მთავარი,სიახლეები

მაღალმთიანი დასახლების საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდება

20.12.2015 • 2261
მაღალმთიანი დასახლების საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი დაამტკიცა. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გათავისუფლდება გადასახადებისგან. სტატუსის მინიჭების წესი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მთავრობის დადგენილებით, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან, თუმცა ასეთი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

განცხადება უნდა შეიცავდეს: პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი); საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში: განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით, ან უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ: მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და თუ მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.

მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება მეწარმე სუბიექტს და შემოსავლების სამსახურს.

მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის  წესიც დამტკიცდა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს კი შემოსავლების სამსახური აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: