მთავარი,სიახლეები

როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი

21.12.2015 • 8662
როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი

ქართული თხილის წარმოება და საექსპორტო პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზარზე თხილის მოთხოვნამ დაინტერესება გაზარდა – მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. როდის უნდა დაირგოს თხილი, რომელი ჯიშის თხილის მოშენება არის რეკომენდებული და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ფერმერებმა თხილის ბაღების გაშენებისას? – ამ თემაზე ,,ბათუმელები“ აგრონომ ლევან ბერიძეს ესაუბრა.

ბატონო ლევან, როდის უნდა დაირგოს თხილი? რას ურჩევდით ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებისას?

თხილი შემოდგომაზე უნდა დავრგოთ, რადგან გაზაფხულზე მცენარე ადრე იღვიძებს, შემდეგ გვალვა უსწრებს და მცენარეს გახარება უჭირს. თხილი ნოემბრის 15 რიცხვიდან იანვრამდე შეიძლება დავრგოთ, მაგრამ, რადგან ჩვენთან შეიძლება იანვარში გათოვდეს, უმჯობესია ნოემბერში დავიწყოთ დარგვა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, მიწას, სადაც თხილი უნდა გაშენდეს, რა დანიშნულება ჰქონდა მანამდე, გამოიყენებოდა თუ არა და როგორ მუშავდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მიწა წლების განმავლობაში გამოუყენებელი და დაუმუშავებელი იყო, აუცილებელია ნიადაგი კარგად მომზადდეს: მოიხნას, დამუშავდეს და ისევ მოიხნას. ნიადაგის დამუშავების შემდეგ, იქ, სადაც თხილი უნდა ჩაირგოს, 60 სანტიმეტრი სიღრმისა და 50 სანტიმეტრი სიგანის ორმო უნდა გაკეთდეს და ფხვიერი მიწით, მინერალური და ორგანული სასუქებით შეივსოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რადგან მინერალური სასუქი ძნელად ხსნადია და ახალდარგული მცენარის ფესვთა სისტემა შეიძლება დაწვას. სასუქი ნიადაგში მცენარის დარგვამდე ერთი თვით ადრე უნდა იქნეს შეტანილი. რაც შეეხება ორგანულ სასუქს, ერთ ძირზე 6 კილოგრამი ორგანული სასუქის შეტანაა რეკომენდებული.
რა ინტერვალით შეიძლება თხილის დარგვა?

თხილის გასაშენებლად მიწის ნაკვეთი ფერდობზე იქნება თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნიადაგი კარგად მომზადდეს და ნერგი სიღრმეში დაირგოს.
ზოგადად, ცნობილია თხილის კვადრატული და წრიული გაშენება, მაგრამ დღეს უპირატესობას წრიულ გაშენებას ანიჭებენ. თხილის კვადრატული გაშენებისას ერთ კვადრატში 4 ძირი ირგვება, წრიული გაშენებით კი 6 ძირი. სპეციალურად მომზადებულ ორმოში ორი ძირი უნდა დაირგოს, ორიდან ერთი მაინც გაიხარებს. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი ჯიშის თხილი ერთ ნაკვეთზე გაშენდეს. მართალია, ერთ ნაკვეთზე სხვადასხვა ჯიშის თხილის დარგვა ჯიშთაცვლას არ იწვევს, მაგრამ თხილის მოსავლის შემდგომი დახარისხებისთვის არ არის ხელსაყრელი. ყველა სამრეწველო ბაღში აუცილებელია ველური ჯიშის, ანუ ე.წ. ტყის თხილის დარგვა, რადგან ამ ჯიშის თხილი დამტვერვას მაქსიმალურად ხელს უწყობს და ცრუ ნაყოფი აღარ ექნება მცენარეს.
თხილი ვეგეტატიურად ანუ ამონაყრით მრავლდება. შეიძლება ნაყოფით გამრავლებაც, მაგრამ ის არ იქნება მსხმოიარე, მინიმუმ ერთი წლის ნაზარდი ნერგი უნდა გადაირგოს, შესაძლებელია მეტისაც, მაგრამ გახარება რთულია.
 რომელი ჯიშის თხილის გაშენებას ურჩევდით ფერმერებს?

ჩვენს კლიმატურ პირობებში მაღალპროდუქტიული, მოთხოვნადი და ძვირადღირებული ანაკლიური ჯიშის თხილია, რომელიც მოსახლეობაში ბერძნულის სახელით არის ცნობილი. იგი საუკეთესოა როგორც ნაყოფით, ასევე ხარისხით და ადგილობრივ კლიმატს კარგად არის შეგუებული. გარდა ანაკლიურისა, კარგია გერასუნის ჯიშის თხილიც, მართალია, მისი ნაყოფი ანაკლიურ ჯიშთან შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ უხვი მოსავლით გამოირჩევა. თუ ბერძნული ჯიშის თხილის ერთ ბუჩქზე შეიძლება მივიღოთ 5-8 კილოგრამამდე მოსავალი, გერასუნი, კარგი მოვლის პირობებში, 15-კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ანაკლიური ჯიშის თხილზე მოთხოვნასა და სამრეწველო დანიშნულებას, უკეთესია ანაკლიური ჯიშის თხილის გაშენება.
დარგვის შემდეგ სჭირდება თუ არა განსაკუთრებული მოვლა თხილს?

შემოდგომასა და გაზაფხულზე თხილის ძირი პერიოდულად უნდა შემოიბაროს და ორგანული სასუქები შევიდეს. საჭიროა ზედმეტი ტოტების გასხვლა, სრულ მსხმოიარობაში მყოფ თხილის ბუჩქს 7-12 განვითარებული ტოტი უნდა ჰქონდეს, ზედმეტი კი უნდა გამოისხლას. გვალვაში საჭიროა მინიმუმ 2-3-ჯერ მორწყვა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზრდის პერიოდში. თუ არ მოირწყვება, არ ექნება სრული ნაყოფი. მაგალითად, წელს გვალვა იყო და ნაყოფმა გული ამიტომაც ვერ შეივსო.
რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია შხამქიმიკატების გამოყენება?

თხილს ბევრი დაავადება უჩნდება, მაგრამ ჩვენთან ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა თხილის ნაცარი  ნაცრისფერი ფიფქი მცენარეს ფოთლებზე, ყლორტებზე, ყვავილსა და ნაყოფზე უჩნდება. დაავადება ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, რაც ფოთლების გაყვითლებას იწვევს და საბოლოოდ მცენარის გახმობაც შეუძლია. მცენარე უნდა შეიწამლოს „კუმულუსით“, „ვივიანტით“ ან „სტრობით“. მცენარეს წამლობა გაზაფხულზე სჭირდება, ორჯერ სრულიად საკმარისია.
 თქვენ, როგორც სპეციალისტი, რა პრობლემას ხედავთ ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს?

იქედან გამომდინარე, რომ თხილზე დაინტერესება დიდია და მოსახლეობამ ბაღების გაშენება დაიწყო, პრობლემა შეიძლება შექმნას ნერგის ნაკლებობამ. მაგალითად, ქედაში არ არსებობს სანერგე მეურნეობები. აუცილებელია სანერგე მეურნეობების მოწყობა. რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას, სამინისტრო მაქსიმალურად დაინტერესებულია თხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობით – მოსახლეობას თხილის ნერგს თანადაფინანსებით აწვდის, რაც ძალიან კარგია. თხილის მოშენება თითოეული ფერმერის ოჯახზე აისახება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: