მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ

29.12.2015 • 3128
აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.

აჭარის მთავრობას [ძირითადად, ფინანსთა და ეკონომიკის სმინისტროს] მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ოპოზიციური ფრაქციის შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხებს:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: აჭარის ავტონომოიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს საშემოსავლო გადასახადის სახით ჯამში 25 მლნ ლარამდე თანხა გადაეცათ. ამავე დროს, მათ შეუმცირდათ გათანაბრებითი ტრანსფერები. აჭარის არ-ის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი ამ ცვლილებების ხარჯზე საკმაოდ სოლიდური თანხა დააკლდა. ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ დანაკლისის კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მლნ ლარის ოდენობით, რაც პირდაპირ შეიძლება მიიმართოს ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპის განსახორციელებლად.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო [მთავრობა]: გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი მოცულობა 2015 წელთან შედარებით შემცირებულია 4,7 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს 2016 წელს დამატებით გამოეყოფა 20 მილიონი ლარი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2015 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან იზრდება 10 მილიონი ლარით.

ენმ: საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 2016 წ.-ის პროექტში, 2015 წ.-ის გეგმასთან მიმართებით 140 000.0 ათას ლარამდე შემცირდა  147 000.0 ათასი ლარიდან. გასაგებია, რომ ამ გადასახადის ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაუნაწილდათ, თუმცა მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ზრდისა და „საინვესტიციო ბუმის“ ფონზე, პროგნოზი დამაჯერებლად და საიმედოდ მაინც არ გვეჩვენება.

მთავრობა: როგორც თქვენთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადის გადანაწილების ახალი წესის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი გადანაწილებულია რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის, რაც შეადგენს 25 მლნ ლარს, შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი მცირდება, მცდარია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის მოცულობა აჭარაში შეადგენს 165 მლნ ლარს.

ენმ: ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ სოლიდური ნაშთია, რომელიც დეტალურ განმარტებებს საჭიროებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს არასწორი დაგეგმარების ბრალია, მთავრობის უუნარობის, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზებით.

მთავრობა: ფინანსური აქტივებში გათვალისწინებული ნაშთი ძირითადად წარმოადგენს  შემოსულობების გადაჭარბებას, ასევე უმნიშვნელო თანხა 6 მლნ ლარამდე წარმოადგენს გარდამავალ პროექტებს.

ენმ: ძალიან ცუდ პრაქტიკად დამკვიდრდა ბოლო წლების განმავლობაში ის, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფლანგის დეპუტატები ჩართულები არ არიან. ასევე, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დაგეგმარებისა და განხილვების პროცესებში არ არიან ჩართულები მაჟორიტარი დეპუტატები.

მთავრობა: საბიუჯეტო პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ გამჭვირვალედ, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის N212 განკარგულებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესით“, რომელშიც გაწერილია ვადები, ხორციელდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მომდევნო წლების ბიუჯეტების საჯარო განხილვები, რომელზედაც დასწრება თავისუფალია. შესაბამისად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საბიუჯეტო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ოპოზიციური ფლანგის დეპუტატთა ჩართულობაზე.

ენმ: გამომდინარე იქედან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის  ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობით არ დამტკიცებულა და საკანონმდებლო პროცედურები დაირღვა, მიგვაჩნია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოს დაფინანსებისათვის ნაცვლად 4 957.0 ათასი ლარისა, შენარჩუნებული უნდა იქნას 2015 წ.-ის დამტკიცებული გეგმა – 4867.5 ათასი ლარის ოდენობით.

მთავრობა: 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებისას უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო ასიგნების პროექტი განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადის მიხედვით.

ენმ: ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამის ბიუჯეტი 190.0 ათასი ლარიდან 410.0 ათას ლარამდეა გაზრდილი, რაც საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. პირველ რიგში, აუცილებელია 2015 წ.-ს განხორციელებული პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

მთავრობა: 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  • ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
  • ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოება – 110000 ლარი;

ჯამი – 190000 ლარი. შესაბამისად განხორციელდა:

  • ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – რომელიც მიმდინარეობს 2015 წლის ბოლომდე.
  • ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოების ფარგლებში განხორციელდა, აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების კვლევა (ტურისტთა განთავსების ობიექტების საბაზისო კვლევა წარმოადგენს აჭარის ა.რ.-ის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების აღწერას. საბაზისო კვლევის შედეგების მიხედვით მოხდა რეგისტრირებული სექტორის ბაზის ფორმირება ბაზრის მომდევნო კვლევებისათვის (გათვალისწინებულია 2016 წლის პროგრამით), კერძოდ,  საბაზისო კვლევის მონაცემების საფუძველზე აეგო ბაზრის სტრატიფიცირებული შერჩევა, განისაზღვრა შერჩევის მოცულობა და სტრატებს შორის შერჩევის მოცულობის გადანაწილება).
  1. 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებები:
    • ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე) – 115000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არარეგისტრირებული და ფიზიკურ პირად რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევა – 75000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 140000 ლარი;

ჯამი – 410000 ლარი.

მიმდინარე წელს (2015წ.) ჩატარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევის საფუძველზე 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიების „ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე)“  ღირებულება შემცირდა 100000 ლარით და დარჩა 15000 ლარი, რაც აისახება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში და შესაბამისად ქვეპროგრამის ბიუჯეტი იქნება 310000 ლარი.

ენმ: ყურადღებას იპყრობს ასევე ის საკითხი, რომ მიუხედავად ბათუმის ბულვარის მესაკუთრისთვის გადაცემის შესახებ თითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა, ბათუმის ბულვარის მართვას (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2016 წლის პროექტის მიხედვით) 2019 წლამდე კვლავაც აჭარის არ-ის მთავრობა გეგმავს (სსიპ ” ბათუმის ბულვარი”. მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხებიც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

მთავრობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მუშაობა ბულვარისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე – ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიებების განხორციელება და ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

ენმ: მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის  სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. წარმოდგენილ პროექტში მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება.

მთავრობა: „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2014 წლის 20 მაისს, შეიქმნა პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია. კომისიის მიერ მიღებულ იქნა მოქალაქეების განცხადებები და მომზადებულ იქნა 188 ბენეფიციარისაგან (რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი) შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. აღნიშნული რეესტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის 4 ივლისს გადაეგზავნა სს ლიბერთი ბანკს, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის პროგრამის ფარგლებში სს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე (163 ბენეფიციარი) სესხის გაცემა.

„მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 000 000 ლარი. მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი (სს ,,ლიბერთი ბანკის’’ მიერ გაცემული სესხის ოდენობა), ხოლო სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის 1 დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი.

2016 წლის და შემდგომი წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას თანადაფინასნების თანხები შემდეგნაირად: 2016 წელი 672 000 ლარი, 2017 წელი – 640 000 ლარი, 2018 წელი – 553 000 ლარი.

ენმ: თუკი მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ 2019 წლის ჩათვლით დააფინანსოს საგამომცემლო საქმიანობა (კერძოდ: გაზეთები „აჭარა“ და „ადჟარია“), მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შემდგომ განვითარებაზეც და ის თანხა, რაც „მუდმივას“ სახით არის გაწერილი ამ პროგრამისთვის (223 760 ლარი 2016-2019 წ.წ.-ებში) უნდა გაიზარდოს თუნდაც იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს იქ დასაქმებულთა მიზერული შრომის ანაზღაურების ზრდა.

მთავრობა: აღნიშნული  კუთხით საბიუჯეტო ასიგნების ზრდა განხორციელდა 2015 წელს. შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ თანამშრომელთა ხელფასების ზრდა შესაძლებელია მოხდეს კომპანიის საკუთარი შემოსავლების მატების ხარჯზე, რაც საწარმოს კოლექტივის შემდგომი მუშაობის მოტივაციის გაძლიერების საფუძველია.

ენმ: პროგრამით ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ გასულ წელს 313 მასწავლებლის გადამზადება დაფინანსდა სხვადასხვა საგნებში. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წ.-ის ჩათვლით სტაბილურად უცვლელია და 1 091.394 ათას ლარს შეადგენს. მიგვჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მთიან რეგიონებს არ ყოფნით კვალიფიციური პედაგოგები, საჭიროა მეტი მასწავლებლის გადამზადება და პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მოთხოვნილება მასწავლებელთა გადამზადებაზე, ამიტომ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული რესურსი საკამარისია მაქსიმალური რაოდენობის მასწავლებელთა გადამზადებისათვის და მოქალაქეეთა უცხო ენების შესწავლისთვის.

ენმ: უკვე მესამე წელია, მოსახლეობის მომართვების საფუძველზე, ჩვენ მუდმივად მოვითხოვთ ხულოში პანსიონის ამოქმედებას. მიუხედავად მისი საჭიროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული არაერთგზის დაპირებისა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები დღემდე არ გამოინახა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ბიუჯეტში ამ საკითხის გათვალისწინებას.

მთავრობა: ხულოს მუნიციპალიტეტში საპანსიონო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილია სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2016-2017 წწ. 2016 წელს განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი, ხოლო 2017 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და პანსიონის ინვენტარით აღჭურვა.

ენმ: მუზეუმებისა და გალერეების განვითარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე მუზეუმს, მაგრამ სამწუხაროა, რომ კვლავაც ვერ ხერხდება ახალი მუზეუმების გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების საქმეში და გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე გაურკვეველია ცვილის მუზეუმის შემდგომი ფუნქციონირების, შენობისა და ექსპონატების ბედი.

მთავრობა: 2016 წელს დასრულდება ახალი “ბათუმის მუზეუმის” მშენებლობა,  სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების 80%-ი შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოები დაგაგემილია 2016 წელს. ხოლო, რაც შეეხება ცვილის მუზეუმს შენობა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებაა. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული დაპირებით  მიმდინარეობს მოლაპარაკება შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით.

ენმ: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამაში არ არის გათვალისწინებული სახელოვნებო და სკოლისგარეშე დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ზრდა. ჩვენი აზრით, ამ ადამიანებს ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვს და თუ წინა წელთან შედარებით ვალუტის კურსის ცვლილებას და ლარის მსყიდველობითუნარიანობას გავითვალისწინებთ, მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ვფიქრობთ, რომ დროა სამინისტრომ მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იფიქროს. მოვითხოვთ, რომ სამთავრობო უწყებებში სახელფასო დანამატების შემცირების ხარჯზე მოხდეს მათი შრომის ანაზღაურების ზრდა, მინიმუმ 20%-ით მაინც.

მთავრობა: მიმდინარე ეტაპზე არ იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა.

ენმ: აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების  პროგრამაში სასურველია შევიდეს ცვლილება და  დაფინანსდეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზე, ან გამოინახოს სახელმწიფო საკუთრებაში უკვე არსებული შენობა და მოხდეს მისი სათანადო რეაბილიტაცია. ეს პრობლემა უკვე წლების განმავლობაში დგას სტუდენტების და მოწვეული ლექტორ-მასწავლებლების  წინაშე და კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმ ფონზე, როდესაც დაიგეგმა უნივერსიტეტის მწვანე კონცხზე არსებული კორპუსის გაყიდვა.

მთავრობა: დღეისათვის არსებული საერთო საცხოვრებლის შენობა მდებარეობს მწვანე კონცხის დასახლებაში, რაც მნიშვნელოვნად დაშორებულია სასწავლო კორპუსებს, გარდა ამისა საცხოვრებლის მიმდებარედ არ არსებობს რაიმე საქალაქო ინფრასტრუქტურა (მარკეტი, საქალაქო ტრანსპორტი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საცხოვრებელ პირობებს. ფართის, ან შენობის გამოყოფის შემთხვევაში უნივერისტეტი 2016 წლის  ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელებს სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.

ენმ: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები აუცილებელია ისე დაიგეგმოს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესმა სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს. მიგვაჩნია, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციას, პროგრამაში გათვალისწინებულის გარდა, საჭიროებს: დანდალოს, ზედა და ქვედა კვირიკეს, დაგვის, კონდიდის, ინწკირვეთის, მაწყვალთის, ცინარეთის, გოგინაურის, შუბნის, დაბა შუახევის საჯარო სკოლები.

მთავრობა: პროგრამაზე ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება”  აღნიშნული შენიშვნებიდან 2016 წელს გათვალისწინებულია კვირიკეს N1 (ქვედა) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მაწყვალთის სკოლის მშენებლობისათვის პროექტის  და ცინარეთის სკოლის პროექტის შესყიდვა; რაც შეეხება ზედა კვირიკეს, დაგვას, კონდიდს, ინწკირვეთს, გოგინაურისა და შუბანის საჯარო სკოლებს, მათი სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო საკითხები განიხილება სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით;

დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაზე მისაღებია გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის,  მის აშენებაზე ან რეაბილიტაციაზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ, რის შემდეგაც განისაზღვრება სამუშაოების ჩატარების თარიღი.

ენმ: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ცხრილებს შორის შეუსაბამობაა. მაგ: მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, 2016 წ.-ს დაგეგმილია 0 ერთეული ტექნიკის შეძენა, ხოლო ფინანსურ გეგმაში გამოყოფილია 1 მლნ ლარი ამავე მიზნისთვის. აქვე, გზების რეაბილიტაციის მუხლში 2017-2019 წ.წ.-ებში სამუშაოების მოცულობა იგივეა, შესაბამისი ფასები კი – გაზრდილი. იმედია, უწყების მესვეურები ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემას არ ვარაუდობენ და პესიმისტური პროგნოზების დეკლარირებას არ ახდენენ ამ განაცხადით.

მთავრობა: შენიშვნა გათვალისწიებულია,  გამოსწორებულია ტექნიკური ხარვეზი, დეპარტამენტი გეგმავს 5 ერთეული ტექნიკის შეძენას.

ენმ: ბიუჯეტში ასევე აუცილებელია ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო 7 მლნ ლარის გათვალისწინება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქობულეთის სანაპირო ზოლის და ფიჭვნარის უნიკალური ტყე-პარკის შენარჩუნებისთვის.

მთავრობა: აღნიშნულ ღონისძიებას განახორციელებს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.

ენმ: მესამე წელია დაუსრულებელია გოდერძის სათხილამურო ბაზა. კურორტ ბეშუმში მოუწესრიგებელია შიდა გზები და ინფრასტრუქტურა. ამ სამუშაოებისთვის დამატებითი თანხების მობილიზებაა აუცილებელი.

მთავრობა: სათხილამურო ბაზა ექსპლოატაციაში მიღებულია, რაც შეეხება კურორტ ბეშუმის შიდა გზებსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო თანხა გათვალსიწინებულია ხულოს მუნიციპალიტეტეზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.

ენმ: ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დააფინანსოს მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა. ამისთვის შემუშავებული უნდა იქნას მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე თუნდაც ქედის მიმართულებით დააფინანსებს აღნიშნულ მშენებლობას. ამისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა გახდება საჭირო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ხულოს ტურისტულ ზონამდე გაზსადენის მიყვანა. ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხით ამ დრომდე კომერციულ სექტორს ინტერესი არ გამოუხატავს, ამიტომ დროა ეს ფუნქცია მთავრობამ თავის თავზე აიღოს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მაღალმთიანეთში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, ტყის ჭრის შემცირებას და განსაკუთრებით ეფექტური იქნება მუნიციპალური ცენტრების, დაბების მოსახლეობისათვის, რადგანაც მათ განსაკუთრებით უჭირთ საშეშე მასალის მოძიება.

მთავრობა: არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნეს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები გაზით.

ენმ: ასევე გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსება, რაც რეგიონში მიწის პასპორტიზაციის საფუძველი გახდება.

მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული (აღრიცხულია) საჯარო რეესტრში, რომლის კორექტირების, გაყოფის ან გაერთიანების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს აზომვითი ნახაზების შესყიდვას, შემდგომში მისი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებები შეტანის მიზნით. ასევე, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 14 მარტის N5/5637 წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გამომდინარე აქედან 2007 წლის 24 ოქტომბრის საქართველო მთავრობის N233 დადგენილების საფუძველზე სამინისტრო ახორციელებს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსების განხორციელებას, სამინისტროს მხრიდან ვერ ჩაითვლება მიზნობრივ ხარჯად, ვინაიდან სამინისტროს კომპეტენციაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა, ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საპილოტე პროგრამას 10-მდე სოფელში საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, დაბა შუახევში), რომლის მიზანია უძრავი ქონების ინვენტარიზაცია და მათი საჯარო რეესტრში სამართლებრივი რეგისტრაცია. აღნიშნული საპილოტე პროგრამის დასრულებისა და გაანალიზების შემდეგ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე

ენმ: ყველასათვის ცნობილია ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებული ვითარება და პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპის კომისრის ანგარიშშიც კი მოხვდა მის მიერ ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ. ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იქ დასახლებულ ადამიანთა საცხოვრისითა და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროგრამა. ასევე უნდა გასაჯაროვდეს ამ პრობლემის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გაწეული სამუშაოები.

მთავრობა: აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის კომპეტენციიდან გამომდინარე განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.

ენმ: გამოვთქვამთ წინადადებას, რომ მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ ტრანსფერები სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის კომპენსაციების გაცემის მიზნით (მათ შორის 2012 წ.–ს დაზარალებულთა მიმართ).

მთავრობა: შენიშვნა გათვალისწინებულია, აღნიშნული კუთხით დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.

„ბათუმელები“ ცალკე შემოგთავაზებთ ენმ-ს შენიშვნებს რეგიონში ეკომიგრანტების, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის კუთხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: