სიახლეები

ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

21.10.2015 • 2573
ძეგლის სტატუსი სვანურ მარილს, ხორუმსა და ”ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნას

 

 

მაკა თაქთაქიშვილი, ფოტო ფეისბუქის გვერდიდან
მაკა თაქთაქიშვილი, ფოტო ფეისბუქის გვერდიდან

ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?


2003 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას მიუერთდა 2008 წლის დასაწყისში და აიღო კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება, მათ შორის ვალდებულება, აწარმოოს რეესტრი საქართველოში გავრცელებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შესახებ, მიანიჭოს მათ გარკვეული სტატუსი და სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი დაცვა. 


კონკრეტულად, როგორ უნდა დაიცვას სახელწიფომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები?


კონვენციის თანახმად, დაცვა გულისხმობს ფიქსაციასა და პოპულარიზაციას, თუმცა ახლა მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში უკვე კონკრეტული დაცვის მექანიზმებს მოიაზრებს. ასეთი დაცვის მექანიზმები ახლაც არსებობს, განსაკუთრებით იმ ძეგლებისთვის, რომლებიც იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული. ასეთი სულ ორია: ქართული მრავალხმიანობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი. 2015 წლის დასაწყისში ჩვენ გავაგზავნეთ ახალი ნომინაცია იუნესკოში განსახლველად წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და იქ მივუთითეთ ის დამცავი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სამივე სახეობის დაცვას, შენახვას, ფიქსაციასა და პოპულარიზაციას. 2016 წლის ბოლოს მიიღება გადწყვეტილება, განხილვის ვადა თითქმის ორი წელია.

 

  „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა ამ გადაწყვეტილებას. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია კრიტიკა?

 

 ვფიქრობ, ეს კრიტიკა გამოწვეულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტით. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ყველანაირად ცდილობს პოპულარული იყოს ეს თემა, აწყობს გარკვეულ შეხვედრებს, ჩატარებული გვაქვს ინვენტარიზაცია, გამოცემული გვაქვს არა ერთი ბროშურა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფამდე მივიდეს ინფორმაცია.

 

ძეგლის სტატუსი ერთმნიშვნელოვნად აღიქმება ხოლმე. სტატუსი მიენიჭა ცოდნის ტრადიციას, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დღემდე შემოგვინახა და დღემდე მოგვიტანა. ანალოგიური ქილიკის საგანი ხდება ნებისმიერი ის ელემენტი, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობასთან არის კავშირში, თუნდაც სამზარეულოს გარკვეული ნიშნები. მახსოვს, დამბალხაჭოს [უძველესი ფშავური კერძის დამზადებს ტექნოლოგია] სტატუსზეც იყო ატეხილი გარკვეული აჟიოტაჟი. არამატერიალური მემკვიდრეობა გახლავთ ერის იდენტობის ნიშანი, ეს არის ჩვენი საუნჯე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ფაქტობრივად განსაზღვრავს ჩვენს რაობას.

 

ვინ წყვეტს სტატუსის მინიჭების საკითხს?


 საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თავისი ინიციატივით შეავსოს გარკვეული დოკუმენტაცია, დამტკიცებული ფორმა და წარადგინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციაში, რომელიც განიხილავს ამ საკითხს და იძლევა რეკომენდაციას სტატუსის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. 


ყოფილა ასეთი ინიციატივები შემოსული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან?


 ყველა ინიციატივა შემოდის საზოგადოებრივი ჯგუფებიდან. ჩვენ ვერ ვიქნებით ერთდროულად სვანური მარილის, „ვეფსიტყაოსნის“, „ანბანის“, პოლიფონიისა და ქვევრის ღვინის სპეციალისტები. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივა შემოვიდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, მათი ხელძღვანელი პროფესორი, ქართველოლოგი ნესტან სულავაა. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დოკუმენტაცია და მიენიჭა ამ ელემენტს სტატუსი. 


ვინ არიან საბჭოს წევრები?


საბჭოს ხელმძღვანელობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი პროფესორი რუსუდან წურწუმია, მრავალხმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთადერთი საერთაშორისო რანგის ექსპერტია, იგი იუნესკოს სამი მოწვევის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მოწვეული ექსპერტი იყო. საბჭოს წევრები არიან: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; დოქტორი თამარ გეგეშიძე-მუნჯიშვილი; სოფიო ლობჟანიძე – ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე და დოქტორიანა შანშიაშვილი. სექციას უფლება აქვს გაუწიოს რეკომენდაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

 

 ამ დროისათვის რამდენი ძეგლია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში?


რეესტრში დაფიქსირებულია 24 ძეგლი, თუმცა სულ მალე სიას დაემატება კიდევ რამდენიმე. 


რამდენდაც ჩემთვის არის ცნობილი, აჭარიდან ამ სიაში ცეკვა ხორუმია… 


ხორუმის შესახებ განაცხადი შემოიტანა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა და ფოლკლორის ცენტრმა ერთად. აჭარა გამორჩეულია კულტურული მრავალფეროვნებით და ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს თქვენთან ინვენტარიზაციის, კონკურსის ან კვლევის ტიპის აქტივობები, რომ მოხდეს მათი დროული ფიქსაცია, გადარჩენა და თაობებისათვის შენახვა. 


თქვენ ახსენეთ კანონპროექტი, დაცვის რა მექანიზმები უნდა ჩაიდოს კანონპროექტში? 


დაცვის მექანიზმი არაერთია, მათ შორის: თვითონ მატარებლებისთვის ანუ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ატარებს, სტატუსის მინიჭება; რეესტრის წარმოება, აღრიცხვა. რამდენიმე ტიპის სია გვექნება, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფი ელემენტების, სადაც ის ელემენტები დაფიქსირდება, რომლებიც უკვე გაქრობის პირასაა და რომლის შესახებ ცოდნა საჭიროებს სასწრაფოდ შველას. გვექნება ასევე საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაციის ელემენტი. დაცვის მექანიზმია ასევე ამა თუ იმ ელემენტის თაობიდან თაობას გადაცემული ფორმალური და არაფორმალური სწავლება და ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და უზრუნველყონ ადგილებზე უფრო მეტად მოტივირება იმ ადამიანების, ვინც ამ ტრადიციას ფლობს.

 

გადაბეჭდვის წესი