მთავარი,სიახლეები

„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

29.12.2015 • 3645
„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

29 დეკემბერს, საზოგადოების ნაწილი ძველი ბულვარის იერ-სახის დასაცავად ისევ გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები  ხელისუფლებას სთხოვენ შეაჩერონ ბულვარში დაწყებული ცვლილებები და ბულვარს ისტორიული სახე შეუნარჩუნონ.

აქციის დასაწყისში მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა არჩილ ხაბაძის, დავით ბალაძის, ავთანდილ ბერიძის, დავით ბაციკაძის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის  ფოტოები მოიტანეს და ბულვარის გადათხრილ ნაწილში ჩაარჭეს.

„ჩვენ არ მოგცემთ ამ პროცესის პოლიტიზირების უფლებას, ეს არის საზოგადოების პროტესტი და პოლიტიკურ ძალებს აქ არაფერი ესაქმებათ“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„ეს აქცია არის აპოლიტიკური და ასეთი რამ აქ აღარ დავინახოთ, მოკიდეთ ხელი მაგ სურათებს და გაბრძანდით აქედან“- უთხრეს აქციაზე პლაკატების ავტორებს.

აქციის მონაწილეებმა ნიჩბებით ბულვარის სავალ ნაწილზე დაყრილი მიწა და ქვის ფილები სიმბოლურად აყარეს.

„ჩვენ სიმბოლურად ვიღებთ ამ მიწას აქედან, იმიტომ რომ მოუსმინოს ხალხს ჩვენმა ხელმძღვანელობამ და გააკეთოს ის რასაც ვთხოვთ, დაგვიტოვონ ბულვარი თავდაპირველი სახით. კარგია, რომ აკეთებენ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და კანალიზაციას, მაგრამ ძველი იერს-სახე ბულვარს არ შეუცვალონ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აკაკი ძნელაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, მან საზოგადოების ერთი ჯგუფი აჭარის მთავრობას შეახვედრა:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს მე შევახვედრე რაულ ფატლაძე, ირაკლი შანავა, ლევან წულუკიძე, ბაჩუკი ჩხეიძე. მე და მირანდა ჩარკვიანიც ვიყავით შეხვედრაზე.შეიქმნება კომისია სადაც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები და გააკონტროლებენ ბულვარის კონცეფციას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ძნელაძე.

აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ სამომავლოდ ის ბულვარის კონსერვაციის მომხრეა, თუმცა განვითარება უნდა მოხდეს.

„კონცეფცია მიიღება ისეთი როგორიც აწყობს ბულვარს, აწყობს ბათუმელებს და იმ ადამიანებსაც ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს ცვლილების გამო. კონცეფცია შემუშავდება, მთავარია მივიღოთ ბულვარის „კონსტიტუცია“ და აქედან გამომდინარე მოხდეს ბულვარის განვითარება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით“ – ამბობს ის.

„არანაირ დათმობაზე ჩვენ არ წავალთ, ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას. ერთადერთი, კომისიაც რომ შეიქმნას იქ ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს და პრივილეგია უნდა ჰქონდეს ჩვენს ხმას და არა ხელისუფლების ხმას“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, დავით თოფურიძემ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელება, სანამ ხელისუფლება საზოგადოების აზრს არ გაითვალისწინებს.

ძველი ბულვარის თემას ბათუმში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეხმაურება, შეიქმნა რამდენიმე გვერდი, ასევე, საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, ავრცელებს პეტიციას, რომლის ხელმომწერებიც მოთხოვნებს ხუთ პუნქტად აყალიბებენ, მათგან უმთავრესი მოთხოვნაა მთავრობამ ძველი ბულვარის იერსახე შეინარჩუნოს და წარმოდგენილი კონცეფცია ქალაქის სხვა ადგილას, ახალ ბულვარში განახორციელოს. პეტიციას ერთი დღის მანძილზე 1600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: