„ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ – აქციის ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, მოსახლეობასთან ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ოჯახში ძალადობაზე მომზადებული ფილმი – „ხმა ამოიღე!“ უჩვენეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ძალადობასთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითებიც განიხილეს.
გეგელიძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პედაგოგების გადამზადება.
„თემას თუ გავშლით დავინახავთ სად იბადება ძალადობა. ძალადობის საწყისი ოჯახია, ბავშვი სკოლაში აჩენს იმ ძალადობის ნიშნებს რაც მის ოჯახში ხდება, თუ ჩვენ არ მივაღწიეთ შედეგს და არ დავანახებთ ბავშვს რომ ძალადობა არ შეიძლება, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. ჩვენ თვითონ პედაგოგებიც უნდა გადაგვამზადონ იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ ბავშვებს“.
ძალადობის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ქალთა კლიბის წევრები, ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის პროექტების კორდინატორი ნინო ტავლალაშვილიc ესწრებოდნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა აქციებით აღინიშნება. ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში ქედის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო.