50481

კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსების კანონიერად და რაციონალურად ხარჯვას ეჭვქვეშ აყენებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბათუმის წყალში“ თანამშრომლებზე საშვებულებო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაცემა კანონმდებლობის შეუსაბამოდ ხორციელდება. შპს „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი ბათუმის მერიაა, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოსაც ის ამტკიცებს. საწარმოს ბოლო ორი წლის შემოწმების მასალები აჭარის პროკურატურაში გადაიგზავნა. „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობა აუდიტის დასკვნას ძირითადად არ ეთანხმება.

„შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე დარიცხულია საშვებულებო ანაზღაურება 93 944,5 ლარი, ხოლო 18 თანამშრომელს, შვებულებიდან გამოძახების მიუხედავად,  დაერიცხა 32 589,9 ლარი. ამასთან, თანამშრომლებზე ანაზღაურებულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების (დღეების) ღირებულება ჯამში 1 მილიონ 341 ათას 46 ლარის ოდენობით, თუმცა დოკუმენტურად არ ფიქსირდება აღნიშნულ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა,“ – აღნიშნულია შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც „ბათუმის წყლის“ 2014 წლის შემოწმებას ეხება.

აუდიტის ინფორმაციით, „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], პრემია [როგორც ყოველკვარტალურად, ასევე თანამშრომელთა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით], ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის [რომელიც ხელფასის ორმაგი ტარიფით განისაზღვრებოდა] და ასევე რიგ შემთხვევებში, თანამშრომლები შეთავსებით სხვა ანაზღაურებად სამუშაოებსაც ასრულებდნენ.

აუდიტის მიხედვით, საწარმოს 2014 წლის სრული შემოსულობები 10 316 576 ლარით განისაზღვრა, დანახარჯებმა კი 10 233 857 ლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 5 მილიონზე მეტი – სწორედ თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებში გაიხარჯა. საწარმოში შარშან დასაქმებული იყო 236 შტატით და 201 შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებზეც დარიცხულია: ხელფასი – 3 083 874 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება – 1 341 394 ლარი და პრემია 709 940 ლარი, მათ შორის პრემია შტატგარეშე დასაქმებულთათვის – 154 792 ლარი.

აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება გაიცემოდა ყოველთვიურად, შესაბამისი სიის მიხედვით, სადაც აღნიშნული იყო თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, თუმცა „ვერ ხდება იდენტიფიცირება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აუცილებლობისა და შინაარსის“.

«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება კანონმდებლობის სრული დაცვით და «აუდიტის ანგარიშში ასახული გაცემული ზენორმატიული სამუშაოს ანაზღაურების უმეტესი წილი მოდის წინასწარ დამტკიცებული ყოველთვიური [სათავე ნაგებობების, ცხელი ხაზის, გამწმენდი ნაგებობების, სატუმბო სადგურების, რეზერვუარების, ლაბორატორიისა და სამორიგეო მუშა-ჯგუფების] გრაფიკისა და განრიგის შესაბამისად.»

აუდიტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულებზე საშვებულებო ანაზღაურების გათვლა ხდებოდა ნამუშევარი ბოლო სამი თვის ანაზღაურებიდან, რომელიც გარდა ხელფასისა, ასევე მოიცავდა მათთვის ორმაგი ტარიფით ანაზღაურებულ ზეგანაკვეთური სამუშაოების თანხასაც.

„შრომის კოდექსის შესაბამისად, საშვებულებოს გათვლა უნდა მოხდეს წინა თვის ფიქსირებული ანაზღაურებიდან და არ უნდა მოიცავდეს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხულ განაცემს… მიუხედავად ამისა, „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე საშვებულებო ანაზღაურების სახით, შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, დარიცხულია 93 944,5 ლარი“, _ ასკვნის აუდიტი.

აუდიტის ჯგუფის მიერ, მაგალითისთვის, ორი დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურებაა მოყვანილი. პირველ შემთხვევაში დასაქმებულს ყოველთვიურად ერიცხება ხელფასი 1000 ლარის ოდენობით, რიგ შემთხვევაში პრემიაც და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ნამუშევარი დღეების ანაზღაურება ხელფასის ორმაგი ოდენობით. ეს დასაქმებული, 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 24 სამუშაო დღით გავიდა შვებულებაში. მისი საშვებულებო ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ფიქსირებული ანაზღაურება, აღებული იქნა წინა სამი თვის ანაზღაურება და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხული განაცემი, რომლიდანაც გაანგარიშებული მისი საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრა 1676,07 ლარით.

თუმცა 2014 წლის 2 ოქტომბერს, ანუ შვებულებაში გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, გენერალური დირექტორის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, თანამშრომელი გამოძახებული იქნა შვებულებიდან, რის შედეგადაც თვის ბოლოს მას დაერიცხა ოქტომბრის სრული ხელფასი და საშვებულებო ანაზღაურება [მიუხედავად იმისა, რომ შვებულებით აღარ უსარგებლია], ანუ ჯამში _ 2676 ლარი.

მეორე დასაქმებულს, კი რომელსაც ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 2400 ლარის ოდენობით, ასევე ეძლეოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და რიგ შემთხვევებში პრემიაც, ანალოგიური წესით აგვისტოში ხელფასი 6040,6 ლარი დაერიცხა [საშვებულებო ანაზღაურების ჩათვლით].

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შრომითი კანონმდებლობა არ ცნობს გამოძახების ინსტიტუტს: „როგორც გამომუშავებული ხელფასის ოდენობა არის დამოკიდებული ნამუშევარ დღეებზე, ასევე საშვებულებოს ოდენობა დამოკიდებულია შვებულებაში ყოფნის დღეებზე.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თანამშრომელი პირველ ოქტომბერს გავიდა შვებულებაში 24 სამუშაო დღით, რომელიც გამოძახებულ იქნა 2 ოქტომბერს, რის გამოც მან შეწყვიტა შვებულება. მიუხედავად იმისა, რომ ისარგებლა შვებულების მხოლოდ ერთი დღე, მას საშვებულებო ჩაერიცხა 24 სამუშაო დღის, ასევე მას წლის ბოლომდე აღარ უსარგებლია შვებულებით. ზემოთ აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, საშვებულებო ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ შვებულების ერთი დღე, დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილად».

ანალოგიურ გამოძახებებს „ბათუმის წყალში“ წლის განმავლობაში 18-ჯერ ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამოდ გადახდილმა თანხამ ჯამში 31 589,9 ლარი შეადგინა.

საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება,  ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში, განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

«ბათუმის წყალი» სადაოს ხდის «ფიქსირებული ანაზღაურების» შინაარსს და მერიის მიერ დადგენილ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს «ფიქსირებულ ანაზღაურებად» არ მიიჩნევს.

«ანაზღაურება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც თანამდებობრივ სარგოს [საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასის ოდენობას], ასევე შრომითი ხელშეკრულებით [ან სხვა წესებით] გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ ნებისმიერ სხვა ფულად ან სხვა სახის კომპენსაციას… საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიღებული ნებისმიერი ფულადი ან სხვა სახის კომპენსაციიდან», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში» და, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საშვებულებო გაანგარიშებაც შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება: «წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აზრით ადგილი ექნებოდა დაქირავებულის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას».

რაც შეეხება თანამშრომლების შვებულებიდან გამოძახებას, «გამონაკლის შემთხვევაში საწარმო იძულებულია დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში, შეაწყვეტინოს მას აღებული შვებულება [გამოძახების გზით]. შვებულება გადადის მომდევნო წლისთვის», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში».

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ:

საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვერ ხდება სრულად დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების ნაშთების იდენტიფიცირება, ასევე არ არის განხორციელებული შესაბამისი ინვენტარიზაცია.

„ბათუმის წყალში“ ავტომანქანებზე გასულ წელს გახარჯულია 204 260 ლარის საწვავი. შემოწმებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავლილი კილომეტრაჟი ფიქსირდება არა ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით, არამედ გაცემული საწვავის არსებულ კოეფიციენტზე გაყოფით და საგზაო ფურცლებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. „…შესაბამისად, კომპანიაში საწვავის ხარჯვის რეალობა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რისკის შემცველია“.

აუდიტი მოუწოდებს კომპანიის ხელმძღვანელობას უზრუნველყოს რათა საწვავის ხარჯვა და ჩამოწერა, შესაბამისი ტექნიკის მიხედვით, განხორციელდეს ფაქტობრივად გამოყენებული ლიტრაჟობისა და გავლილი კილომეტრაჟის მონაცემების მიხედვით [«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ მიმდინარე წლიდან აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია].

აუდიტი ამბობს, რომ „ბათუმის წყალმა“ გასულ წელს ქუჩების შეკეთებითი სამუშაოებისათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „გზებს“ 475 000 ლარზე. შემსყიდველის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევა/სამუშაოების განფასება მისი ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით: „ასევე, ამ სამუშაოების წარმოება საჭიროებდა შესაბამის ნებართვას ქალაქ ბათუმის მერიისგან… ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის მიხედვით, მერიის ხელმძღვანელობა ყოველთვიურად აფრთხილებს/აცნობებს „ბათუმის წყალს“ იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში გაცემული ნებართვები არ არის შესრულებული ან უხარისხოდ შესრულებულია, თუმცა რამდენად არის აღნიშნული ფაქტები აღმოფხვრილი „ბათუმის წყლის“ მიერ, ვერ დგინდება, რადგან მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში, უმეტესად ვერ ხდება იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად ქუჩის რა მონაკვეთზე იქნა განხორციელებული სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, მითითებულია ქუჩა ან სამუშაოების წარმოების ადგილი“.

სახელმწიფო აუდიტისადმი გაგზავნილ წერილში «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მიქელაძე [რომელიც გენერალურ დირექტორად ერთი თვეა რაც დაინიშნა] აღნიშნავს, რომ «აუდიტის ანგარიშით გამოვლენილ ხარვეზებზე შპს «ბათუმის წყალი» მათი აღმოფხვრისა და შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, გაატარებს ქმედით ღონისძიებებს».

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო ანგარიში 2015 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და ის რეაგირებისთვის აჭარის პროკურატურას გადაუგზავნა  [სახელმწიფო აუდიტს აჭარის პროკურატურაში «ბათუმის წყლის» 2013 წლის შემოწმების მასალებიც აქვს გადაგზავნილი]

[სტატია გაზეთში დაბეჭდილი იყო, როცა «ბათუმელებს» აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, რომ «ბათუმის წყლის» მასალებზე დღეს გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობს].

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი «ბათუმის წყალმა», თავის მხრივ, «საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმების დასკვნის მომზადებაზე» გამოაცხადა ტენდერი. შემოწმების მიზანი – «საწარმოს 2013, 2014 და 2015 წლების სამეურნეო საქმიანობის შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და გამოვლენილი საგადასახადო რისკების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება».

«ბათუმის წყალმა» ტენდერში გამარჯვებული 3 ნოემბერს უნდა გამოავლინოს. საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმება კი, 2016 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

„ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ერთპიროვნულად ევალება დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მერია.

2014 წლის ბოლოდან საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე ასრულებდა, რომელიც საწარმოში ადრე ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა [ის 2011 წელს სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს]. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2014 წელს ალექსანდრე მიქელაძეს, როგორც «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოადგილეს ტექნიკურ საკითხებში, შემოსავალი, 62 411 ლარი აქვს მიღებული.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში «ბათუმელებს» უთხრეს, რომ მერი გაეცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს და «ბათუმელებთან» კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

ზოგადად, ბათუმის მუნიციპალურ ორგანიზაციებს საკუთარი შემოსავლები [ბიუჯეტები] გააჩნიათ და მათი სახელფასო მონაცემები ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება. «ბათუმის წყლის» ძირითადი შემოსავალი აბონენტების მიერ წყლის საფასურის სახით გადახდილი თანხაა. საწარმო ბათუმის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას.

როგორც «ბათუმელებს» ქალაქის მერიაში განუცხადეს, 2015 წელს ამ საწარმოსთვის გადასაცემი თანხა 1 მილიონ 680 ათასი ლარია; საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის სახელფასო ფონდი კი «ბათუმის წყალში» წლის დასაწყისისთვის 142 550 ლარით იყო განსაზღვრული.

ფოტო ბათუმელების არქივიდან

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრული  რეაბილიტაცია ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით და ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება ასევე ქალაქის აბონენტების გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში საჯარო სამსახურის ანაზღაურების სისტემა ნაკლებად მკაფიოა და რაიმე ზუსტად განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ეფუძნება; შესაბამისად, „კანონმდებლობაში   ნაკლებად არის განსაზღვრული ის ნორმები, რის მიხედვითაც ანაზღაურების დადგენა და ბონუსების გაცემა გამჭვირვალედ და სამართლიანად იქნებოდა შესაძლებელი… ეს საშუალებას იძლევა სხვადასხვა უწყების მენეჯერებმა საკითხი თვითნებურად გადაწყვიტონ, რაც ხშირად, შესაძლოა თანამშრომლებს შორის გაურკვევლობისა და დაპირისპირების მიზეზად იქცეს.“

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე