კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

05.01.2016 • 3294
სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად  დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით –  არანაკლებ 200 ლარს.

აღნიშნული შეღავათების გაცემას მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა, რომლის ცალკეული მუხლები [მათ შორის ის პუნქტები, რომლებიც სხვა სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს]  ეტაპობრივად ამოქმედდება 2017 წლის 2 იანვრამდე.

გარდა ზემოაღნიშნული შეღავათისა, კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას [აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით].

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა,  რომელიც 2015 წლის 24 ნოემბრიდან ამოქმედდა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: