მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე

29.12.2015 • 2434
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლების პროგრამაში რამ განაპირობა ის გარემოება, რომ 2016 წ.-ს პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია, 2017 წ.-ს – 30 000 ლარი,  2018 წ.-ს – 90000 ლარი, ხოლო 2019 წ.-ს – 60 000 ლარი.  საინტერესოა მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა რატომ იწყება მხოლოდ 2018 წ.-ს. ამასთან მიგვაჩნია, რომ პროგრამის განხორიელებისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა მიზანშეწონილი არ არის და ამ ღონისძიებების განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკუთარი რესურსებითა და სპეციალისტებითაც შეუძლია.

აჭარის მთავრობა: პროგრამის „ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება“ მიზანს წარმოადგენს ტყის რესურსებით სარგებლობისა და სატყეო სექტორის მართვის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ასევე  სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს 2 ქვეპროგრამას:

  1. მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
  2. სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის „მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება“ განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავება. დღეისათვის მიმდინარეობს დონორი ორგანიზაციის მოძიება, რომელიც სრულად დააფინანსებს აღნიშნული გეგმის შედგენას. ყოველივე ამის შემდეგ, 2018 წლიდან დაიწყება ქვეპროგრამის განხორციელება. რაც შეეხება მეორე ქვეპროგრამას „სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა“, მისი განხორციელება დაიწყება 2016 წელს და ის ითვალისწინებს სატყეო სექტორთან დაკავშირებით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზებას, სააგენტოს მიერ წარმართულ ტყის მოვლა-პატრონობის აქციებსა და ინიციატივებში სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვას. სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას ტყის მართვაში, გაეცნობიან ველურ ბუნებას, მოხდება მათი საველე პირობებში გაყვანა. აღნიშნულ ღონისძიებებში  აქტიურად იქნება ჩართული სამმართველოსა და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს თანამშრომლები, თუმცა მხოლოდ საკუთარი პერსონალით მათი განხორციელება შეუძლებელია. პროგრამის ბიუჯეტი (15 000 ლარი) დათვლილია მინიმალურად და ის ითვალისწინებს მხოლოდ იმ მომსახურების შესყიდვას, რაც აუცილებელია პროგრამის განსახორციელებლად.

ენმ: დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის  პროგრამაში ერთ-ერთი ღონისძიება  არის ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება (90.0 ათასი ლარი). რეგიონში უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც მცენარეთა დაავადებებს იკვლევს. ამდენად, მსგავსი პროფილის ახალი ორგანიზაციის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება კვლევებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა.

მთავრობა: პროგრამა „ტყის დაცვა და მოვლა“ მოიცავს ქვეპროგრამას „დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება. აღნიშნული ღონისძიების ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის ტყეს წლების განმავლობაში აზიანებს სხვადასხვა მავნებლები. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ში შეიქმნა ტყის დაავადებებთან ბრძოლის სამსახური, ქედის სატყეო ადმინისტრაციის შენობაში მოეწყო სპეციალური ლაბორატორია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს აჭარის ტყის დაავადებების შესწავლა, მათთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ლაბორატორიაში უკვე გამოიყვანეს და ბუნებრივ გარემოში გაუშვეს ნაძვის დიდი ლაფანჭამიას (Ddendroctonus micans) ბიოლოგიური მტერი – რიზოფაგუსი (Rhizophagus grandis Gyll). მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების წინააღმდეგ გამოყვანილია სასარგებლო მწერი – ფორმიკარიუსი (Thanasimus formicarius), რომლებიც ასევე ჩასახლებული იქნა ნაძვნარ-სოჭნარ კორომებში. ამავე ლაბორატორიაში განხორციელდა ამერიკული თეთრი პეპელას (Hyphantria cunea) ბიოლოგიური მტერის – კალოსომას (Calosoma sycophanta) გამოყვანაც. ცაცხვის, ნეკერჩხლის და თელას დაავადებულ ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დაავადებები: ცაცხვის მუქი-რუხი სილაქავე – ცერკოსპორიოზი. მისი გამომწვევია სოკო (cercospora microsora). აღნიშნული პათოგენი აზიანებს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფსაც. ნეკერჩხალზე დაფიქსირდა სოკოვანი დაავადება – შავი სილაქავე. ფოთლებზე შეინიშნება მრავალრიცხოვანი შავი ლაქები. ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა თელაზეც. დაფიქსირდა დაავადება – გრაფიოზი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ნათელია, რომ ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობას, მის ტექნიკური ბაზით აღჭურვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის დაავადებების წინააღმდეგ უფრო მეტი ღონისძიებების დაგეგმვისათვის და განხორციელებისათვის. ლაბორატორიის მუშაობა მიმდინარეობს ძალიან ვიწრო და სპეციფიკური მიმართულებით და ის არანაირად არ მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“-ს საქმიანობის სფეროს. ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ლაბორატორიის აღჭურვაზე, კერძოდ, საველე ლაბორატორიისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სურვილი (ღირებულებით 90-100 ათასი ლარი) გამოთქვა დონორმა ორგანიზაციამ.

ენმ: პროგრამა მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება ვფიქრობთ, რომ საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარებულია.

მთავრობა: პროგრამის „მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება“, რომელიც ითვალისწინებს მოდელების შესწავლა-ანალიზს, მათ შორის სატყეო მეურნეობის ბიზნეს მოდელის ალტერნატივების კვლევას და ტყეში არსებული მერქნული და არამერქნული რესურსების მარკეტინგული ანალიზს, მისი დაფინანსებისათვის მოძიებული იქნა დონორი ორგანიზაცია, რომელიც სრულად დააფინანსებს ზემოთ აღნიშნულ კვლევებს. შესაბამისად აღნიშნული პროგრამა იქნა ამოღებული სამმართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: