სიახლეები

თადარიგი ერთი წლით ადრე უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მოსახვედრად

07.11.2015 • 2135
თადარიგი ერთი წლით ადრე უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მოსახვედრად

 

არაოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა სურს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ამ დრომდე საკრებულოს ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს. სწორედ მას ჰპირდებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, რომლის შესაქმნელადაც წინა სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს.  „ბათუმელების“  წყაროს ინფორმაციით, ლაშა სირაბიძე პარტიაში თანამდებობის შესაძლო დაკარგვის გამო იყო განაწყენებული და ირაკლი ჭეიშვილმა მისთვის მოადგილის თანამდებობის შექმნით „ურთიერთობები დაალაგა“.

 

არაოფიციალური ვერსიით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი ჭეიშვილს იმისთვის სჭირდება, რომ მომავალ არჩევნებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იყოს; კიდევ ერთი ვერსიით კი, მას ქვეყნის პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობა სურს. ინფორმაცია თავად ირაკლი ჭეიშვილთან ვერ გადავამოწმეთ, უკვე რამდენიმე კვირაა ის `ბათუმელებისთვის~ ინტერვიუს მისაცემად მზადაა – ეს მისი პასუხია, თუმცა შესახვედრად დრო ვერ გამონახა.

 

 

 

 

ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ლაშა სირაბიძე. მისი თქმით, ნოემბერში პარტია ყრილობას და ერთგვარ რებრენდინგს გეგმავს, რის შემდეგაც გამოჩნდება შეიცვლებიან თუ არა ქალაქებში პარტიების ორგანიზაციების თავმჯდომარეები. ერთი წელი არჩევნებამდე კი დიდი დროა იმისთვის, რომ ვინმემ სიაში მოსახვედრად თავი გამოიჩინოს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომრად შეიძლება განიხილონ უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი ხელმძღვანელის, კაკო ძნელაძის კანდიდატურაც, მას ბათუმის მომავალ მაჟორიტარადაც ასახელებენ საქართველოს პარლამენტში: `მითუმეტეს, რომ ის ბიძინასაც მოსწონს“.

 

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადასვლის სურვილი ჰქონდეს ნატალია ზოიძესაც, ის ამ დროისთვის ბათუმის საკრებულოს რიგითი წევრია და წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მმართველი კოალიციის სიაში მე-11 ნომერი იყო „ქართული ოცნების“ კვოტით.

 

მოიაზრება, რომ ბათუმის საკრებულოდან არჩევნების კიდევ ერთხელ მოსაგებად, ამჯერად უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, საკრებულოს კიდევ ორი წევრი –   „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია და  „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი იბრძოლებენ. ინფორმაციას ზაურ ახვლედიანი არ უარყოფს:  „შეიძლება ასეც მოხდეს. თუ მე უმაღლესი საბჭოს სიაში გადავინაცვლე, საკრებულოში `რესპუბლიკელებიდან~ ქალბატონი ლალი ანდღულაძე ჩამანაცვლებს. არც ისაა გამორიცხული, რომ მე საკრებულოში დავრჩე და ლალი უმაღლესი საბჭოს სიაში ჩავწეროთ. ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.

 

 

ლალი ანდღულაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

აჭარის ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში კონსერვატორების კვოტით დავით ბაციკაძე შევიდა, მას ვიცე-სპიკერის პოსტიც ჩააბარეს, თუმცა მოგვიანებით ისევ უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა დაატოვებინეს. ისევე როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდერე ჩიტიშვილს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო მწვავე კრიტიკის ობიექტი ბევრჯერ გახდა და მათი მუშაობით ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა, საბჭოს წევრებს ახალ სიაში მოხვედრის შანსი ნაკლებად აქვთ. თანაც პარტია გეგმავს საარჩევნო სია უმეტესწილად ახალი სახეებით შეავსოს: „ამიტომ, ალბათ, სიაში დიმა დარჩიას ჩაწერენ და არა დავით ბაციკაძეს. დიმა დარჩია მაჟორიტარი არ არის და მას ბათუმის საკრებულოში ვინმე ისევ კოალიციის სიიდან ჩაანაცვლებს. ეს კი სიის მიხედვით ნატალია ძიძიგური იქნება.  ისიც ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია“.

 

რაც შეეხება დიმა დარჩიას, ის ამბობს, რომ „კონსერვატორებში“ ჯერ არჩევნებისთვის მზადება არ დაუწყიათ: „ვიცი, რომ ზოგიერთ პარტიაში დაიწყო ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. მე ერთი წელია რაც თვითმმართველობაში ვარ. თუ პოლიტიკაში ხარ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიარო. ეს ძალიან საინტერესო ეტაპია.“

 

ამბობენ, რომ „რესპუბლიკელები“ უმაღლესი საბჭოს საარჩენო სიის ათეულში ისევ გიორგი მასალკინის ჩაწერას გეგმავთ, ასეა?  – კითხვაზე  „რესპუბლიკური“  პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს:

 

„გიორგი მასალკინი ჩვენი კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტში, თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ჯერ ისაა გასარკვევი, რამდენი მაჟორიტარული ოლქი ექნება აჭარას. შეიძლება სამ მაჟორიტარულ ოლქად დაიყოს – პარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს სიას, ჯერ ისაა გადასაწყვეტი, კვოტები როგორ გადანაწილდება. კოალიციაში ექვსი პარტია შედიოდა. ახლა თავისუფალი დემოკრატები აღარ გვყავს, ამიტომ წრე უფრო ვიწროვდება.“

 

აღმასრულებლიდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება გადაინაცვლოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა. ყოველ შემთხვევაში მას ასე სურს და თავის სურვილს საჯაროდაც ადასტურებს: „ამაზე ჯერ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, თუმცა არ უარვყოფ, რომ სურვილი მაქვს. თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები.“

 

უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში კანდიდატებს `მრეწველები“ და  „ეროვნული ფორუმიც“ წარადგენენ, თუმცა მანამდე კოალიციის შიგნით კვოტების განაწილების ახალ ფორმულაზე უნდა შეთანხმდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: