მთავარი,სიახლეები

ანა ნაცვლიშვილი: „თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა“

11.12.2015 • 5183
ანა ნაცვლიშვილი:  „თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა“

„…მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება,“ –  ასე დაასაბუთეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში, 29-ე მუხლში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობა. რას გულისხმობს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა? – ამ თემაზე  „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, უპასუხა.

 ანა, როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა რომ განმარტოთ, რას გულისხმობს დეკლარაციის 29-მუხლი: ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

ეს მუხლი საყოველთაო დეკლარაციის და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რომ ადამიანის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. თუმცა კონკრეტულად რა ვალდებულებებზეა საუბარი, დეკლარაცია არ აკონკრეტებს, განსხვავებით უფლებების ფართო და დეტალური ჩამონათვალისგან. ჩემთვის ეს ჩანაწერი, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უფლებები მარტო საკუთარი თავისთვის ან თავისნაირებისთვის (სქესის, ეთნოსის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით) არ უნდა უნდოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უფლებები კი არა, პრივილეგიები იქნება. ეს ჩანაწერი ასევე ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა მარტო სახელმწიფოს არ ეკისრება, არამედ ინდივიდსაც, რომ უფრთხილდებოდეს სხვის უფლებებსა და საზოგადოებაში არსებულ იმ სიკეთეებს, რაც სხვა ადამიანებს ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

სამწუხაროდ, 29-ე მუხლის ლოგიკას ხშირად არასწორად იყენებენ, ამ მუხლს და, ზოგადად, ადამიანის საზოგადოების წინაშე ვალდებულების კონცეფციას ხშირად იშველიებენ უფლებების შესავიწროვებლად, შესაზღუდად _ თუმცა დეკლარაცია ამას არსად ამბობს.

 

რატომ გახდა ამ დეკლარაციის მიღება აუცილებელი თანამედროვე მსოფლიოსთვის?

დეკლარაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა მიღებული და კარგად ასახავს ამ ომის საშინელებებით თავზარდაცემული მსოფლიოს საერთო სულისკვეთებას; მსოფლიომ მაშინ დაინახა, სანამდე შეიძლება მივიდეს კაცობრიობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების იგნორირების შედეგად.

დეკლარაცია უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ უფლებათა ჩამონათვალის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების გამო, არამედ იმიტომაც, რომ წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი პრინციპების აღიარებას, რომ ადამიანის უფლებები არის თანდაყოლილი, განუყოფელი და უნივერსალური. თანდაყოლილი ნიშნავს იმას, რომ არა ხელისუფლება, ღმერთი ან სხვა რაიმე ძალა, არამედ ადამიანად დაბადების ფაქტი ანიჭებს მას ამ უფლებებს და რომ ეს უფლებები გასხვისებას, მათზე უარის თქმას არ ექვემდებარება; განუყოფელი ნიშნავს იმას, რომ ყველა უფლება ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთის დარღვევა საფრთხეს უქმნის ყველა სხვა დანარჩენს, ამიტომ ყველა უფლების დაცვა მნიშვნელოვანია; უნივერსალური ნიშნავს იმას, რომ ეს უფლებები საყოველთაოა და ეკუთვნის ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, და სხვა. და იმის, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალში, რომელ კულტურულ სივრცეში ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი.

კონკრეტულ მაგალითებს ხომ არ გაიხსენებთ, როცა ბოლო წლების საქართველოში ადამიანებს გამოუჩენიათ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა?

ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და პოზიტიური მაგალითი იყო ადამიანების ფართო ჯგუფების მობილიზება 13 ივნისის ტრაგედიის შედეგებთან გასამკლავებლად.

ასევე არაერთი საქველმოქმედო აქცია მახსენდება, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა თუ ორგანიზაციებმა დახმარების ხელი გაუწოდეს. ეს მაგალითები დასაფასებელია, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით სისტემატურობა და თანმიმდევრულობა გვაკლია. მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქე მუდმივად ჩართულია საზოგადოებრივ პროცესებში, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ შედარებით ნაკლებად, მაგრამ აქტივობის გარკვეულ დონეს მუდმივად ინარჩუნებს. ჩვენ კონკრეტულ მომენტებში ვახერხებთ მობილიზებას კონკრეტული ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ მუდმივად ფხიზლად ყოფნას ვერ ვახერხებთ. უმეტესწილად კრიზისებზე ვრეაგირებთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ კრიზისამდე არ მივიყვანოთ მდგომარეობა. ეს ალბათ ჩვენში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარების შემდეგი ეტაპი უნდა იყოს.

 ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ ესა თუ ის პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. საზოგადოება თავად ანაწილებს როლებს, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ყოველთვის ხელისუფლებაა, ხოლო მეორეხარისხოვანის _ საზოგადოება, ინდივიდი, მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში პირიქით ხდება. ეს რაზე მიუთითებს?

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენ პოსტტოტალიტარული სახელმწიფო ვართ. ტოტალიტარული სახელმწიფო თავისი არსით გულიხსმობს იმას, რომ სახელმწიფო ერევა ყველაფერში და განსაზღვრავს არამხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს, არამედ თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის მცირე ნიუანსებსაც კი. ასეთ პირობებში ცხოვრებისას ადამიანებს თანდათან უჩლუნგდებათ სოციალური და სამოქალაქო აქტივიზმის უნარი და შემდეგ უკვე აქტივობის სურვილიც კი!

ახლო წარსულის შედეგია ის მენტალობა, რომ ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ასეთი მიდგომა პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს მოქალაქეს, ყველაზე ფართოდ განხილვადი მაგალითი რომ ვახსენო _ საკუთარი სახლის სადარბაზოს სუფთად შენახვის ვალდებულებისგანაც კი.

სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ვალდებულებების ასეთ გადანაწილებას მეორე მხარეც აქვს, რომელიც არანაკლებ დამანგრეველია საზოგადოებისათვის _ ვალდებულებები აძლევს სახელმწიფოს უფლებებსაც და ლეგიტიმაციას, რომ არამხოლოდ პრობლემები მოუგვაროს, არამედ აკონტროლოს კიდეც მოქალაქეები, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებმა აკონტროლონ სახელმწიფო. ასეთი მენტალობის გამოვლინებაა ისიც, რომ პოლიტიკაშიც საზოგადოება ელოდება მესიას, რომელიც მოვა და ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემას მოუგვარებს.

როცა ზრდასრულ, შრომისუნარიან ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ სახელმწიფომ, პოლიტიკოსებმა, მთავრობამ „ცხოვრება მოუწყოს“, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნას პირობები, სადაც ადამიანები შეძლებენ დასაქმებას, ექნებათ შრომის უსაფრთხო პირობები და ცხოვრების ღირსეული შესაძლებლობა, ალბათ, ეს ჩვენს მენტალიტეტში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს.

ზოგადად, მომთხოვნი მოქალაქე კარგია, მაგრამ ეს მომთხოვნელობა არ უნდა იყოს დაცლილი საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისა და შესრულებისაგან. ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ, მაგალითად, ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის რაიმე ფართომასშტაბიანი პროექტი ვერ განახორციელა, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ჩვენ თავად ნაყინის ცელოფანი რომ მოვისროლეთ ქუჩაში და ორიოდ ნაბიჯის გადადგმა დაგვეზარა ურნამდე მისაღწევად. ბუნებაში ქეიფის შემდეგ რომ ნასუფრალის ალაგება და მისუფთავება ბევრს ავიწყდება, ესეც ფაქტია, სუფრაზე საქართველოსა და მისი ლამაზი ბუნების სადღეგრძელოს დალევა _ არა.

პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა გულისხმობს მუდმივ შრომას, რაც იოლი არ არის. აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაში დიდია საგანმანათლებლო სისტემის როლი, მაგრამ რამდენად არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული? ვფიქრობ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია და ძირეული რეფორმებია გასატარებელი.

უახლეს წარსულში ყოფილა მცირეწლოვანი ბავშვის შიმშილის გამო გარდაცვალების შემთხვევები. ხელისუფლებას თავი რომ დავანებოთ, როგორ უნდა იქცეოდეს ცივილიზებული ადამიანი იმ დროს, როდესაც ხედავს, რომ მის გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომლის ღირსეული სიცოცხლის უფლება ირღვევა?

პირველი ადამიანური ინსტინქტი ალბათ არის ის, რომ ვისაც რითი შეუძლია იმით დაეხმაროს მის გვერდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. მაგრამ სიღარიბე კომპლექსური და სისტემური პრობლემაა და მხოლოდ ასეთი მყისიერი, ძალიან სწორი და ადამიანური, მაგრამ მოკლევადიან ეფექტის მქონე ღონისძიებებით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. შეიძლება ადამიანს დაეხმარო თანხით, რომელიც მას ერთი, ათი, ასი დღე დააპურებს, მაგრამ ამით პრობლემის წყარო _ სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება. საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი აქტივობა იმისათვის არის აუცილებელი, რომ სახელმწიფო გახდეს იძულებული, მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად გაატაროს ისეთი, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებიც, რომელთა მეშვეობითაც თანდათან საზოგადოება ამოვა სიღარიბიდან. ამას სწორი ეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის გატარება და რესურსების სწორად განაწილება სჭირდება, საბიუჯეტო თანხის გონივრული და ყაირათიანი ხარჯვა და ა.შ. ასეთი მიდგომის გარეშე საზოგადოება შეძლებს დაეხმაროს კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ვერ შეძლებს დაძლიოს სიღარიბე.

უნდა ვთქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეიმჩნევა გარკვეული მიუღებლობა და აგრესიაც აქტიური მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს აკრიტიკებენ, აკონტროლებენ, ცდილობენ საკუთარი და სხვადასხვა ჯგუფის ხმა მიაწვდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურები. ასეთი ადამიანები აღიქმებიან სახელმწიფოს მტრებად, მათ აკრიტიკებენ, რომ არაფერი მოსწონთ, მუდმივად უკმაყოფილონი არიან, კრიჭაში უდგანან ყველას.

რეალურად კი ასეთი ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი, სწორედ ასეთი ადამიანებია საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო ორიენტირებული გახდეს ადამიანზე, მის ღირსებაზე, მის დაცულობაზე, მის უფლებებზე და არა ადამიანის ჩაგვრაზე, კონტროლსა და შევიწროვებაზე.

მეორე მხრივ, არაერთი მაგალითი მახსენდება, როცა კონკრეტული ადამიანები საჯაროდ აქტიურობენ, აპროტესტებენ, მაგრამ რაღაც დროის მერე ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ, ან პირიქით, მერე ხდებიან აქტივისტები და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულები, რაც ძალაუფლებას კარგავენ. ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას და უნდობლობას იწვევს, ადამიანებს უყალიბდებათ განცდა, რომ ვინც აქტიურობს, აქტიურობს იმიტომ, რომ რაღაც გამორჩენას ელის, კარიერას იკეთებს, და არა იმიტომ, რომ გულწრფელად სჯერა იმისა, რასაც ამბობს.

ადამიანთა მცირე ერთობა იბრძვის, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ანუ თანდათანობით მრავლდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვთ. ამის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი წინასწარმიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა. მსგავსი ბრძოლები, გნებავთ მაღალპასუხისმგებლიანი ადამიანების მუდიმივი დამარცხება, თრგუნავს თუ არა ადამიანში ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას?

ასეთი ბრძოლების წარუმატებლად დამთავრება ზოგჯერ იწვევს იმედგაცრუებას, დეპრესიას, დაღლას, მაგრამ პასუხისმგებლობის შენელებას _ არამგონია. პირიქით _ ასეთ შემთხვევაში, მგონი, პასუხისმგებლობა უფრო იზრდება, რადგან ნათელი ხდება პრობლემის მასშტაბი და მისი ძალა. ასეთ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაორმაგებულ ძალისხმევას და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ამ ბრძოლების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისიცაა, რომ მასში საზოგადოების ფართო ნაწილი არ მონაწილეობს, მხოლოდ რამდენიმე აქტივისტსა და ორგანიზაციაზე გადადის მთელი სიმძიმე და მათი იგნორირება სახელმწიფოსთვის გაცილებით იოლია, ვიდრე საზოგადოების ფართო მასების. ეს სერიოზული საკითხია, რასაც მეტი მუშაობა სჭირდება, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი აქტივობის მიზეზები და დავანახოთ, რომ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, მათი საზრუნავიცაა, რადგან პირდაპირ განსაზღვრავს მათი ცხოვრების ხარისხს. ამ ტიპის ბრძოლებში სოლიდარობა ხშირად გადამწყვეტია, ჩვენთან, სხვა პრობლემებთან ერთად, სოლიდარობის დეფიციტიცაა.

ზოგჯერ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არასათანადო რეაგირება ხომ არ უწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებაც გულგრილი გახდა საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ?

ალბათ კი. არაერთხელ მსმენია, რომ მოქალაქემ დარეკა მისი კორპუსის წინ ხეების გაჩეხვის პროცესში და ითხოვა რეაგირება, მაგრამ იმდენად დაგვიანებული და არაადეკვატური იყო რეაგირება, რომ მოქალაქეებს შემდგომი აქტიურობის ყველა სურვილი დაეკარგათ. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების, რამაც ინფორმაციის მიმწოდებელ მეზობელს სრულად დაუკარგა აქტიურობის სურვილი.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მოქალაქეობა არის მუდმივი ბრძოლა, ბრძოლა საკუთარის დასათმობად საერთო სიკეთისთვის, ბრძოლა სიზარმაცესთან, შიშთან, გულგრილობასთან, დაღლასთან, იმედგაცრუებასთან. ამ ბრძოლაში სტრატეგიული პარტნიორი არის მოთმინება და სიჯიუტე; უნდა ვიცოდეთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე იქნება ბევრი დაბრკოლება, წარუმატებლობაც, დაცინვაც, იგნორირებაც, კრიტიკაც, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ, ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ და მოთმინებით, ჯიუტად გავაგრძელოთ შრომა _ სხვანაირად ხვალინდელი დღე ვერ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე დღევანდელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: