალმომარაგება აღუდგა ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე.
ამ დროისთვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მთელ ქალაქს“.

ბათუმში ამ დროისთვის უნალექო ამინდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: