სიახლეები

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

27.10.2015 • 3646
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. მშენებლობა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტენდერში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ანაგი“, ბოლო შეთავაზება – 25 900 000 ლარი; „დაგი“ – 24 855 000 ლარი;  „ო.შ.-ინშაათი“ – 22 284 763 ლარი და „საბა კონსტრაქშენი“ – 22 172 764 ლარი.

სწორედ „საბა კონსტრაქშენის“, როგორც ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციას შეისწავლის სატენდერო კომისია. კომისიის თავმჯდომარე შპს `სტადიონის~ დირექტორი ჯემალ ბოლქვაძეა.

„ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება არ ნიშნავს, რომ პრეტენდენტი იმავდროულად ტენდერში გამარჯვებულია. უნდა მოხდეს შერჩევა-შეფასება კანონის შესაბამისად… პირველ ეტაპზე, კომისია შეისწავლის, თუ რამდენად შესაბამისობაშია ამ კომპანიის დოკუმენტაცია სატენდერო   მოთხოვნებთან,“ – უთხრა `ბათუმელებს“ ჯემალ ბოლქვაძემ.

მეორე ეტაპზე კომპანია წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემებს – ესაა ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი ცნობები [ძირითადად ფინანსური – ქონებაზე ყადაღის არარსებობის, საბიუჯეტო დავალიანების არქონის და ა.შ.]. 

სატენდერო კომისიას ხელშეკრულების გაფორმებამდე მაქსიმუმ 23 სამუშაო დღე აქვს. ამასთან, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. კითხვაზე, საკმარისია თუ არა არსებული მოთხოვნები კომპანიის შესასწავლად და იმის სათქმელად, რომ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ეს კომპანია საქმეს ბოლომდე მიიყვანს – ჯემალ ბოლქვაძე ამბობს, რომ `სატენდერო პირობებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია მაქსიმალურად ახლოსაა იდეალურთან და რაღაც რისკებისგან დაზღვეული ბოლომდე არავინაა და 100%-იან რისკებს ვერავინ გათვლის~.

არის თუ არა იმის გარანტია, რომ საავადმყოფოს მშენებლობა ოლიმპიური სტადიონის პროექტირების ბედს არ გაიზიარებს? – ჯემალ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის სხვა პროცედურა იყო, ეს სხვა პროცედურაა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ აპრილამდე. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაასრულოს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

ახალი საავადმყოფოს შენობა (მთავარი კორპუსი) და დამხმარე ნაგებობები გეგმით განთავსდება გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გასწვრივ, ასწლოვანი მცენარეებით გაშენებული ბაღის გარშემო. ცენტრალური შესასვლელი მოეწყობა აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში, ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანები საავადმყოფოში პუშკინის ქუჩიდან მოხვდებიან, სამეურნეო შესასვლელიც იქნება პუშკინის ქუჩიდან. შენობის მთავარი კორპუსი განსხვავებული სიმაღლის სამი: A, B და C ბლოკისაგან შედგება. A და B ბლოკი ხუთსართულიანია, C ბლოკი _ ოთხსართულიანია. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია ავტოსადგომი პერსონალისა და მიმსვლელებისთვის.

სამუშაოების დაწყებამდე ტენდერში გამარჯვებულმა უნდა აღრიცხოს მწვანე ნარგავები. თუ საჭირო გახდება მათი მოჭრა ან გადარგვა, აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ამასთან, ტერიტორიის შუაში არსებული სკვერი გაიმიჯნება სამშენებლო მოედნისგან და მშენებლობის პერიოდში მის გარშემო მოეწყობა დროებითი ღობე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: