მთავარი,სიახლეები

ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

22.12.2015 • 5205
ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

დავით მამულაძე, აჭარის მეწარმეთა კავშირის თანათავმჯდომარე, კაფე „მწვანე ბარის“ მეპატრონე

„მწვანე ბარი“ ბულვარის სანაპირო ზოლში 25 წლის წინ გავხსენი, ეს ერთ-ერთი პირველი კერძო კაფე იყო დამოუკიდებელ საქართველოში. თუმცა გასულ კვირას ბულვარში მდებარე კაფეების მფლობელები არ მივუწვევივართ მთავრობას ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვაზე. ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ძველ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ მინდა, რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა და ამით ერთგვარად იმ მეწარმეების შეშფოთება გაგიზიაროთ, რომლებსაც კაფე აქვთ ბულვარში, ასაქმებენ ადამიანებს, არიან პატიოსანი გადამხდელები და იმსახურებენ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, ჩართულნი იყვნენ პროცესში.

დავით მამულაძე

დავით მამულაძე

პირველ რიგში, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია. რატომ არ შეიძლება ბულვარი ძველი სახით დარჩეს?! ის იმიტომ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ ძველია, ისტორიაა. ხომ შეიძლება ახალი კონცეფციით განვითარდეს ახალი ბულვარი და ძველი ბულვარი, რომელიც ბათუმისა და მთელი საქართველოს განძია, ძველი სახით შევინარჩუნოთ?!

25 წლის მანძილზე ჩემ თვალწინ უამრავმა რამემ ჩაიარა, სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვა დროს ექსპერიმენტის ადგილად აქცევდა ბულვარს, თუმცა შევძელით და აქამდე მოვედით, არ მოგიყვებით რა ნერვების ფასად.

160 კვადრატია ჩემი კაფე, მუშაობს სეზონურად. სამი წელი ვიყავი დამატებითი ღირებულების გადამხდელი, ეს არაფერს ამბობს?! მე და სხვა კაფეების მფლობელებმა ყველანაირი სირთულე გადავიტანეთ: ომი, გაზრდილი საბანკო პროცენტები, კრიზისი… ომის დროსაც, ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, ჩვენ ყველა გადასახადი გადავიხადეთ, არ გვითქვამს უარი სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებაზე და ასე მოვედით დღემდე. მიგვაჩნია, რომ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა თავის დროზე ტურისტების მოზიდვაში, პატიოსნად ვიმუშავეთ და ჯოხს და უყურადღებობას ნამდვილად არ ვიმსახურებთ.
ახლა მეწარმეებს აქვთ შიში, ყველა ელოდება კატასტროფას.

ჩემს კაფეში ყოველ სეზონზე ვასაქმებ 15 ადამიანს. ისინი იმდენს შოულობენ სეზონზე, რომ ზამთარში მთელი ოჯახი დაპურებული ჰყავთ. ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა არ არის მნიშვნელოვანი?! არ შეიძლება ადგილობრივ მეწარმეებს მხოლოდ გადაწყვეტილების წინაშე ვაყენებდეთ ისე, რომ არაფერს ვეკითხებოდეთ, მათ აზრს არ ვისმენდეთ, ასე საშუალო ფენა ქვეყანაში ვერ შეიქმნება.

რაც შეეხება კომპენსირების თემას, რადგან ითქვა, რომ გაიცემა კომპენსაცია მეწარმეებზე, რომლებსაც კაფე-ბარები აქვთ ბულვარში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ კომპენსირება იქნება რეალური. თუ სახელმწიფო ფიქრობს დასაქმებულ ადამიანებზე, მაშინ ისეთი კომპენსაცია უნდა მოგვცენ, რომ მინიმუმ 15 ადამიანის დასაქმება ისევ შემეძლოს.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. გაზაფხულზე თუ გადათხრილი ბულვარი დახვდებათ ტურისტებს, ძალიან ბევრ ტურისტს დავკარგავთ. ისიც უნდა გათვალოს მთავრობამ, რომ შუა ზაფხულში არ მოუწიოს სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ისეთი პერიოდებიც შეგვხვდა, რომ აგვისტომდე სამუშაოები მიდიოდა ბულვარში. თუ წელსაც ასე მოხდა, ჩავთვალოთ, რომ ტურიზმი არ განვითარდება.

თუ მთავრობა აკეთებს ბულვარის რეკონსტრუციას და ახალი გეგმები აქვს, ხომ შეიძლება ჩვენ, მეწარმეებსაც მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ თვითონ შევძლებთ ობიექტების იმ ფორმაში მოყვანას, რაც აქვთ გეგმაში.

და ბოლოს, ბათუმი არის ქალაქი, სადაც მთავარია ზღვა, ბულვარი და რამდენიმე ქუჩა. ჩემთვის ბულვარში კაფე არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი. როცა კაფეს ვაშენებდით, შეგვეძლო 30-40 მეტრით დიდი ყოფილიყო ფართობი, მაგრამ მაშინ ხეების ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის. შვილივით ვუვლი ამ ხეებს, იქ ციყვები გვყავს, ყვავი, რომლებსაც სახელები აქვთ. თაობები გაიზარდა ჩემს კაფეში, ფაქტობრივად, ქალაქის 25 წლის ისტორიამ გაიარა აქ: ლიტერატურული კონკურსები, საქველმოქმედო საღამოები, „რა, სად, როდის“… მეტი რა არის ისტორია, თუ არა ეს?!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: