მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

28.12.2015 • 4599
ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
28 დეკემბერს ბათუმის სპორტსკოლაში, სპორტსკოლის დირექტორმა ირმა ნიჟარაძემ და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, თენგიზ მორჩილაძემ 2015 წელს მოპოვებული შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენ ქალად ფრენბურთელი ანა დიასამიძე დასახელდნენ.
სპორტსკოლის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ლევან შავაძე, საუკეთესო გუნდად კი ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები.
ანა დიასამიძე

ანა დიასამიძე

ანა დიასამიძე: „საერთოდ არ ველოდებოდი ამ ჯილდოს, ვაპირებ მეტ ვარჯიშს და მინდა უფრო დიდ წარატებას მივაღწიო. ოთხი წელი ვვარჯიშობ ფრენბურთში, ისე დავიწყე ვარჯიში არც ვაპირებდი გაგრძელებას. ჩვენი გუნდი, 2000-2001 წლიანების გუნდი ორჯერ, [შარშან და წელს] გახდა ჩემპიონი და იმედია კიდევ გავხვდებით“.
ანა დიასამიძეს ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშoს ტიტული აქვს მოპოვებული.
ლაშა გობაძე არის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი „ა“ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული.
ლაშა გობაძე

ლაშა გობაძე

ლაშა გობაძე: „ამისთვის ვვარჯიშობდი და ეს იყო ჩემი სურვილი, რომ ჩემს რეგიონში, ჩემს საყვარელ აჭარაში მაინც მომეპოვებინა საუკეთესო სპორტსმენის წოდება.
როცა 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე იმედი არ მქონდა რომ მოვიგებდი, რადგან ოპერაცია მქონდა გაკეთებული და არ ვიყავი ფორმაში. რახან ამ მდგომარეობაში შედეგს მივაღწიე, ვირწმუნე საკუთარი თავის – რომ უფრო კარგად თუ ვივარჯიშებდი უფრო კარგ შედეგს მივაღწევდი. ამან დიდი სტიმული მომცა.
ინტენსიურად დავიწყე ვარჯიშები, შემდეგ გავიმარჯვე ირანში, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ საქართველო და დავდექი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც გამოცდილ მწვრთნელებს არ დაუკლიათ ჩემთვის ყურადღება, შედეგი რომ გამეკეთებინა.
წინ არის ოლიმპიური წელი, სადაც მაქვს რეალური შანსი რომ ვიასპარეზო და მივაღწიო უფრო დიდ წარმატებას, ვიცი დიდი შრომაა საჭირო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“.
ბათუმის სპორტსკოლის კიდევ 21 სპორტსმენი, და კიდევ 16 მწვრთენლი დაასახელეს საუკეთესოდ. მათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს. ასევე გამოავლინეს საუკეთესო გუნდები: ბალახის ჰოკეის ვაჟთა ნაკრები გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული და 2003 და 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები გუნდები კალათბურთში. 2003 წლიანთა გუნდმა 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა, 2004 წლიანთა გუნდი კი საქართველოს პირველობის მედალოსანი და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.
სპორტსკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე 2015 წელს წარმატებულად აფასებს:
„ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია 307 მედალი. საერთო ჯამში კი 97 სპორტულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.  გვყავს მსოფლიო ჩემპიონები ახალგაზრდებში, ევროპის ჩემპიონები, ევროპის პრიზიორები, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები, პირველობაში გამარჯვებულები. მომავალ წელს ველოდებით რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებები და დიდი გამარჯვების წელი იქნება“.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად 2015 წელს ბათუმის სპორტსკოლის სპორტსმენებმა ჯამში 307 მედალი მოიპოვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 46 მედლით ნაკლებია. აქედან 117 ოქროს მედალი, 99 – ვერცხლის და 91 – ბრინჯაოს. 2014 წელს სპორტსმენებმა 136 ოქრო, 104 ვერცხლი და 113 ბრინჯაო მოიგეს, საერთო ჯამში  კი 353 მედალი.
სპორტული სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი მედალი ისევე, როგორც 2014 წელს (სულ 131 მედალი), წელსაც (სულ 69 მედალი) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს აქვთ მოპოვებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: