სიახლეები

მირანდა ჩარკვიანი: სააგენტომ ბიზნესი პარტნიორად უნდა აქციოს

20.06.2015 • 2275
მირანდა ჩარკვიანი: სააგენტომ ბიზნესი პარტნიორად უნდა აქციოს

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კიდევ ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა იგეგმება. განიხილება ბარათაშვილის #24 მდებარე ორსართულიანი სახლის ადგილას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის საკითხიც. ამ საკითხების ფონზე კვლავ გაურკვეველია, რა ბედი ელის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას ევროპის მოედანზე და კაფე „რვაფეხას“ ბულვარის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი მაღლივი შენობა ბათუმის ბულვართან

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩის #5-ში, შენობის დემონტაჟი მერიის ნებართვით მიმდინარეობს. ამ ადგილას დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობა უნდა აშენდეს. საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განცხადებას, რომლითაც კომპანიამ ბათუმის მერიას მიმართა, აჭარის მთავრობის შუამდგომლობა ახლავს K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი შუამდგომლობის შემთხვევაში კომპანიების მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის კმაყოფილდება, ყოველ შემთხვევაში, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა მთავრობის შუამდგომლობით შესული საკითხი ქალაქის მერიას დადებითად არ გადაეწყვიტოს.

ნინოშვილის #5-ში დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობის აგებაზე ნებართვის საკითხს აჭარაში ორი სახელმწიფო უწყება წყვეტს: ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

„…ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ცათამბჯენი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ბათუმის ბულვარს და ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტების დასვენებისა და შეხვედრის საყვარელ ადგილს ერთი შენობის ეზოდ აქცევს… ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი განაშენიანება 130 წლის წინ დაიწყო. ადგილი, სადაც ამჟამად მშენებლობა იგეგმება, ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს შეიძინა ბულვარის გასაფართოებლად, შესაბამისად, ბათუმის ბულვარი პირველ რიგში ბათუმელების, თითოეული ჩვენგანის საკუთრებას წარმოადგენს.

…მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ბათუმში თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გამოჩენას და განვითარებას, ბათუმელების დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არა ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ბათუმის ბულვარის განადგურების ხარჯზე…“ – ეს ტექსტი 2011 წლის აპრილში გამოქვეყნდა და ბათუმში მცხოვრებლებს ბულვარის დასაცავად მოუწოდებდა იმ დროს, როცა ბულვარში, ზუსტად ნინოშვილის #5-ის წინ, ბულვარის ტერიტორია გაიჩეხა და აქ ბიზნესცენტრის, მოგვიანებით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის აგება დაიწყეს.

ბულვარის დასაცავად მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი მირანდა ჩარკვიანი იყო, რომელიც ახლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად სააგენტოში იმ საბჭოს ხელმძღვანელიცაა, რომელმაც ბულვარის წინ, ნინოშვილის #5-ში, მაღლივი შენობის პროექტის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

საბჭოს პროექტი ჯერ არ განუხილავს, თუმცა მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს შემთხვევა განსხვავებულია, რადგან შენობა უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე არ უნდა აიგოს: „განსხვავება ძალიან დიდია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბულვარის ტერიტორია იყო, გამწვანებული ხეებით, ეს ტერიტორია კი განაშენიანებულ ზონაშია. ეს არ არის დაუსახლებელი და მწვანე ზოლი და ამიტომ ამ კონტექსტში ვერ გავნიხილავთ. ეს არის ბულვარისპირა, განაშენიანებული ზოლი და უნდა წავიკითხოთ როგორც ბულვართან კონტექსტში მყოფი არქიტექტურა და არა როგორც ბულვარი“.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამჟამად საკითხის განხილვა შეჩერებულია, სააგენტოს ნინოშვილის #5-ის გვერდით სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი თქმით, ნინოშვილის #5-ში დემონტაჟის შედეგად მათი სახლი ზიანდება. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესები შეისწავლეს, დემონტაჟის პროცესს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევიან.

კითხვაზე, აქვს თუ არა შენიშვნები სააგენტოს ბულვართან [რომელიც თავის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კანონი იცავს მის მიმდებარე ტერიტორიასაც] ახლოს დაგეგმილი შენობის სიმაღლესთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ სააგენტოს თემა არ არის, რადგან ქალაქის განაშენიანება სხვა რეგულაციებითაც რეგულირდება.

„ჩემი სახლიდანაც ჩანდა მთები, ძალიან კარგი პეიზაჟი მქონდა. ურბანული განაშენიანება მოხდა და ახლა ჩანს სახლები. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, როცა აივანზე ვიჯექი და მთებს ვუყურებდი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ვცხოვრობ ქალაქის ცენტრში და ყველაფერი ერთად: ზღვაც, მთაც და ურბანული განაშენიანებაც ცოტა რთული ფუფუნებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემონტაჟმა არ დააზიანოს ძეგლი [გვერდით მდებარე შენობა] და მეორე – უნდა ნახონ ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტეტორებმა, ეს არქიტექტურა ამ ძეგლის გვერდით როგორ გამოჩნდება. იქნება ეს მისთვის ფონი, რომელიც უკეთესად გამოაჩენს, თუ პირიქით. მე მინდა, რომ ბულვარში, ძველისა და ახლის მონაცვლეობაში აქცენტები იყოს ძეგლებზე დასმული, ჩანდეს ძველი არქიტექტურა. საბოლოო ჯამში, პროფესიონალების აზრს დავეყრდნობი.“

ძეგლის სტატუსის გარეშე – ბარათაშვილის #24

თითქმის გადაწყვეტილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის ბედი ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #24-ში. ამ ადგილას კომპანია „დარ ბილდინგი“ გეგმავს შვიდსართულიანი სახლის აგებას. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიის წინადადება პირველ სტადიაზე, რაც ქალაქმშენებლობის პირობების დადგენას, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას გულისხმობს, უკვე განიხილა.
ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთნ არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა. 2014 წლის 3 ივნისს გამართულ სტრატეგიული სექციის სხდომას 5 წევრი ესწრებოდა. სპეციალისტებმა ხელოვნებათმცოდნე ს. სანიკიძის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით დაადგინეს, რომ ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობა ძეგლის სტატუსს იმსახურებდა. ოქმში ვკითხულობთ: „მიეცეს რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად~ [ბ. მაცაბერიძე], მიეცეს დადებითი შეფასება [გიორგი გაგოშიძე], პროექტს დადებით შეფასებას ვაძლევთ [დავით ხოშტარია], ღირებული არქიტექტურაა, თავისი ეპოქის არქიტექტურული ღირებულებით [გია ჭანიშვილი], გასაძეგლებელია – ნიკო ზაზუნაშვილი. ოქმის ბოლოს შეფასებაში ვკითხულობთ: „დაადგინეს: ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქ. #24-ში მდებარე ნაგებობას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.“

ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო


2014 წლის ბოლოს კი თბილისში ახალი სხდომა გაიმართა, რომელსაც კახა ტრაპაიძე, გიორგი გაგოშიძე, გია ჭანიშვილი, ნიკოლოზ ზაზუნაშვილი და თემურ ბიბილური ესწრებოდნენ. სხდომამ ხელახლა განიხილა საკითხი და ამჯერად ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის მიერ მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა/ძეგლის ბარათი გაითვალისწინა: „ვითვალისწინებ ქალბატონი ანდრონიკაშვილის დასკვნას, „უარი ეთქვას…“ და საბოლოო რეკომენდაცია: „ნაგებობას არ მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.“

პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა. კითხვაზე, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება სააგენტოს საბჭომ, სააგენტოს იურისტმა, თეა ონიანმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ შენობის მფლობელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს და წარადგინა დასკვნა, რომელიც კომპეტენტური პირის მიერ იყო მომზადებული. მიუხედავად ინტერესთა აშკარა კონფლიქტისა, სააგენტომ სწორედ მეორე დასკვნა გაითვალისწინა.

ორივე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბარათაშვილის #24-ში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-ათვისება ახალი მშენებლობით მხოლოდ ბათუმის ისტორიული ცენტრის მასშტაბში არსებული სართულიანობისა და არქიტექტურული რიტმის შენარჩუნებით უნდა მოხდეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ საკითხის განხილვას, მიუხედავად წინაპირობისა, აზრთა სხვადასხვაობა არ მოჰყოლია. 25 მაისს საბჭოზე განხილულ საკითხს – ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას დამსწრე ხუთი წევრიდან ოთხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელმაც.

„რომ მინიჭებოდა სტატუსი, მე მოხარული ვიქნებოდი, ნამდვილად არის საინტერესო ნიმუში. რადგან სტატუსი ამ სახლს არ იცავდა, საკითხი მოვნიშნე როგორ: თუ ამაზე ეტყვი უარს განმცხადებელს და თან არასაკმარისად დასაბუთებულს, აუცილებლად წავა სასამართლოში და მოგიგებს ამ პროცესს. იმ ფონზე, როცა სააგენტომ თქვა, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კიდევ ერთი კოზირია ამ შემთხვევაში დამკვეთის მხარეს. ამიტომ წაგებულ თამაშს მე ვამჯობინე, რომ შევხედავ წარმოდგენილ პროექტებს და თუ მათ შორის რომელიმე იქნება ისეთი, რომ ჩავთვლი, უკეთესი გაკეთდა არა უარესი, მივიჩნევ, რომ ძალიან არ დამიშავებია. ჯერჯერობით პროექტი არ არის დამტკიცებული, მხოლოდ პირველი ეტაპი გაიარა. არსებული მასშტაბი შევინარჩუნეთ, რადგან განიერი ქუჩაა და ის მასშტაბი იქ არსებობს. არქიტექტურა უნდა იყოს აუცილებლად კარგი“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის აგების წინააღმდეგი მხოლოდ სააგენტოს ყოფილი ხელძღვანელი, ამჟამად სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ბიძინა აფხაზავა იყო. „თავის დროზე ამ შენობისთვის ძეგლის სტატუსს ვითხოვდით. მოხდა ისე, რომ სტატუსი არ მისცეს და როგორ ვიტყოდი, ეს არ არის ძეგლი და დაანგრიეთ-მეთქი“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.

საკითხის განხილვისას სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი და სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზაურ ახვლედიანი. იგი მივლინებაში იმყოფებოდა. კითხვაზე, მისცემდა თუ არა ხმას ბარათაშვილის #24-ში ახალი, 7-სართულიანი შენობის აგებას, პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის, რადგან არ დასწრებია საკითხის განხილვას: „ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემა სწორია. რადგან, კომპეტენტური პირების დასკვნა ასეთი იყო. პირადი მოსაზრება ცოტა განსხვავებულია, მაგრამ მე იურისტი ვარ. ვფიქრობ, ეროვნული სააგენტოს იმ წევრებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რატომ არ მიანიჭეს შენობას ძეგლის სტატუსი, თუ კი დასაბუთება არ არის საკმარისი“.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ მერიაში საკითხის განხილვის პირველი სტადიის შემდეგ კომპანიას შენობის დემონტაჟის უფლება აქვს, მაგრამ პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს, რაც ბარათაშვილის #24-ის შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა. „მე ვფიქრობ, 7-სართულიანი შენობა არ იქნება აქ ურბანული ქსოვილიდან ამოვარდნილი და არ დაარღვევს ალბათ განაშენიანების ზოგად პრინციპებს, რომელიც იმ ადგილას არის“, – ამბობს ირაკლი ახალაძე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა 7-სართულიანი სახლის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდოს, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ბიუჯეტში შეიტანს თანხას [მსგავს პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ბათუმში მშენებელი კომპანიები], არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს არ მოხდება, რთულია.

კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახალი პოლიტიკა

„მე მგონია, რომ სააგენტომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან, თუ უნდა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უშველოს და გადაარჩინოს, რადგან ზუსტად ვიცით: ჩვენს სახელწიფოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 260 შენობას მოუაროს ბათუმში. აქედან დაახლოებით ათია ისეთი შენობა, რომელსაც არაფერი არ სჭირდება და რეაბილიტირებულია, დანარჩენი მეტ-ნაკლებად ყველა პრობლემურია. იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვუაროთ, დიდხანს არ გვექნება. დონორები ამ თემებში არ შემოდიან იმ დოზით, რომ ჩვენ დონორებზე გადავიტანოთ აქცენტი. ძირითად პარტნიორად ამ საქმეებში სააგენტომ ბიზნესი უნდა აქციოს“ – მიიჩნევს მირანდა ჩარკვიანი.

მირანდა ჩარკვიანი

მირანდა ჩარკვიანი


კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ბიზნესის პარტნიორად ქცევას სააგენტოს ხელმძღვანელი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღწერაში ხედავს. მირანდა ჩარკვიანი განმარტავს, რომ მალე ყველა ძეგლზე განახლდება აღრიცხვის ბარათი, შესწავლილი იქნება შენობა, მეპატრონეების რაოდენობა, ფართობი და ქულებით შეფასდება თითოეული ძეგლის მდგომარეობა. „თითოეული ქეისი შეგვიძლია ცალ-ცალკე დავამუშაოთ. არის შენობა, რომელიც იმდენად დასრულებულია, სივრცე მის ირგვლივ იმდენად შეკრულია, რომ არაფრის დამატების საშუალებას არ იძლევა. ასეთ შენობებზე ბუნებრივია სხვაგვარად უნდა იმსჯელო. როცა შენობას კარგი სოციალური ფონი აქვს, მათ მოვლა-პატრონობის კონტრაქტზე უნდა ელაპარაკო, თუ მთლიანად ვერ წევს ტვირთს [იქ მცხოვრები], თანამონაწილეობა სახელმწიფოსი იქნება, ვთქვათ ფასადზე, სახურავზე, სარეაბილიტაციო დეტალებზე. ბიზნესი უნდა დააინტერესო, სახელმწიფო უნდა იყოს მედიატორი ბიზნესსა და მოქალაქეს შორის და ზომიერი იყოს მოთხოვნები, რომ არსებული მდგომარეობით რეაბილიტირება მოხდეს. ბიზნესისთვის ეს შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად ანტიკვარიატი, ძვირადღირებული ქონება, როცა ის რესტავრირდება და აღდგება.“

რატომ უნდა იზრუნოს ამ თემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაც პირველ რიგში ძეგლის ინტერესების დაცვაა? მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ სააგენტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ძეგლის ინტერესს წაადგება: „სააგენტო უნდა ელაპარაკოს ყველას, ვისთანაც ლაპარაკი ძეგლისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. თუ ჩვენ გვექნებოდა ისეთი მოცემულობა, რომ ყველა წელს 5-10 მილიონი შეგვიძლია გამოვყოთ ძეგლებზე და ნელ-ნელა ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი არ გვექნებოდა შესახვეწი“ – ამბობს ის.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ განხილულა ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ყოფილ პირველ აფთიაქზე კომპანია „ჟასმინის“ პროექტი. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის „რვაფეხას“, ყოფილ კაფე „ფანტაზიას“ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის დასაცავად ბათუმში აქციაც გაიმართა. „ჯერჯერობით სიახლე არ არის. სააგენტოს კონსტრუქტორებისგან რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი რეაბილიტაცია და რეკოსტრუქცია. გადატანაც დაკავშირებული იქნება დიდ ფინანსურ ხარჯებთან, ამიტომ ეს ფაქტობრივად თავსატეხია, როგორც თვითმმართველობის, ისე რეგიონალური ხელისუფლებისთვის, სად და როგორ მოინახება საჭირო ფინანსები. ესეც იქნება ხანგრძლივი მოლაპარაკებების თემა, ვის რა ტვირთი შეუძლია აწიოს ან ვერ აწიოს, პრობლემური თემაა“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

სააგენტოს ხელძღვანელი ახლა მერიის ტენდერს ელოდება, სადაც გამარჯვებული კომპანია ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას ხელახლა, დეტალურად აღწერს. ეს პროცესი, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი, ბოლო ერთი თვის მანძილზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, სადაც სააგენტოში შესული პროექტები განიხილება, სამმა წევრმა: გიორგი რამიშვილმა, ზაზა ჩავლეიშვილმა და ბეგლარ კახიძემ დატოვა. ზაზა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ უბრალოდ როტაცია მოხდა და ამას სერიოზული მიზეზები არ უდევს საფუძვლად. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, გია რამიშვილი კი ამ თემაზე ვრცელი განმარტებისგან თავს იკავებს: „პირადი მიზეზების გამო, რთული ასახსნელია ეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა გია რამიშვილმა „ბათუმელებს“. განახლებული საბჭოს წევრების სია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სააგენტომ უკვე გადაგზავნა: საბჭოს ახალი წევრი არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: