სიახლეები

შავი ზღვის ეკოლოგია და თევზის მეურნეობა საქართველოში

07.11.2015 • 9305
შავი ზღვის ეკოლოგია და თევზის მეურნეობა საქართველოში

საზღვაო თევზჭერის მოკლე ისტორიული მიმოხილვა


მაია შავლაყაძე

ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და გეორაფი სტრაბონი აღნიშნავდნენ,        რომ კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს ოქროსთან ერთად ხე-ტყე, თაფლი, თევზიც გაჰქონდათ.  გემოთი და ცხიმოვნებით გამორჩეული ზუთხი ხმელთაშუა ზღვაში არ მოიპოვებოდა.

ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური მოცულობა 5700 ტ შეადგენდა.

საქართველოს თევზის მეურნეობის განვითარება 1930წ სააქციო საზოგადოება `საქთევზის~ დაარსებით დაიწყო და ბათუმში, ფოთში, სოხუმსა და გაგრაში თევზის გადამამუშავებელი ქარხნები აშენდა, შეიქმნა გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, ხოლო 1960წ ფოთში საოკეანო თევზჭერის დეპარტამენტიც დაარსდა.

1930-1950წწ საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური ჭერილი 2300-7600 ტ შორის მერყეობდა. Nნადავლის შემადგენლობას ქაფშია, სტავრიდა და ორაგული, კეფალების, ქაშაყებისა და ზუთხების რამოდენიმე სახეობა ქმნიდა.

70-იანი წლებიდან თევზმჭერი ტექნიკა და მეთოდები სრულიად შეიცვალა. შედეგად, ჭერილი 36 ათას ტონამდე გაიზარდა.

ჭერილის ყველაზე დიდი ოდენობა –  212 ათასი ტონა – 1980 წ დაფიქსირდა. ამ დროისათვის თევზჭერის სტატისტიკაში შავი ზღვის ქაფშიას დომინანტური პოზიცია  ეკავა და სრული ჭერილის 40% შეადგენდა.  

ქაფშია ყველაზე მასიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა იყო და არის შავ ზღვაში. მისი   ქარავნის ჩამოყალიბება ხდება, ძირითადად, გამოზამთრების არეალში თურქეთის ანატოლიისა და საქართველოს სანაპიროსთან, რასაც ემყარება რეწვა.   

საქართველოს სანაპიროზე 80-იან წლებში, ყველაზე ინტენსიური რეწვის პერიოდში ქაფშიის წილი  ზღვის  მთლიანი ჭერილის 90%, რაც თავის მხრივ შავი ზღვის აუზში ქაფშიის მთლიანი ჭერილის დაახლოებით 40% შეადგენდა: საშუალო მარაგი 400 ათასი ტონა და საშუალო ჭერილი 80 ათასი ტონა დაფიქსირდა. მარაგის მაქსიმალური ოდენობა 550 ათას ტონა და ჭერის მაქსიმალური მაჩვენებელი 175 ათასი ტონა 1988 წ აღინიშნა. ჭარბჭერის მიზეზი საქართველოს სანაპიროზე პოლიტიკურ წიაღსვლებს უკავშირდება. საზღვაო კონვენციის რატიფიკაციით საბჭოთა მთავრობა აიძულეს გაეწვია თევზმჭერი ფლოტი უცხო ქვეყნების სანაპიროებიდან და საქართველოს ვიწრო და მოკლე შელფში 220 ერთეულ სეინერს ოპერირების უფლება დართეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პერიოდში თურქეთის თევზმჭერმა ფლოტმა ქაფშიის მაქსიმალური ოდენობა ამოიღო. შედეგად, 1990/91 წლების სეზონზე მდგრადი მოზამთრე ქარავანი ვერ შეიქმნა.

 ჭარბჭერას ორივე ქვეყნის სანაპიროზე კიდევ ერთი ანთროპოგენული პრესის შედეგი დაერთო. საერთაშორისო ნორმებით არარეგულირებადმა ოპერირებამ შავ ზღვაში უხერხემლო მტაცებლის – სავარცხლურას შემოსახლება და მასიური გამრავლება გამოიწვია. შექმნილი დრამატული სიტუაცია გახდა მიზეზი 90-იან წლებში მთლიანად შავ ზღვაზე, მათ შორის საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის, და შესაბამისად, ჭერილის მკვეთრი შემცირების.

დამოუკიდებელ საქართველოს ქაფშიის 270 ათასი ტ ყოველწლიური საშუალო მარაგი და 2-7 ათასი ტონა – ყოველწლიური ნადავლი ერგო. ამორტიზირებული თევზმჭერი ფლოტი 36 ერთეული საშუალო სიმძლავრის სეინერისგან შედგებოდა. ამ მონაცემებში არ ფიგურირებს აფხაზეთის სანაპიროზე კონცენტრირებული ქარავნის ოდენობა, ჭერილი და ჭერის საშუალება. შეწყდა საოკეანო ჭერა. პრობლემებს ქმნიდა გასაღების ბაზრის უქონლობა, საწვავ-საპოხის სიძვირე, სათადარიგო ნაწილების არარსებობა და სხვა.

1997 წლიდან  ქაფშიის ჭერის მოცულობა გაიზარდა უკრაინული და თურქული სეინერების შემოსვლით. მხოლოდ უკრაინის მხარესთან გაფორმდა ხელშეკრულება თევზჭერის თაობაზე. უკანონო, აღურიცხავი თევზჭერით ქვეყნის ბიუჯეტში მიზერული თანხები შედიოდა. ქართული ფლოტის წვლილი კი უმნიშვნელო იყო, რასაც ეკონომიკური პირობები იწვევდა. რეწვას ეწეოდა სულ 71 ერთეული სეინერი.  

90-იანი წლების დასასრულისათვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში სეინერების რაოდენობა 250-დან 350 ერთეულამდე, ხოლო ჭერილი 250 ათას ტონიდან 300 ათას ტონამდე გაიზარდა, რითაც კიდევ ერთხელ ჩავარდა საფრთხეში ქაფშიის მარაგი შავ ზღვაზე.

საქართველოს სანაპიროზე არარეგულირებადი ჭერისა და დაბინძურების შედეგად შემცირდა ჭერილში სარეწაო მნიშვნელობის სახეობათა რაოდენობა რამოდენიმე ათეულიდან 4 ერთეულამდე. 

სამეცნიერო კვლევები

საზღვაო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ზღვის შელფის ათვისების საქმეში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საფუძველს ქმნის კვლევები, ანუ სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერების, როგორც გამოყენებითი დარგის ფუნქციონირება. მეცნიერების აღნიშნულ დარგს ემსახურებოდა ბათუმში განთავსებული ყოფილი სსიპ ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტს გავლილი ჰქონდა რუსული და ევროპული აკადემიური სკოლა, ფლობდა შესაბამის უნარ-ჩვევებს, საკუთრებაში მქონე სეინერი უზრუნველჰყოფდა კვლევების ჩატარებას. მაღალკვალიფიციური კადრები მცირე ოდენობით კვლავ შენარჩუნებულია ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე უწყებაში, დიდ თანხებსა და დროზე დამოკიდებული ახალი კადრების ჩამოყალიბება არ ხდება.

1932 წელს დაარსებული ინსტიტუტი შიდა სახმელეთო წყალსატევებისა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან ერთად აუზის კომპლექსურ (წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის დადგენას, ბაქტერიოლოგიურ, ფიტო და ზოოპლანქტონურ, ზოობენთოსურ, იქთიოლოგიურ), ანუ თევზის საარსებო გარემოს შესწავლას და თევზის, როგორც ბიორესურსის რაციონალური ექსპლუატაციის საფუძველს ქმნიდა. კვლევები მკაცრად საერთაშორისოდ უნიფიცირებული მეთოდების გამოყენებით ხორციელდებოდა.

1996 წლიდან ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის რეგიონალური ცენტრი. ინსტიტუტი აწარმოებდა შედეგების ურთიერთგაცვლას, მონაწილეობდა გაეროსა (FAO), ევროკავშირის გარდა, შავი ზღვის ეკოლოგიური პროგრამის (BSEP), NATO-ASI, UNESKO, UNDP  და სხვა ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, ხდებოდა შესაბამისი პუბლიკაცია. ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაციის შეაბამისად ინსტიტუტმა დაკარგა მცურავი საშუალება, თუმცაღა, განაგრძობდა არსებობას საერთაშორისო დახმარების საფუძველზე.

 სარეწაო მნიშვნელობის თევზის ჭერის პროგნოზირება ხდებოდა თევზის საარსებო გარემოს შესწავლის, მათ შორის თევზის მრავალფეროვნების განსაზღვრის, და მარაგის დადგენის საფუძველზე. კვლევის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა ქაფშიის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის რეწვა.

1997-2004 წწ ქაფშიის ბიომასის შეფასება თევზჭერის სეზონზე ხდებოდა საქართველო-უკრაინის ერთობლივი კვლევის შედეგად. გამოიყენებოდა ჰიდროაკუსტიკური დანადგარი მარაგის პირდაპირი შეფასებისათვის, რომელსაც უზრუნველყოფდა უკრაინული მხარე, ქართველი ექსპერტები კი მატემატიკური მოდელირებით (ბიომეტრიის-ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით) ეკოლოგიური სიტუაციის განსაზღვრის ფონზე  ახდენდნენ რეტროსპექტრულ გაანგარიშებებს.

სამეცნიერო სახე ინსტიტუტს დაუკარგა ყოფილმა მთავრობამ. ამ სტრიქონების ავტორს სამსახურიდან დათხოვნის ძირითადი მიზეზი პრეზიდენტისა და მინისტრებისადმი გაგზავნილი საპროტესტო წერილები გახდა, სადაც ევროპისაკენ მიმავალ ქვეყანაში ევროპული სტილის ინსტიტუტის დაშლას აპროტესტებდა. სამინისტრომ „კონკურსის“ შედეგების საფუძველზე არასასურველი პირები დაითხოვა სამსახურიდან, თაობათა ჩანაცვლების მაგივრად მათი დაპირისპირება მოახდინა, ხოლო ინსტიტუტი სამმართველოდ აქცია. ცხადია, კვლევის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების  არ ფლობის,  საკვლევი სეინერის არ ქონის პირობებში შედგენილი თევზჭერის პროგნოზი ქვეყნისთვის საზიანოა, უცხოეთისთვის სასაცილო.

კვლევის სირთულესთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ მარაგის შესწავლის სპეციალისტები ინდმეწარმის სტატუსით დაესაქმებინათ სამმართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერითა და მცურავი საშუალების უზრუნველყოფით. სათევზმეურნეო-ეკოლოგიური კვლევების მსგავსი დაფინანსება ბევრ ქვეყანაში ხდება. პროექტი 10 წლის (გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება #108, 2,X, 2006) ხანგრძლიობით უნდა ჩატარებულიყო, კვლევები მხოლოდ 4 წელი მიმდინარეობდა სამინისტროს სამსახურებთან დაუმთავრებელ წინააღმდეგობაში, უკანასკნელ სეზონებზე კი თევზჭერის პროგნოზს სამინისტრო უპრობლემოდ ღებულობდა გაურკვეველი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან. დიახ, თაობების მიერ რუდუნებით, უცხო ქვეყნების დახმარებით შექმნილი სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერება განვითარების ნაცვლად ძირშივე იქნა ლიკვიდირებული და იგნორირებული.  

უხეში რეორგანიზაციის შედეგად დაკარგულია ინსტიტუტის თევზის ნედლეულის გადამუშავებისა და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური ნაწილი, შიდა წყალსატევების დათევზიანების, მათ შორის იქთიოპათოლოგიური მართვის ფუნქცია.

გასაგებია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიზნებში არ შედის მეცნიერების განვითარება და ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა. მთავრობას ჭირდება შესაბამისი მომსახურება, რაც მხოლოდ მეცნიერებას და არა უწყებრივ  სამსახურს ხელეწიფება. განსაკუთრებული სიმწვავით დგება საკითხი, როცა  საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის რესურსს.  ახლო მომავალში შედგება და საქართველოც შეუერთდება შავი ზღვის თევზჭერისა და ცოცხალი რესურსების დაცვის კონვენციას, რომლის საფუძველს ქვეყანას სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერების  მონაცემები უქმნის. სამწუხაროდ, მეცნიერების ამ დარგით დაინტერესება არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, არც ბათუმის ან თბილისის უნივერსიტეტს  გამოუჩენია. 

 

თევზჭერის იურიდიული და ეკონომიკური ასპექტები, მენეჯმენტი

თევზის მარაგის მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკის არქონა არც საქართველოს და არც მთლიანად შავი ზღვის მასშტაბით. სხვა რეგიონებთან შედარებით შავ ზღვაზე ბუნებათსარგებლობა ველური გზით მიმდინარეობს, რაც შეთანხმებულ პოლიტიკურ უთანხმოებას უკავშირდება, ძირითადად კი თურქეთის ევროკავშირში არგაწევრიანებას.

ცნობილია, რომ სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკა საზღვაო ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ნაწილს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თევზის მეურნეობის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც საზღვაო და შიდა წყალსატევების მეურნეობის საქმიანობას დაარეგულირებდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებობდა თევზის მეურნეობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იყო თევზჭერის სტატისტიკური მონაცემების  შეგროვება და ანალიზი. აღნიშნული დეპარტამენტით 2004 წლიდან FAO ახორციელებდა საქართველოს დახმარებას თევზის მეურნეობის სექტორის აღორძინების მხარდამჭერი პროექტით. შეიქმნა „საქართველოში თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების გენერალური გეგმა 2005-2020 წლებისათვის„. პროექტი გაურკვეველი მიზეზით შეწყდა.

საქართველომ მოახდინა რამოდენიმე საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს საზღვაო კონვენცია, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის ქვაკუთხედაად მიიჩნევა; ბუქარესტის კონვენცია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ, რომლის მიღება საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვერ მოხერხდა; რიო-დე-ჟანეიროს  კონვენცია   ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს გარემოსდაცვით პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოჰყვა და სხვა; შეუერთდა ახალი ტიპის პოლიტიკური დოკუმენტის „დღის წესრიგი 21“ შესაბამისად შექმნილ ოდესის დეკლარაციას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ზღვის დაცვის დეტალურ ზომებს.

საქართველოს კონსტიტუციის გარდა მიღებულია რამოდენიმე საკანონმდებლო და ადმინისტრაციული აქტი: კანონი გარემოს დაცვის შესახებ,  ცხოველთა სამყაროს შესახებ, კონტინენტური შელფის, დაცული ტერიტორიების შესახებ, წყლის შესახებ, გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ; საზღვაო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ და სხვა.

1993 წელს  ჩამოყალიბდა შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამა (BSEP). მისი ამოცანა იყო ინსტიტუტების, სპეციალისტების და დაინტერესებულ პირთა ძლიერი საერთაშორისო ქსელის შექმნა. პროგრამას ხელმძღვანელობდა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში  შედიოდნენ ყველა ქვეყნის მთავრობის, სპონსორი და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ზღვის რეაბილიტაციისა და სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (ხელმოწერის დღე 1996 წლის 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა). შესაბამისი გეგმა შემუშავდა საქართველოშიც. ფინანსური და დიპლომატიური საკითხების ხანგრძლივი განხილვების გამო ამ უკანასკნელის  ამუშავება შეუძლებელი გახდა. უნდა ჩამოყალიბებულიყო სტამბულის კომისიის სამდივნო, რომელსაც უნდა ეტვირთა გეგმის განხორციელების კონტროლი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებების განვითარებას:

1.            დაბინძურების შემცირება,

2.            ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და აღდგენა,

3.            მდგრადი განვითარება.

საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ამოქმედების საქმეში წინსვლის მოუხედავად, გარდატეხა წყლის რესურსების და გარემოს დაცვის საქმეში რეალურად არ მომხდარა.

დაბინძურების შემცირების წინაპირობად დაბინძურების მონიტორინგი და შეფასება მიიჩნევა, რომელიც ნაოსნობის გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად დაბინძურების სხვადასხვა ტიპის წყაროების შესწავლას მოითხოვს.

ზღვის დეგრადაციის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია მუნიციპალური, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის წყაროებიდან აზოტისა და ფოსფორის ნაერთების ჭარბი რაოდენობით მოხვედრა. არ ხდება ხმელეთზე განლაგებული დაბინძურების აღნიშნული წყაროების აღრიცხვა.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო თუ კერძო პროექტის  განხორციელების  შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და გარემოს დაცვითი ნებართვის არსებობას. აღნიშნული კანონები იგნორირებულია საქართველოს სანაპიროზე განთავსებული ნავთობისა და გაზის ტერმინალების ფუნქციონირებისას. 2000 წელს მოეწყო ბაქო-სუფსის მილსადენის, სუფსის ტერმინალის და საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობის პროექტის საჯარო განხილვა, ბიბლიოთეკებს მიეწოდა პროექტის დოკუმენტები. ცნობილია, რომ რომ ნავთობის შემთხვევათა დაღვრის მნიშვნელოვანი წილი ტანკერებში ნავთობის გადაქაჩვის დასრულებისას ხდება. ამდენად, ტივტივას  ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შესაძლო ზეგავლენაზე დაკვირვებისათვის უნდა დადგმულიყო ბენთოსური სადგურები, რომელთა  მეშვეობითაც მოხდებოდა სინჯების აღება ისეთი პარამეტრების ანალიზისათვის, როგორიცაა სრული ნახშირწყალბადური შემადგენლობა, სრული ორგანული ნახშირწყლები და ზღვის ფსკერის დასახლების შემადგენლობა. აღნიშნულ ბენთოსურ სადგურებზე დაკვირვება არ მომხდარა. ტერმინალის სამოქმედო არეალი დაახლოებით 32.72 კმ2 შეადგენს, ნაცვლად პროექტით გათვალიწინებული 500მ რადიუსის მქონე აქვატორიისა, რაც თევზჭერის არეალის შემცირებას და მეთევზეთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. არეალის შეკვეცითა და რესურსისადმი მიყენებული ზარალის შესაბამისად BP-ს მიერ უნდა ხდებოდეს თევზის საზღვაო მეურნეობისადმი ყოველწლიურად მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

მუნიციპალური წყლების გასაწმენდად ბათუმისა და ფოთის პორტებს მსოფლიო ბანკმა 18 მლნ $ გამოუყო, თუმცა, ნაგებობები არც შერემონტებულა. წინგადადგმულ ნაბიჯად ამ საქმეში ადლიის გამწმენდი ნაგებობის შექმნა ითვლება.

დაბინძურება საზღვაო წყაროებიდან

საქართველოს არც ერთი პორტის აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო  საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნებს. ფოთის პორტში გემებიდან მყარი და თხევადი ნარჩენების  განთავსების სისტემა ვერ პასუხობს გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ბათუმის პორტს არ გააჩნია ბალასტური და ნარეცხი  ნავთობშემცველი წყლების მიმღები და გამწმენდი ნაგებობა. რისკის ფაქტორს შეიცავს ნავთობისა და გაზის ტერმინალების გვერდიგვერდ არსებობა. ტექნიკური უსაფრთხოების გაძლიერებისათვის  უპრიანია უნაპირო ნავმისადგომთან გადასაქაჩი მილსადენის მოდერნიზაცია ტივტივას გამოყენებით, 30-100 000 ტონა ტევადობის ტანკერისათვის შტორმის პირობებში ღუზის ირგვლივ მოძრაობისათვის აქვატორიით უზრუნველყოფა.

არც სუფსის პორტში ხდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. სეგრეგირებული ტანკერების გამოყენების შემთხვევაშიც კი გადაუჭრელი ხდება ბალასტური და ჩაკირული წყლების ჩაბარების პრობლემა.

ქალაქების-ბათუმის, ფოთის, სავარაუდოდ, სოხუმის ნარჩენების განთავსება უშუალოდ საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელებზე ხდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად აქ მოიპოვება სამედიცინო, ინდუსტრიული და სხვა სახის ტოქსიკური ნარჩენები. საქალაქო ნაგავსაყრელების მდინარისა და ზღვის პირას უშუალო სიახლოვე  ტოქსიკურ ნივთიერებათა ზღვიდან ქალაქის პლაჟებზე მოხვედრას უზრუნველჰყოფს.

ზღვის ეკოსისტემებში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ამ პოლუტანტებით დაბინძურება დღითიდღე მატულობს, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი გემებიდან შემთხვევით გაჟონილ ფაქტებსა და ტერმინალებზე მოდის. რაც შეეხება სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, როგორიცაა პესტიციდები, მძიმე მეტალები, არ წარმოადგენენ ძლიერ პრობლემას. ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლო ამ ნივთიერებათა გამოყენების დონემ. ექსპერტთა აზრით, რადიოაქტიური ნივთიერებების დონე შავ ზღვაში ორჯერ მეტია მეზობელ  ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, ამასთან, დნეპრის წყალსაცავში დიდი რაოდენობით დალექილი რადიოაქტიური ნივთიერებები მიწისძვრის დროს დიდი საფრთხის შემცველია.

სანაპირო ეკოსისტემას გამუდმებით ემუქრება ნავთობისაგან დაბინძურების საფრთხე. დაბინძურების დონე მაღალია სანაპიროსთან და მდინარეთა შესართავთან, დაბალია ღია ზღვაში. ზოგადად, დაღვრა ავარიული და საოპერაციო ჩაშვების შედეგად- ჩამტვირთავი მილსადენის გემიდან მოშორებისას ხდება.

სუფსის ტერმინალის სამოქმედო არეალში ტანკერული ოპერაციების დროს ხმაურის სტრესულ ეფექტს განიცდის ყოველწლიურად გამოსაზამთრებლად სუფსის კანიონში ჩაწოლილი, საშუალოდ, 100 ათასი ტონა ქაფშია. არაფერს ვამბობთ მოსალოდნელ ინვაზიაზე, მდინარის მიერ შემოტანილი დაბინძურებული წყლების ზემოქმედებაზე თევზთა სამიგრაციო გზებზე, გამოსაზამთრებელ თუ სატოფო სუბსტრატზე. კავიტაციისა და გამაცივებელი სისტემების მუშაობის შედეგად ნორმალურ (არაავარიულ) პროცესში მექანიკურ ზემოქმედებას განიცდის პლანქტონური ორგანიზმები. აკუსტიკური ზემოქმედება დაბინძურების ძლიერ  სახეს განეკუთვნება. წყლის გარემოში ბგერა დაახლოებით ხუთჯერ სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში, შესაბამისად, 1500 მ/წმ და 330მ/წმ სიჩქარით, გარდა ამისა, ჰაერისგან განსხვავებით წყალი ბგერითი ტალღების ენერგიას სუსტად შთანთქავს. ამდენად, წყლის გარემოში ბგერა დიდი მანძილზე ვრცელდება. 

ბათუმის ნავთობის ტერმინალის მესვეურთ მოეთხოვებათ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება-ატმოსფეროში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ემისიის შემცირება, ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული მიწებიდან გამონაჟონის შეკრება და უტილიზაცია.

მნიშვნელოვანია ზღვაში ნახმარი ძრავის ზეთის მოხვედრა. მანქანის ძრავის მხოლოდ 1 ბოთლი ზეთი საკმარისია 56 ტ ზღვის წყლის დასაბინძურებლად. ამ სახის დაბინძურების აღკვეთა ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა.

ნავთობით დაბინძურება შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, სანამ არ იქნება გამოვლენილი მისი  ზემოქმედების შედეგები პოპულაციების დონეზე. ეს პროცესი ხანგრძლივ დაკვირვებას-მონიტორინგს მოითხოვს.

აღნიშნული სამოქმედო გეგმით 2000 წლისათვის უნდა დასრულებულიყო გემებიდან ნაგვის, ნავთობპროდუქტების ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების მიმღები საშუალებების დამონტაჟება. ინფორმაცია ზღვის გარემოს მდგომარეობის შესახებ პერიოდულად უნდა გაცვლილიყო.                     

არ არსებობს აკრედიტებული წყლის ხარისხის მონიტორინგის ლაბორატორია, სადაც მიიღწევა სასმელი, საბანაო, პორტების თუ აქვაკულტურის  წყლის სტანდარტის ჰარმონიზება. საინფორმაციო ცენტრი უნდა იძლეოდეს კანალიზაციისგან დაბინძურების ინგრედიენტის -ბაქტერიების სახეობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ფარდობის თვალსაჩინოებას.

საშურია ეკოლოგიური მონიტორინგი თითოეული -ბათუმის, სუფსის, ყულევის ტერმინალის საქმიანობაზე, შედარებების მოხდენა დღევანდელ თუ გადაზიდვის სრული ამოქმედების შემდეგ არსებულ სიტუაციაზე წყლის დაბინძურების ხარისხის, ბაქტერიოლოგიური, ფიტო და ზოოპლანქტონურ, ზოობენთოსურ, იქთიოლოგიური სინჯების დამუშავებით.

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ცხოველების, მცენარეებისას, მიკროორგანიზმების სახეობების და ეკოსისტემების „უთვალავი ფერით“კვლავ არსებობას გულისხმობს. გასული  საუკუნის განმავლობაში გარემოს განადგურებამ  გამოიწვია ბიომრავალფეროვნების ყველაზე სასტიკი შემცირება პლანეტის მთელი ისტორიის მანძილზე.

ცნობილია, რომ შავი ზღვა საკმაოდ პროდუქტიულია, ამავე დროს, ნაკლებად მრავალფეროვანია, ვიდრე მეზობელი ხმელთაშუა ზღვა. მრავალი მეცნიერი სწავლობდა შავი ზღვის ცოცხალ სამყაროს, რის შედეგადაც სევასტოპოლში, კონსტანცაში, ვარნაში, ოდესაში, ქერჩსა და სტამბულში ჩამოყალიბდა ბიოლოგიური სადგურები. მოგვიანებით მათ რიცხვს ბათუმის ბიოლოგიური სადგური შეუერთდა, რომელიც, სამწუხაროდ, 80-წლიანი არსებობის შემდეგ სათევზმეურნეო-ეკოლოგიურ მეცნიერებას გამოაკლდა.

თევზთა ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები სიმრავლის გამო რეწვის ობიექტები ხდებიან. ამდენად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება სარეწაო მნიშვნელობის თევზების მარაგების დაცვასაც გულისხმობს. თევზის მარაგის შემცირებას რეწვის შემცირება, შესაბამისად, თევზის მეურნეობის დეგრადაცია მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად გამოსწორდა ეკოსისტემის  მდგომარეობა სავარცხლურას რაოდენობრივი შემცირების ხარჯზე, თევზის მარაგი და თევზის მეურნეობა საგრძნობლად შერყეულია. თევზის მეურნეობის მართვა მხოლოდ თევზის რეწვის რეგულირებით არ უნდა შემოიფარგლოს, ყურადღება უნდა გამახვილდეს მარაგის აღდგენისაკენ მიმართულ უფრო ფართო ეკოლოგიურ მოთხოვნებზე, რამდენადაც მუნიციპალური, სამეურნეო, სამრეწველო,

მდინარის თუ ჰაერით დაბინძურებული წყალი საბოლოოდ ზღვაში ჩაედინება. ჩვენს ქვეყანაში  თევზჭერის რეგულირება შეუძლებელი გახდა, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა ხომ ფუფუნების საგანს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოსთვის.

თევზის საზღვაო მეურნეობის ჩავარდნის მიზეზი სამთავრობო სტრუქტურებში უნდა ვეძებოთ. პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ წყალში მყოფ თევზის დაცვა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო წყლიდან ამოღებული თევზი, როგორც პროდუქტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზრუნვის საგანია. ორი ძიძის ხელში რესურსი ადვილად იკარგება.

ეკოსისტემის ნატიფ სტრუქტურაზე ზეგავლენას ახდენს გემებიდან დაღვრილ ბალასტურ წყლებს შემოყოლილი მიგრანტი სახეობები (მაგ. სავარცხლურა), რომლებიც უზომოდ მრავლდებიან და ხდებიან ადაპტირებულნი ბუნებრივი მტაცებლების არდახვედრის გამო. გასული საუკუნის 40-იან წლებში იაპონიის სანაპიროებიდან შემოტანილ იქნა მოლუსკი რაპანა, რომელმაც გაანადგურა შავი ზღვის ხამანწკების ბიოცენოზი, განსაკუთრებით აფხაზეთის სანაპიროსთან. ეკოსისტემაზე ზეგავლენას ახდენს, ასევე, ეგზოტიკური სახეობების მოშენება მაგ. კეფალის სახეობა პილენგასი, რომელიც მოაშენეს აზოვის ზღვაში, გავრცელდა შავ ზღვაში და შეავიწროვა კეფალების ადგილობრივი სახეობები.

თევზი ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მისი გამრავლებისათვის აუცილებელია დაუბინძურებელი და დაცული ეკოსისტემა, ხოლო ეკოსისტემის არსებობისთვის თევზის რეწვის შესაბამისი მართვა. სწორედ ეკოსისტემის რღვევის გამომწვევი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი ჭარბჭერაა. ზღვის მთლიანი თევზჭერის რეგულირება ითვალისწინებს ზღვის ეკოსისტემის რეაბილიტაციისა და მდგრადი თევზის მეურნეობის მართვის პოლიტიკის გაფართოებას, ხოლო თევზჭერის დონე უნდა შეესაბამებოდეს თევზის მარაგის მდგომარეობას. ამ მიმართულებით არსებობს 1961 წლის ვარნის  კონვენცია თევზის მეურნეობის შესახებ, თუმცა ის არაეფექტური აღმოჩნდა თურქეთის მონაწილეობის გარეშე. ამ უკანასკნელს ზღვის აქვატორიის ნახევარი უჭირავს და თევზჭერის მაჩვენებლით პირველია ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის.

ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან ერთად დაცვას საჭიროებს ცოცხალ ორგანიზმთა საცხოვრებელი გარემო, რომელიც ბუნებრივია, უნდა ხდებოდეს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე. ბუქარესტის კონვენცია ერთადერთი კანონია, რომლის კონკრეტულ მიზანს  შავი ზღვის დაცვა წარმოადგენს და ისიც მხოლოდ დაბინძურებაზე აკეთებს აქცენტს, კანონის დამატებითი ნაწილი ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების დაცვას ითვალისწინებს. ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისათვის მიღებულ იქნა საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ.

ბიომრავალფეროვნების, გარემოს და ლანდშაფტების დაცვა  დიდადაა დამოკიდებული ადამიანის მიერ სანაპირო ზონის გამოყენებაზე. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის განხორციელება რთული პროცესია. იშვიათად თუ იქნება შესაძლებელი სანაპირო ტერიტორიაზე ყველა დაინტერესებული პირის მოითხოვნის დაკმაყოფილება, გამოსავალი კომპრომისის ძიებაშია და ხშირად ხორციელდება მთავრობების, საერთაშორისო დონორების, საზოგადოების მხარდაჭერით. მაგალითად, ყულევის ტერმინალის აშენებით დაირღვა რამსარის კონვენცია, საოცნებო აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართულიAანაკლიის პორტის აშენება შეუთავსებელია ტურისტული დასასვენებელი ადგილის  განვითარებასთან, კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირებასთან.

სანაპირო ზოლისათვის დიდი პრობლემას წარმოადგენს ეროზია და მიწის დეგრადაცია. მდინარეებს ჩამოაქვთ ქვიშა და კენჭები, ანუ ინერტული მასალა და კვებავენ პლაჟებს. ჭოროხზე კაშხლების კასკადის მშენებლობა ხელს უშლის ამ პროცესს და დროთა განმავლობაში შეუქცევად მოვლენასთან გვექნება საქმე. ამას ემატება ჭოროხის შესართავის მეანდრირებული ნაწილებიდან ინერტული მასალის მოპოვება სამშენებლო მიზნისათვის. ცნობილია, რომ მშენებლობისთვის მთის კარიერები გამოიყენება. სათევზმეურნეო  კანონმდებლობის არქონით შეუძლებელი ხდება გარემოსადმი მიყენებული ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა ქვეყანას კაშხლების კასკადის აგებით, სატოფო გზების დაბლოკვით. როგორც ცნობილია, მდინარე ენგურსა და რიონზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის აშენდა აფხაზეთში შავწყალას საკალმახე თევზსაშენი და ვარციხის ზუთხის თევზსაშენი. ჭოროხი ე.წ. საორაგულე მდინარეს წარმოადგენს. ანადრომული ტიპის ეს სახეობა გამრავლებისათვის ზღვიდან შემოდის, გასასვლელების შექმნის პირობებშიც კი ვერ მოახდენს რამოდენიმე კაშხლის გავლას. უკანასკნელ პერიოდამდე ჭოროხში კატადრომული ტიპის მდინარის გველთევზაც შემოდიოდა. გველთევზას მოზარდი სარგასის ზღვიდან გოლფსტრიმის დინებას მოჰყვება, მასზე ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა. უპრიამი იქნება საქართველოც შეუერთდეს კონვენციას საერთო მდინარეების დაცვის შესახებ.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა ხშირად ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, რაც თავის მხრივ ფასების ზრდისა და უმუშევრობის რისკს შეიცავს. ამდენად, უნდა ხდებოდეს ეკონომიკისა და ეკოლოგიის ჰარმონიზება. კერძოდ, ეკოლოგიისათვის უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავება და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გარანტი აქვაკულტურისა და ეკოტურიზმის განვითარებაა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში სათევზმეურნეო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ მხარეზე. განათლების სისტემაში  ეკოლოგიური მიმართულების გააქტიურება საშური საქმეა.

ბიორესურსების მოცულობის შემცირების პირობებში თევზის საზღვაო მეურნეობა მიმართავს  მარაგის რეგულირებას ლიცენზირების გზით. ამასთან, გამოსავალს სამეურნეო და ძვირფასი  სახეობის თევზების აღწარმოება და მოშენება წარმოადგენს.

ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზების ძიების პროცესში, საზღვაო თევზჭერის საქმიანობაში ბიუროკრატიული მექანიზმების და კორუფციის შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2006 წლიდან ქაფშიის ჭერის 10 წლიანი ძვირადღირებული ლიცენზია აუქციონის წესით გაყიდა. უქციონზე გამარჯვებულმა ფირმებმა შექმნეს თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაცია. ბენდუქიძის პროექტი უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო საზღვაო თევზჭერაში, რამდენადაც ათასობით ტონა თევზი ისე ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს ჯერ ჩრდილოეთ, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით, რომ ეკონომიკაზე ზეგავლენას ვერ ახდენდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოელებს 1 ტონაში მხოლოდ 3 $  ახდევინებდნენ, მაშინ როცა საზღვარგარეთ თითქმის იგივე თანხა ღირდა 1 კგ ქაფშია. ამასთან, გაედინებოდა უფრო მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ქამბალა-კალკანი, ხონთქარა, მერლანგი, ნადავლი ფაქტობრივად აღურიცხავი რჩებოდა.

7 ქართულმა ფირმამ თევზჭერის უფლება 8 მლნ ლარად შეიძინა. ხოლო ყოველწლიურად რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი 1ტ ქაფშიაზე 25 ლარის დაფიქსირებით 1.5-1.6 მლნ ლ შეადგენდა. მთავრობა ლიცენზიანტებს არა ფაქტობრივი ჭერილის, არამედ ასათვისებელი კვოტის მიხედვით ახდევინებდა გადასახადს, რასაც კიდევ ერთი გაუგებარი გადასახადი დაუმატეს. ცხადია, ზედმეტი ხარჯვა ბიზნესის განვითარებას  შეაფერხებს. ლიცენზიანტებს, მცირე გამონაკლისის გარდა, ჭერის კვოტა არ აუთვისებიათ. ინსტიტუტი რეკომენდაციას იძლეოდა მარაგის იმ ოდენობის ამოღებით, რომელიც ზიანს არ მიაყენებდა გარემოს, ანუ თევზი შეძლებდა მარაგის იგივე მოცულობის აღდგენას. მიღებულია მარაგიდან 40%-მდე უტილიზაცია. კვოტის ათვისებისათვის  სამინისტროს ხელთ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია არამარტო თევზის ფიზიოლოგიური, რაოდენობრივი, ბიომეტრული ანალიზის, არამედ თურქული და ქართული სეინერების ზუსტი რაოდენობის, ჭერადობის, სარეწაო დღეთა რაოდენობის შესახებ, ადგილზე ჭერილის გაკონტროლების, საბაჟოებიდან ზუსტი მონაცემების მიღების საშუალება და სხვა. უმეტეს შემთხვევაში ვერ სახელდებოდა თურქულ სეინერთა მიახლოებითი რაოდენობა.

პროექტს არაორდინარული მხარეც გააჩნდა-გაიყიდა ჯერ კიდევ არ გაჩენილი თევზის დაჭერის უფლება. ქაფშია მხოლოდ 3, იშვიათად – 4 წელიწადს ცოცხლობს. ცოცხალი რესურსის მარაგი დინამიურობით ხასიათდება, რამდენადაც მასზე ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. ამდენად, ბიომასის შეფასება ყოველწლიურად ხდება. შედარებისთვის, ქვანახშირისა თუ ნავთობის მარაგი ერთჯერადი გაზომვით ფასდება, მას მხოლოდ აკლდება ამოღებული ყოველწლიური მოცულობა. 

ლიცენზიანტებს უფლება მიეცათ რეწვისათვის გამოეყენებინათ თურქული წარმომავლობის სეინერები ლიზინგის სახით. არენდით სარგებლობამ თითქმის მთელი ნადავლის თურქეთში გადინება განაპირობა. ფაქტობრივად, თურქეთის სეინერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ხელშეკრულების არარსებობის პირობებში ეწევა რეწვას. ამასთან, ოპერირება ხდება შიდა წყლებში და არა ეკონომიკურ ზონაში, როგორც ამას საზღვაო კონვენცია ითვალისწინებს, ისიც ჭარბი მარაგის შემთხვევაში. უფრო მეტიც, არალეგალური ჭერა მიმდინარეობს კოლხეთის ეროვნული პარკის ზონაშიც. ასევე, რეწვა მიმდინარეობს საქართველოს კანონების დარღვევით.

თანამედროვე ჰიდროლოკაციის ჰორიზონტალური ტრაქტითა და აკუსტიკური აპარატით აღჭურვილი თურქული სეინერები კანიონებიდან თევზის მოპოვებას ადვილად ახერხებენ, ხშირად ყრიდნენ მცირე ზომის თევზს. თურქული წარმოშობის სეინერი და ჭერის იარაღი ბევრად აღემატება ქართული წარმოშობის იგივე საშუალებებს. თურქული ფლოტის სიმძლავრე 720-3648 ცხ.ძ შეადგენს; ქართული თევზმჭერი ფლოტის სეინერთა ძრავის სიმძლავრე, ძირითადად, 40-220, ერთეულ შემთხვევაში კი 440 ცხ.ძ შეადგენს. ჭერის იარაღი სეინერის ძრავის სიმძლავრეს შეესაბამება. საქართველოს სანაპიროზე თურქი მეთევზეები ქაფშიის მოსაპოვებლად 1500 მ (ნაცვლად 400მ-ისა) სიგრძის ქისა ბადეს იყენებენ. რაც ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია და ქართველი მეწარმეების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზიცაა. ამასთან,  ადგილობრივი მეთავზეები ნაკლებად იყვნენ დასაქმებულნი რეწვის პროცესში. FAO -ს მონაცემებით თურქული სეინერი დღეში 300-500 ტ, ზოგჯერ კი 1000 ტ თევზს იჭერს. შესაბამისად, საშუალოდ 20 სეინერი დღეში 6-10 ათ ტ, თვეში 20 სარეწაო დღის განმავლობაში 120-200 ათ ტ დაიჭერს. ჭერას თურქები იანვრიდან იწყებენ. 2008 წლის ჭერის კვოტა სულ 60 ათ ტ-ით იყო განსაზღვრული, ხოლო ოფიციალური ჭერილი 35 ათ ტ დაფიქსირდა. როგორც იტყვიან, ფაქტები კომენტარს არ საჭიროებენ.

მცირე გამონაკლისის გარდა  ლიცენზიანტებმა ვერ შეძლეს მცურავი საშუალებების შეძენა და გადამამუშავებელ საწარმოთა შექმნა, რაც უზრუნველჰყოფდა პროდუქციის შექმნას. მიუხედავად ადგილობრივი მეთევზებისადმი გაწეული  დახმარებისა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ ჭერის მოცულობის 10% უფასოდ გადაეცათ, ქართველი მეთევზენი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თევზჭერის სტატისტიკის არსებული მონაცემებით, საშუალოდ, ჭერის ქვოტის 60 ათ ტ პირობებში ქართული ფლოტისთვის გამოყოფილი 6 ათ ტ არასაკმარისი აღმოჩნდა. დაახლოებით 40 სეინერს, თითოეული დღეში საშუალოდ 4 ტ ჭერადობით, 55 ერთეული სარეწაო დღის პირობებში 8-10 ათ ტონის მოპოვება შეუძლია. ჭერის მაქსიმალური ოდენობა უკანასკნელ სეზონებზე „მალთაყვამ„ აჩვენა – 1230 ტ, უფრო ხშირად 100-200 ტ ნადავლზე უთითებენ, რაც რეალობას არ ასახავს.

ლიცენზია მოპოვებული თევზის 2/3-ის ხმელეთზე გადამუშავების ვალდებულებას ითვალისწინებდა, მხოლოდ 1/3 -ის ოდენობის გატანის უფლება მიეცათ.

აქცია ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ აღმოჩნდა ქვეყნისათვის, რამდენადაც ექსპორტზე გადიოდა არა თევზის პროდუქცია, არამედ ფაქტობრივად ნედლეული-ახლადგაყინული სახით. ჩვენგან გატანილი პროდუქცია შემდგომ დიდი მოგების შემძენია ევროპის ბაზარზე თურქებისათვის.

ადგილობრივი ბაზარი სეზონზე დაახლოებით 1 ათ ტ ქაფშიას მოხმარს ნედლი სახით.

თევზის პროდუქტი მაღალ ფასებში იყიდება უცხოეთში, შედარებისათვის, 1 ტ თევზის ფქვილისა და ზეთის ფასი, შესაბამისად,  1200-1700 $. ასევე, თევზის ფქვილისა და ზეთისგან დამზადებული საკვები პროდუქტი რელევანტურია ადგილობრივი ბაზრისათვის, ის მეთევზეობის, მეფრინველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ქაფშიასთან ერთად გადიოდა მერლანგისა და ხონთქარას ჭერილი. ფსკერისპირას ბინადარი  ეს ორი სახეობის თევზი ნებადართული ქისა ბადით არ მოიპოვება, არც მისი გატანა იყო გათვალისწინებული თურქეთში.

პრობლემურია ქაფშიის ჭერის იარაღის შერჩევა. საყოველთაოდ მიღებულია ქაფშიის ქისა ბადით მოპოვება. 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილები აცხადებდნენ, რომ ქისა ბადის წამოღება შეუძლებელი გახდა და ტრალით სარგებლობის უფლება დაუკანონდათ, შემდგომ კი ძვირადღირებული ქისა ბადის იაფფასიანი ტრალით ჩანაცვლება მოხდა მთელს სანაპიროზე მთელი წლის მანძილზე ყველა სარეწაო სახეობის მოსაპოვებლად. როგორც მეთევზეები ხუმრობენ, ტრალით ისე გადაიხნა საქართველოს სანაპირო,  სიმინდის დათესვა შეიძლებაო. წყლის სიზრქეში თევზჭერისათვის დაშვებული პელაგური, ანუ მრავალსიღრმისეული ტრალით მუშაობა გამოცდილი კაპიტნებისათვის ფსკერზე თავისუფლად ოპერირების საშუალებას იძლევა.

თევზჭერის იარაღები უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ბადეში არ მოჰყვეს ქაფშიის მოზარდი, თუმცაღა, ეს საკითხი უკვე სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული.

საქართველოს სანაპიროზე თურქული სეინერები შემოჰყავთ გვიან, მას შემდეგ, რაც ძირითად მასას დაიჭერენ ანატოლიის სანაპიროზე. ჩვენი სანაპიროსკენ შედარებით დიდი ზომის ქაფშია ნოემბერში მიგრირებს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ფასების შენარაჩუნების მიზნით ადგილობრივი მეთევზეები ჭერის ინტენსიობას ანელებდნენ. ყოველივე ეკონომიკურად წამგებიანია.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, საქართველოს თევზის საზღვაო მეურნეობისთვის მტკივნეული აღმოჩნდა განუკითხაობის წლებში ბათუმის თევზის პორტის მოშლა. პორტი განვითარებული ინფრასტრუქტურით-საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო კვანძით, მძლავრი სამაცივრო დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით გამოირჩეოდა. ბათუმში დაიშალა თევზმჭერი კომპანიები, დარჩენილი სეინერებისათვის ნავმისადგომიც მიუწვდომელი გახადეს და იახტკლუბის მოწყალების იმედზე დატოვეს.

ბუქარესტის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ საზღვაო კონვენციურ ინსპექციას, რომელიც მოწოდებულია ნავთობით დაბინძურების აღსაკვეთად, დაევალა თევზჭერის ლიცენზიის პირობების კონტროლი. ჭერილის ფიქსირებაც კი ინსპექციის მოვალეობაში შედის.  ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ თევზჭერის კონტროლია. ჭერილი ადგილზე, სეინერის  პორტში შემოსვლამდე, მითუმეტეს, საზღვრის დატოვებამდე უნდა შეფასდეს. კონტროლი კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტების მონაცემებით ხდება გატანილი თევზის ოდენობის გადამოწმება. დიდი სხვაობა აღმოჩნდა ჩვენსა და თურქეთის საბოჟოს მონაცემთა შედარებისას.  

აფხაზეთის პრობლემის გამო თევზჭერა მხოლოდ 180 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ხაზის ამარა რჩება. კოლხეთის ეროვნული პარკი 5 საზღვაო მილის სიდიდით ფოთის შუქურიდან ანაკლიამდე გრძელდება. ამას ემატება სუფსის ტერმინალის მიერ შემოკავებული აქვატორია. საბოლოოდ, თევზჭერის არეალი ძლიერ შემცირებულია.  

დიდი ეკონომიკური ეფექტის მომტანია ჰიდროაკუსტიკური აპარატურით აღჭურვილი სეინერის შეძენა, რომელიც კვლევითი სამუშაოს უზრუნველყოფასთან ერთად ქარავნის დაზვერვის (ლოკაციის) და თევზმჭერი ფლოტის განლაგების საშუალებას იძლევა.

სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამაში თევზი მოხსენებულიც არ იყო. შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო დახმარება თევზის სექტორში. ქართული საბანკო სისტემის მოუქნელობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ აძლევენ ადგილობრივ მეწარმეებს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას, რაც თევზის საზღვაო მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი გარემოებაა.

თევზის საზღვაო მეურნეობის საკითხებს ეკოლოგიური თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ. მეცნიერებაში ჰექსლის მიერ შემოღებული ტერმინი „ეკოლოგია„ ბუნების ეკონომიკას აღნიშნავდა. ეკოლოგიის მიზანს მდგრადი განვითარება-საზოგადოების  განვითარების ისეთი სისტემის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ჰარმონიული ნაზავია და რომელიც უზრუნველჰყოფს მომავალი თაობების უფლებას-ისარგებლოს შეუქცევადი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებებით მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

სამოქმედო გეგმით საქართველო ადასტურებს ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისა და რესურსების მდგრადი გამოყენების საქმეზე.

შავი ზღვის თევზჭერისა და ცოცხალი რესურსების დაცვის კონვენცია რეწვის ცივილური ფორმას დაამკვიდრებს ზღვის მთლიან აქვატორიაში, რაც ცოცხალი ობიექტების სახეობრივი და რაოდენობრივი შეფასების იდენტიფიცირებას, სარეწაო ზომების ერთიანი მეთოდით დადგენას, სარეწაო თევზის მარაგის რეგულარულ ერთობლივ შეფასებას, რეგიონალური ლიცენზირების სისტემის და კვოტური სისტემის არსებობას, სეინერის რაოდენობის შეთანხმებას, მოზარდი თევზების ბადეში მოხვედრისგან დასაცავად უნიფიცირებული ჭერის იარაღების  გამოყენებას, კონტროლის მექანიზმების, თევზჭერის წესების დანერგვას, არალეგალური ჭერის აღკვეთას და სხვა მარეგულირებელ პროცესს ითვალისწინებს. ასევე, განსაზღვრავს ბიორესურსისა თუ გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესებს.

თევზის საარსებო გარემო, მარაგი და ჭერილი

 

ცნობილია, რომ ჰიდრობიონტები ძლიერ არიან დამოკიდებული საარსებო გარემოზე, ვიდრე ხმელეთის ბინადარნი. ამდენად, ზღვის სარეწაო თევზის მარაგის დადგენა კომპლექსური კვლევის საგანია და გულისხმობს ეკოლოგიური სიტუაციის განსაზღვრას, თევზის ბიომრავალფეროვნების დადგენას, თევზჭერის მენეჯმენტის შემუშავებას.

ლიტერატურული მონაცემებით, უკანასკნელ ათწლეულში შავი ზღვის, მათ შორის საქართველოს სანაპიროზე ეკოლოგიური მონაცემების ძლიერი რყევები არ შეიმჩნევა- წყლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, ჰიდრობიონტთა ბიომრავალფეროვნება  სტაბილურია. შემოჭრილი უხერხემლო მტაცებელი სავარცხლურაც თითქოს „ჩაჯდა“ ეკოსისტემაში, რამდენადაც მეცნიერება უძლური აღმოჩნდა მასთან ბრძოლაში, ზღვამ თვითრეგულაცია მოახდინა.  სავარცხლურა სითბოსმოყვარული თევზების ქვირითს, მოზარდს და საკვებს ანადგურებს. სავარცხლურას ქცევას ხშირად მგლის გაუმაძღრობას ადარებენ. ის სანაპიროს გასწვრივ 0-25 მ, ანუ აქტიურ ზონაში ბინადრობს. მისი ნათება შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია ღამის საათებში სანაპიროსთან წყლის მსუბუქი შერხევით.

თევზის მარაგის აღდგენის და მოპოვების პროცესი საქართველოს სანაპიროზე, ბუნებრივია, შავი ზღვის პრობლემებს იმეორებს. ცვლილებები აისახა ეკოსისტემათა სხვასასხვა რგოლზე. ზღვამ ნაწილობრივ დაკარგა ბაქტერიოციდული თვისებები, რაზეც მიუთითებს პათოგენური და პირობითპათოგენური  მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება და ზღვის ჭეშმარიტი ბინადარი მიკროორგანიზმების დაკნინება. დაბინძურების, კონკრეტულად, სავარცხლურას ზემოქმედების შედაგად საკვები ზოოპლანქტონის, ძირითადად, ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირების ბიომასა 20-ჯერ შემცირდა, შემდგომ შეძლო აღდგენა განახევრებული ოდენობით. ცვლილებები განიცადეს მაკროფიტებმა, მოლუსკებმა.

ზღვის ფსკერზე დანალექი ნივთიერებების არსებობა ევტროფიკაციით ვლინდება, ასევე, ეფექტურია ეკოსისტემის რესტრუქტურიზაციის საქმეში. შედეგად, შეიმჩნევა მედუზების რიცხოვნების ზრდა. ჩვენს სანაპიროზე ევტროფიკაციის პროცესი ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცაღა, დაბინძურების მაჩვენებელი ფიტოპლანქტონის ინდიკატორი ფორმები ფიქსირდება. ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით წყლის დაბინძურება აბრკოლებს Fფოტოსინთეზის პროცესის წარმოებას, ატმოსფერული ჟანგბადის გახსნას წყალში. პოლუტანტთა გარდაქმნაზე დიდი რაოდენობით იხარჯება ჟანგბადი. ჰიპოქსია ჯაჭვური რეაქციით იწვევს ჰიდრობიონტთა სასიცოცხლო პროცესების დათრგუნვას. პოლუტანტთა გარდაქმნის საბოლოო პროდუქტები კუმულირდება ჰიდრობიონტთა ორგანიზმში, გრუნტსა და წყალში. დაბინძურების ხარისხს  უჩვენებს ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა, ჟანგვადობა, ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარება. ტოქსიკურ ნივთიერებათა მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით თევზის ქვირითი და მოზარდი გამოირჩევა, ზრდასრულ თევზებს უნარი შესწევთ აღმოაჩინონ და თავი აარიდონ წყლის დაბინძურებულ მასებს. ზღვის ფსკერი ბევრი ჰიდრობიონტის გამრავლების ადგილს წარმოადგენს.

რაც შეეხება თევზის ბიომრავაფეროვნებას, შემცირებულია როგორც სახეობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. გასული საუკუნის 80-იან წლებში  შავ ზღვაში გავრცელებული თევზის 184 სახეობა და ქვესახეობიდან  ჩვენს სანაპიროზე 104 ერთეული აღირიცხებოდა. საუკუნის დასაწყისში 69 და უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის იურისდიქცირებად ზონაში იქთიოფაუნის მხოლოდ 52 წარმომადგენელი დაფიქსირდა. მათგან ქაფშიის გარდა შედარებით მცირე სარეწაო მნიშვნელობა სტავრიდამ, მერლანგმა და ხონთქარამ შეინარჩუნა.   ყოველივე განპირობებულია ანთროპოგენული სტრესით: ჭარბჭერით, გარემოს დაბინძურებით, უკონტროლო ტრალვით, ზოგადად, სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკის უქონლობით. ქაფშიის ბიომასა თითქმის ორჯერ შემცირდა, აღდგენა პირვანდელი ფორმით კი ვერ შეძლო. ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესება ფუფუნების საგნად მიიჩნევა განვითარებად ქვეყნებში, შესაბამისად, სავარცხლურას ბიოლოგიური ასპექტების შესწავლის ნაცვლად მოვახერხეთ მის ბიომასასა და თევზის ბიომეტრულ მონაცემებს შორის კორელაციური კავშირის დადგენა. შედეგები სრული სიზუსტით ასახავდა ზღვის დაბინძურების რეალურ სურათს.

თევზის ბიომრავალფეროვნებას ზღვის გეომორფოლოგიური თავისებურება განსაზღვრავს. საქართველოს კონტინენტური შელფის სივიწროვე და გოგირდწყალბადის ჭარბი რაოდენობა განაპირობებს პელაგური თევზის (ქაფშია, შპროტი და სხვა) სიმრავლეს და ფსკერული და ფსკერისპირა ფორმის (ქამბალა-კალკანი, ხონთქარა, მერლანგი, ღორჯოების რამოდენიმე სახეობა და სხვა) სიმცირეს. გავრცელებითა და ცხოვრების ნირით თევზები კარგად გამოხატავენ ზღვის გეოლოგიური წარმოშობის ისტორიას. შესაბამისად, არჩევენ  ზღვის იქთიოფაუნის შემდეგ ელემენტებს: პონტო-კასპიურ რელიქტებს, ანუ თევზთა სახეობები შავი და კასპიის ზღვის ერთიანი არსებობის დროიდან; ბორეალური რელიქტები, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვებიდან შემოიჭრნენ ბოსფორის სრუტის შექმნის ადრეულ ეტაპზე; ხმელთაშუა ზღვის ემიგრანტები, რომლებიც შემოვიდნენ წყლის მარილიანობის მომატების შემდეგ. ეს უკანასკნელი ჯგუფი ზღვის ყველაზე ახალგაზრდა ბინადარია და, ამავდროულად, მრავალფეროვნების უდიდეს 80% შეადგენს. 90-იან წლებში პირველად დაფიქსირდა კეფალების წარმომადგენელი პილენგასი.

უკონტროლო ტრალვა შეუქცევად ზიანს აყენებს ეკოსისტემას, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს ფსკერსა და ფსკერისპირას ბინადარი ყველა სახეობის თევზის მოპოვება, ხდება წყლის ამღვრევა, ბიოცენოზის დაზიანებით წყდება წყლის ფილტრაცია, ნელდება ფოტოსინთეზის პროცესი, შესაბამისად ირღვევა კვებითი ჯაჭვი და ფერხდება თევზის საკვებით უზრუნველყოფა.

ფაქტობრივად, ტრალვით გამოწვეული თევზის საარსებო გარემოს მკვეთრი გაუარესების შედეგად ჩვენი სანაპიროდან გაქრა ბუდეების მკეთებელი და მცველი, წყალმცენარეებსა და წყალქვეშა საგნებზე ქვირითისმყრელი, დემერსალური ქვირითის მქონე თევზთა სახეობები. შედარებით შენარჩუნდა პელაგიალში ქვირითისმყრელი სახეობები, რაც გარკვეულწილად, სედიმენტების, მათ შორის ნავთობპროდუქტების  დაშლის საბოლოო პროდუქტების  ფსკერზე დალექვით გამოწვეულ დეპრესიას და  შედარებით სუფთა წყლის შენარჩუნებას უკავშირდება.

ასევე, გაქრნენ ჩვენი სანაპიროდან ხმელთაშუა  ზღვიდან შემომავალი ფორმები -თინუსი, შიმშერი, სფირენა და სხვა სახეობები, რაც ბოსფორის სრუტის დაბინძურებითაა განპირობებული.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული ენერგომატარებელთა სატრანზიტო ფუნქცია დამატებით ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს. რამდენადაც მიმდინარეობს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის სატრანზიტო როლის ჩამოყალიბება და მასზე იგება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტები, გარემოსადცვით საკითხებთან შედარებით ხდება ეკონომიკური ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭება.

როგორია ქაფშიის მარაგის მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში და  როგორ აკონტროლებს მის მოპოვებას გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო?

არსებობს თევზის საზღვაო მეურნეობის მდგრადი განვითარების პოტენციალი, თუკი მოხდება სამთავრობი დონეზე ცნობიერების ამაღლება და ქმედითი დახმარება ინვესტიციების მოზიდვით, დეგრადირებული ფლოტის განახლებით.

დღეისათვის ქაფშიის რეწვის პრობლემა არა რაოდენობაში, არამედ მის მოპოვებასა და აღრიცხვაშია. როგორც აღინიშნა, ჭერის რეგულირების 10 წლიანი ვადა გასულია. თევზჭერის ლიცენზიის მოპოვება ქართველ მეთევზეთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სავარაუდოდ, ლიცენზიის ფასი 1 ტ თევზის მოსაპოვებლად მისი გასაყიდი ფასის 10-15% არ უნდა აღემატებოდეს.

ქაფშიის მარაგის დადგენისაკენ მიმართული სამეცნიერო კვლევები უკანასკნელ ოთხ სეზონზე არ ჩატარებულა. 2004-2011 წლებში ბიომეტრიული მეთოდის გამოყენებით ქაფშიის საშუალო მარაგი 141 ათას ტ-ით განისაზღვრა. მეტი სიზუსტისთვის პელაგური თევზების მარაგის შეფასება ბიოლოგიურთან ერთად უნდა მოხდეს იზობათების, გალსების შესაბამისად აგეგმვითი მეთოდით ჰიდროაკუსტიკური აპარატურის, ექოინტეგრატორის გამოყენებითა. როგორც აღინიშნა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საკვლევი სეინერი ეკონომიკურად მომგებიანია, რადგან კოორდინატების მიწოდებით თევზმჭერი ფლოტი დაზოგავს დროს და საწვავს თევზის ქარავნის ძებნაში.

აღნიშნულ პერიოდში  ყოველწლიური ნადავლი  26-40 ათას ტონას შორის მერყეობდა. რეწვაში მონაწილეობდა 43 ერთეულამდე ქართული და 20-23 ერთეული თურქული ფლოტის სეინერი. თუმცაღა, ამ უკანასკნელის რაოდენობა ხშირად არ სახელდება. იგივე პერიოდში თურქეთის სანაპიროზე კვლავ იმატა ჭერილის ოდენობამ და 400 ათას ტონას მიაღწია.

ვფიქრობ,  უპრიანია სამთავრობო დონეზე მოხდეს ქაფშიის მარაგის შენარჩუნების, აღწარმოების და ოპტიმალური მოხმარების მიზნით თევზჭერის კონვენციის მიღებამდე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება. შეთანხმება უნდა მოხდეს მარაგის დინამიკაზე დაკვირვებისათვის, თევზჭერის წესებზე, აქვატორიის მათ შორის მდინარეების, საჰაერო გზით, დაბინძურებისგან დასაცავად მიმართულ საქმიანობაზე,  თევზის რესურსისა და გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე და სხვა ასპექტზე. ჭარბჭერა ანატოლიის სანაპიროზე ავტომატურად გამოიწვევს მარაგის შემცირებას საქართველოს სანაპიროზე, რისი ისტორიული გამოცდილება უკვე მივიღეთ. თევზჭერა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ქართულმა ფლოტმა უნდა აწარმოოს, აუცილებლობის შემთხვევაში თურქულ სეინერებს მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეცეს ოპერირების უფლება.

თურქი მკვლევარების მონაცემებით 2011 წლის დასაწყისისათვის აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის, უკრაინის და თურქეთის ფლოტის მიერ 30 სეინერით  მოპოვებულია 50 ათ ტ ქაფშია, სხვა ინფორმაცია ჭერის შესახებ არ არსებობს. აფხაზეთის სანაპიროზე სასურველია და შესაძლებელია ეკოლოგიური მონიტორინგის წარმოება საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

უთუოდ, მომავალში კოოპერატივში გაერთიანებული მეთევზეთა ბრიგადები შეღავათიან ფასებში შეიძენენ საშუალო სიმძლავრის თანამედროვე სეინერებს, ძვირადღირებულ ქისა ბადეს. მოხდება ნედლეულის ადგილზე გადამუშავება. პროდუქტები ახლადშეყინული ნედლი ფორმით, კონსერვის, ფქვილის, ზეთის სახით მოხმარდება უცხო და ადგილობრივ ბაზარს, ცხადია, სათანადო ავტორიზებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სერთიფიკატის მიღების შემდეგ.

საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის რამოდენიმეჯერ შემცირებული, მაგრამ საკმარისი ოდენობა აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სეზონებზე მარაგის შესწავლა არ მომხდარა, ექსპერტული ხასიათის პროგნოზი 2015/16 წლების სეზონზე 60 ათ ტ ქაფშიის მოპოვების გარანტიას იძლევა.        

განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის შავი ზღვის ეკოლოგიური ფონდის შექმნის შეღავათს გვაძლევს, პროექტი შემუშავდა ჯერ კიდევ ინსტიტუტის არსებობის პირობებში. ფონდის ფუნქციონირებას   სარგებლობის მოტანა შეუძლია ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობისათვის, ისევე, როგორც მომგებიანი იყო პირველი ლიცენზირებული ბუნებათსარგებლობის  (თევზჭერის დებულების) პროექტი სათანადო კანონის მიღებამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: