სიახლეები

რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან?

06.11.2015 • 1727
რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან?

 

400დარწმუნებული ვარ, “რუსთავი 2“ მისთვის შვილივით ძვირფასია, მაგრამ ის ხომ შეეგუა, დათმო, ერთხელ ხომ ვერ გახდა გარანტი? მითხარით, რა არის ოპტიმიზმის საფუძველი? ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ასეთი დიდი ფასი გაიღო,  დვალისთვის „შვილი“ („რუსთავი 2“) რომ  დაებრუნებინა? ახლა ის ვალშია მასთან, ხელისუფლებასთან – დვალი ვერ გამოდგება სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდის პროტოტიპად. აღმოჩნდა, რომ ის უკვე მეორედ, უკვე სხვა ხელისუფლების სცენარის ერთ-ერთი მთავარი გმირია (ეს სცენარი ჩვენს მიღმა ჩვენი გვერდის ავლით მუშავდება, ჩვენ მხოლოდ ფინალი გვაჩვენეს).

 

შენიღბული სიმართლე, არასამართლიანად დაბრუნებული სიმართლე, გაკონტროლებული სიმართლე, ნიშნისმოგებით მიღებული სიმართლე ჩვენ, მოქალაქეებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. თეორიულად რომ დავუშვათ, „რუსთავი 2“ უკეთესიც რომ გახდეს, ვიდრე იყო აქამდე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მოქალაქეებმა სამართლის  სამართლიანდ დაბრუნებას მისცეს ხმა. უკეთესს „რუსთავი 2-ს“ კი, თუ კი ის  ჩვენი არჩევანი არაა, ჩალის ფასი აქვს.

  

კიდევ ერთი სახელი და გვარი, ის იმედის – იმ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, სადაც მე ორი წელი ვიმუშავე. არაფრის გახსენება არ მინდა მასთან დაკავშირებულის, ჩემთვის ის ამ ხელისუფლების ჯოზეფ ქეია. რეზო საყევარიშვილზე ვამბობ.

 

საზოგადოებას ქმნის თავისუფალ ადამიანთა ერთობლიობა. „ნაციონალური  მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანამოაზრეები ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არის, ჩვენი ოპონენტები გვეკითხებოდნენ, ხომ ვიყავით ჩვენ თავისუფლები? ეს თავისუფლება მაშინაც ჩვენი მოპოვებული უფლება იყო და არა ბოძებული. ბოძებულ სიმართლეს, ბოძებულ უფლებას სწორედ მაშინ დაკარგავ, როცა ის, ვინც გიბოძა, ჩათვლის, რომ აღარ იმსახურებ.

 

თუ საზოგადოება ხარ, უნდა გქონდეს რეაქცია და საჩუქარსაც სკეპტიკურად უნდა უყურო. არ უნდა დაკმაყოფილდე თავისუფლების მხოლოდ რამდენიმე კუნძულით. დუმილი გამოსავალი მაშინაც კი არ არის, როცა ძალას იკრებ, რაც არ უნდა უმცირესობაში იყო, თუ მოტივერებული ხარ, ცვლილების იმედი არ უნდა დაკარგო.

 

როცა ჩემს წარსულს გადავხედავ, ყველაზე დიდი შეცდომებს მაშინ ვუშვებდი,  როცა ვეგუებოდი, ვჯერდებოდი თუნდაც თავისუფლების რამდენიმე კუნძულს.

 

ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, დამღუპველია კომპრომისი, პოლიტიკოსები კომპრომისების ხელოვნებას ფლობენ, ისინი ყოველთვის გაიმართლებენ თავს, რატომ იქცეოდნენ ასე, ჟურნალისტები ვერასდროს ახსნიან დუმილის მიზეზს. არის მომენტები, როცა კონკურენცია გვერდზე გადადის და მის ადგილს ჟურნალისტური სოლიდარობა იკავებს, ოღონდ უნდა იგრძნო, არის თუ არა ახლა ამის დრო:

 

როცა ვახო სანაიას გადაცემა გაქრა, ეს ვერ გახდა ჟურნალისტური სოლიდარობის მიზეზი, შემდეგ ამ არხზე უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო, ვერც ეს ეს გახდა სათანადო პროტესტის მიზეზი, შემდეგ იმედზე გრიგოლიას გადაცემა დაიხურა, ჩვენ მასშტაბურად ეს პროცესი ხელისუფლებას არ დავუკავშირეთ, ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ გამოუვიდა. განცდა დამრჩა, რომ ჩვენ ვცდილობდით და ვეძებდეთ მიზეზს, რომ არ ვიყოთ  სოლიდარულები.   

 

მე არ ვახსენე ნიკა გვარამია და სხვები, ვინც ახლა  მუშაობენ „რუსთავი 2-ზე“, ჩემი პროტესტის მიზეზი არის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რა ფორმითაც ჩვენ ის მოგვაწოდეს. ჩვენ, მე და ჩემი თანამოაზრეები, რომელთა ნაწილიც  ადრე ჩემი  ოპონენტი იყო, ამან  დაგვტოვა შეურაცხყოფილები, ე.ი. შეგვეხო.

 

გულახდილად ვამბობ: ის, რაც გეხება და გაღელვებს, არ შეიძლება მიიჩნიო მხოლოდ „რუსთავი 2- ის“ საქმედ, მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი მფლობელების საქმედ. სამი შვილი რომ მყავს და ერთ ხელზე  ხუთი თითი რომ მაქვს, სწორედ ასე ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმე  ერთ სასამართლო დავაზე ბევრად მეტია.

 

და ბოლოს.

 

ერთი რამის გახსენება მინდა. მაშინ გადაცემა მიმყავდა „ტვ 25-ზე“, შაბათ დღეს მეგობართან ერთად ვსეირნობდი. ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე ერთი სახლია, ეზოში ბევრი მცენარით. ეს ეზო ძალიან მომწონდა, რომ ჩავუვლიდი,  ვჩერდებოდი ხოლმე და ვიცქირებოდი. ერთი სანდომიანი ქალი გამომელაპარაკა ეზოდან, საუბარი ყვავილებზე დავიწყეთ, შემდეგ მას ცრემლები მოადგა და მითხრა, მცენარეების გადარგვით თავს ვიმშვიდებ შვილო, ჩემი ორი შვილი მენატრება, რატომ ვერ უნდა მოდიოდნენ ჩემი შვილები სახლში, რა დავაშავე, სულ ვშრომობდი, ჩემს შვილებს მძინარე არ ვუნახივარ, ეს რატომ დავიმსახურე?“ – ძლიერი ქალი იყო, გულწრფელიც. გავბრაზდი, დედებს რომ ატირებს, იმ ხელისუფლებაზე გავბრაზდი, ეს ქალი ქიბარ ხალვაშის დედაა. მე ვგულშემატკივრობდი ამ ალალ ქალს…

 

მაგრამ ახლა კითხვას ვსვამ, რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან, მისი საკუთრების უფლება აღდგენილია და მე, ერთი მოქალაქე, ახლა არ ვგულშემატკივრობ ამ მეთოდით აღდგენილ მის უფლებას, რადგან მიმაჩია, რომ ის ისევ ვალშია ამ ქვეყნის „ძლიერთა“ წინაშე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: