ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე, კერძო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნებართვოდ, კანონდარღვევით, ორი კვირის წინ დაანგრია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაა ძეგლების დაცვა, სახლი დანგრევას ვერ გადაარჩინა, იმის მიუხედავად, რომ ნგრევა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. საქმეს პროკურატურა იძიებს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოსაც.

ბათუმში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის დანგრევას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ წელს, აპრილში გახდა ცნობილი. ამ სახლში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შპს „სლავა 2015“ მოელაპარაკა, სახლი მობინადრეებისგან დაცალა და დემონტაჟი მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო, რვასართულიანი კორპუსის ასაგებად.

ეჭვი, რომ კომპანიას უკვე ზეპირი შეთანხმება ჰქონდა მერიისგან და ამიტომაც დაიწყო სახლის დემონტაჟი, მაშინვე გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებს. მაშინ ამბობდნენ, რომ არა ზეპირი შეთანხმება, ქალაქის ცენტრში, სადაც ფასადზე კონდიციონერის მიმაგრებაც კონტროლდება, კერძო კომპანია სახლის დემონტაჟს ვერ გაბედავდა.

ვაჟა-ფშაველას #13

ვაჟა-ფშაველას #13

ბათუმის მერიამ მაშინ დემონტაჟი შეაჩერა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა კი ფეისბუქზე, ჯგუფ „ბათომში“, სადაც კულტურული მემკვიდრეობის თემატიკით დაინტერესებული ადამიანები წერენ, ჯგუფის წევრებს მიმართა, ერთად მისულიყვნენ და ადგილზე შეესწავლათ ვითარება.

სახლის დაცვას ორი გარემოება ართულებდა: პირველი ის, რომ სახლს არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი [ამ სტატუსს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ანიჭებს] და მეორე – სახლში მცხოვრებთა პროტესტი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია, მათ ინტერესებში იყო ამ ადგილას კორპუსის აშენება და ახალი ბინების მიღება.

ამ ამბიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, 7 ივლისს, ვაჟა-ფშაველს #13-ში მდებარე სახლს ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, ანუ მისი კულტურული ღირებულება და დაცვის აუცილებლობა აღიარა. ძეგლის სტატუსი საკმარისი უნდა ყოფილიყო სახლის დასაცავად, თუმცა ასე არ მოხდა. ივლისიდან ნოემბრამდე, ხუთი თვის მანძილზე, სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა. შპს „სლავას~ წარმომადგენელმა, მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან~ აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ ჰქონდა წაღებული და ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც იყო ინფორმირებული. „ჩვენ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არაფერს ვაკეთებთ“, – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა.

ნოემბრის ბოლოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ვინ არის პასუხისმგებელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი პროკურატურისთვის მიმართვას ამზადებს. საია იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რომელთაც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევაში მიუძღვით წვლილი. მიმართვაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხისმგებლობაზეც იქნება საუბარი, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ვერ უზრუნველყო.

„აქ იქნება ყველა იმ პირზე პასუხისმგებლობა, ვინც ვალდებული იყო დაეცვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ძეგლთან მიმართებაში გარკვეული ღონისძიებები, რაც იწვევდა მის დაზიანებას და ნგრევას. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ჩვენი ინფორმაციით, შემოიფარგლებოდა მხოლოდ გარკვეული სახის შენიშვნით და გაფრთხილებებით, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაიცვა?! სახეზეა არათანმიმდევრული მოქმედება სააგენტოს მხრიდან. გამოძიების ეტაპზე უნდა დადგინდეს, ეს გულგრილობა იყო თუ არა კულტურული მემკიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის განმაპირობებელი. გულგრილობას რომ ჰქონდა ადგილი, ეს სახეზეა, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი უკვე გამოძიებით უნდა დადგინდეს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

სანამ საია მიმართვას ამზადებს და მტკიცებულებებს აგროვებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე მიმართა პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ სააგენტომ ყველაფერი გააკეთა ძეგლის დასაცავად და მისი მისამართით კრიტიკა უსაფუძვლოა.

„260 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ბათუმში, მე არ მყავს ცოცხალი ძალა, რომ მესაკუთრეებისგან დასაცავად შენობებს დავუყენო დაცვა. ის, რომ ვიღაც ბულდოზერით მიადგა შენობას და გადაურა… თუ ვინმე მეტყვის, რომ ყოველდღე მკვლელობა რომ ხდება, რატომ წინასწარ თავს ვერ ვიზღვევთ და რატომ ვერ ვაკეთებთ ისე, რომ არ მოხდეს, ცოტა რთულია. დანაშაული ხდება ქვეყანაში და მოხდა დანაშაული. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მე ზუსტად ვიცი, გავაკეთე მაქსიმალური და რაც არ უნდა გამაკრიტიკონ, ის ცენზურა, რაც მე საკუთარი თავისთვის მაქვს, ამაზე მეტს ვერ ჩამირთავს ვერავინ. მე ძალიან ვბრაზობ იმ ადამიანებზე, ვინც ეს გააკეთა და ბოლომდე მივყვები ამ საგამოძიებო პროცესს, მაგრამ თავს რომ ვადანაშაულებდე, არ მაქვს ეს განცდა. მაქსიმალურად ყველაფერი გვაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, მას ხშირი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა შპს „სლავას~ ხელმძღვანელთან და მისგან ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მიწოდებას ითხოვდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირად საუბარში კომპანია სააგენტოსგან დემონტაჟის უფლებასაც ითხოვდა: „ოფიციალურად არ მოუმართავს კომპანიას, მე ვუთხარი, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგან არ მივცემდით ამის უფლებას. როდესაც მე დავუკავშირდი კომპანიას [შპს „სლავა 2015~] და ვთხოვე დაეჩქარებინათ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენა, რომლის წინასწარი ესკიზი საბჭომ შეითანხმა, მითხრეს, რომ მიმართეს ეროვნულ სააგენტოს სტატუსის მოსახსნელად. მე თვითონ დავუკავშირდი სააგენტოს და ვკითხე, ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული. სააგენტომ თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო უარყოფითი და წერილობით შეტყობინებას მიიღებდა განმცხადებელი ამის შესახებ. აქედან რამდენიმე დღეში უკვე მოხდა ის, რაც მოხდა – შენობას გადაუარეს ბულდოზერით.“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მცდელობას არასაკმარისად მიიჩნევს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოება „ბათომის“ წევრი.

„სააგენტოს უფრო ეფექტური მექანიზმი და გზები უნდა გამოეყენებინა ძეგლის დასაცავად. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ მესაკუთრესთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია სასამართლოს გზით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეუძლია მიიღოს ნებართვა და შეაჩეროს სამუშაოები, რომელიც სტატუსის მქონე ძეგლს აზიანებს. ამავე დროს, სააგენტოს შეეძლო შუალედური დაჯარიმების გზით შეეჩერებინა ეს პროცესი და გადაერჩინა ძეგლი. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ღონისძიებები სააგენტოს არ გაუტარებია. რაც შეეხება უშუალოდ სააგენტოს პასუხისმგებლობას, აქ შეიძლება დადგეს უფრო თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ზემდგომმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საკითხი და ადმინისტრაციული წესით მოხდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება“, – ამბობს ის.

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის შოთა გუჯაბიძის თქმით, სააგენტომ მთელი ამ ხნის მანძილზე იცოდა, რომ ძეგლის დემონტაჟი გრძელდებოდა: „ეს თემა იხილებოდა ძეგლთა დაცვის საბჭოში, ამაზე იწერებოდა „ფეისბუქში“, შუქდებოდა მედიაში… ფაქტია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა, რისი თანამონაწილეც არის სააგენტო თავისი უმოქმედობით თუ გულგრილობით. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სისტემატური კავშირი ჰქონდა კომპანიის წარმომადგენელთან. კომპანიის წარმომადგენელმა თქვენს გამოცემასთან აღნიშნა, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერს ათანხმებს სააგენტოსთან. თუ ის კაცი ტყუის, აგებინოს მაშინ სააგენტომ პასუხი ცილისწამებისთვის.

ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას #13-ში უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იყო ჩადენილი. შენობის იმდენად ღირებული ნაწილი განადგურდა, ამას შეიძლებოდა მისცემოდა ძეგლის შეგნებულად განადგურების კვალიფიკაცია. სააგენტო შეიძლებოდა აქტიურად ჩარეულიყო, ამისთვის მას დაახლოებით ორი თვე ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საზოგადოება „ბათომი“ აპირებდა ამის გაკეთებას, გამოვითხოვეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომ სარჩელი შეგვეტანა. ბოლო დოკუმენტი მოგვივიდა სახლის საბოლოო დანგრევამდე ორი-სამი დღით ადრე, შესაბამისად, ვერ მოვასწარით მიგვემართა სამართალდამცავებისთვის.“

ვაჟა-ფშაველას #13, ოქოტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები

ვაჟა-ფშაველას #13, ოქოტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები

კულტურული მემკვიდრეობა – ინვესტორების თავის ტკივილი

ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, ინვესტორები თუ მენაშენეები პირველ რიგში ქალაქის ცენტრით, ისტორიული უბნებით ინტერესდებიან, იმ ადგილებით, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხშირად ხდება დაინტერესებული ბიზნესმენის თავის ტკივილის მიზეზი, რადგან ძეგლს კანონი იცავს, მისი დანგრევა და გადაკეთება არ შეიძლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, რომელიც წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირებაზე მუშაობს, ამბობს, რომ არ ახსენდება ფაქტი, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისათვის ვინმეს მიმართ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენეს.

„ამ ტიპის საქმეებზე გამოძიება იმდენად არაეფექტურია, რომ რეალურად ეს ვერ ახდენს გავლენას პრაქტიკის შეცვლაზე. ჩვენ ვიცით ძალიან გახმაურებული საქმეები, რომელიც თაროზეა შემოდებული ამ დრომდე და რეალურად არ გამოკვეთილა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება ან საერთოდ არ არის დაწყებული, ან არაეფექტურია. მაგალითად, მირზა შაფის ქუჩის შემთხვევა თბილისში, როცა კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა. იმის გარკვევაც ჭირს, ელემენტარულად, მიდის თუ არა გამოძიება და კონკრეტულად, რა მუხლით.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული ადამიანებისთვის, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება გაცილებით უფრო მისაღებია, გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობა და ის სარგებელი მიიღოს შემდეგში, რასაც ვერ მიიღებდა, თუ კონკრეტული ობიექტი დარჩებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჯარიმას გადაიხდის და იმ ფორმით გაარძელებს მუშაობს, როგორც სურს“, – ამბობს სულხან სალაძე.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.

გამოსავალი

კითხვაზე, მისი აზრით, რა შედეგის დადგომაა სასურველი აღნიშნულ საქმეზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონმდებლობა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, საკმაოდ რბილია: „მე მომხრე ვიქნებოდი, რომ გამკაცრებულიყო, მაგრამ არსებულ საკანონმდებლო პირობებში, ვიღაცის დაჭერას მე მირჩევნია, რომ ფინანსური ტვირთი აიღოს კომპანიამ. მე მომხრე ვიქნები დაგვევალდებულებინა კომპანია რეკონსტრუქცია მოხდეს შენობის. ბუნებრივია, ასი წლის აგურით ვეღარ აღადგენ, მაგრამ არსებობს ექსტერიერის ამსახველი კარგი მასალა და შეიძლება ექსტერიერის რეკონსტრუქცია გავაკეთოთ, მე ასე ვფიქრობ. თუ ჩვენ კომპანიას ვეტყვით, რომ იქ ისევ ის, ორსართულიანი აგურის შენობა უნდა ააშენოს, ეს სხვებისთვის იქნება მაგალითი, რომ თქვენ როცა დაანგრევთ, 10 და 15-სართულიან შენობას არავინ აგაშენებინებთ, დარჩებით ისევ იმ მასშტაბში“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია რომ მოხდება, ამის შოთა გუჯაბიძეს არ სჯერა. „არსებული ძეგლი დაინგრა და ახლა დანგრეულის აღდგენაზე რომ ვინმე იზრუნებს, ზღაპარია. ეს არის მიზეზების მოძებნა, რისიც არავის სჯერა. ვინ უნდა დაავალოს კომპანიას ძეგლის აღდგენა? ვინც დანგრევის თანამონაწილეა? ვის უჩივი და ბატონს და ვისთან უჩივი და ბატონთანო – ამას ჰგავს ეს ამბავი“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

იგი მიიჩნევს, რომ პასუხი იმ კომპანიამაც უნდა აგოს, რომელმაც უშუალოდ დაანგრია ძეგლი და სააგენტომაც, რომელმაც ვერ შეაჩერა დანაშაული:

„პრეცედენტი მაინც შევქმნათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა არავის შერჩება, თორემ რა გამოდის? იმ 260 ძეგლიდან, რომლებიც ქალაქშია, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ძეგლი დაანგრიონ და პასუხს არავინ აგებს?!“

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ის იმ კანონის გამკაცრების მომხრეა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, თუმცა იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ამას შედეგი არ ექნება: `თუ არსებული ნორმებიც არ გამოიყენება პრაქტიკაში, რაღა აზრი აქვს კანონის გამკაცრებას?!“ – ამბობს ის.

ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის ფაქტზე 27 ნოემბერს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. გამოძიების პარალელურად ვაჟა-ფშაველას #13-ში ბულდოზერი მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასაგამოძიებო ღონისძიებები ჯერ არ დაუსრულებია ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის ხელყოფის ფაქტზე. 2016 წლის 11 იანვარს ზუსტად ორი წელი შესრულდება, რაც შს სამინისტრო ამ ფაქტს იძიებს. ამ დროში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს და ამ ადგილას ახალი შენობაც ააგეს.

1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com