სიახლეები

”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

11.11.2015 • 7656
”ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ”

ომარ როდონაია მიწური სახლის, ე.წ. „ბარაკის“ ერთ ოთახში ცხოვრობს. კედელზე შპალერი ჩამოხეულია, ფანჯარაზე ძველი ქსოვილი ფარდის მაგივრობას სწევს, დაბალ მაგიდაზე წიგნი, ჟურნალ-გაზეთები და რადიო ალაგია, ოთახის კუთხეში ელექტროქურაზე ჩაიდანი და ქვაბია. ამ ნესტიან ოთახში ომარი უკვე ექვსი წელია ცხოვრობს, იმ იმედით, რომ ერთხელაც მის თხოვნას ვინმე გაითვალისწინებს და მცირე საცხოვრებელ ფართობს გამოუყოფენ.


ომარ როდონაია

 

„გულგრილობა, – ამას დავარქმევდი იმ დამოკიდებულებას, რაც ჩემი მდგომარეობის მიმართ არის. არაერთი განცხადება, თხოვნა მაქვს დაწერილი. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იყო ჩემთან, მაგრამ წლები გადის და არაფერი. ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ვითხოვ, არაფერს განსაკუთრებულს, ერთი პატარა ოთახი მინდა, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც ადამიანის ღირსებას შეეფერება. ჩემთვის ყოველი დღე არის წამება, არ უყვართ აქ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, თორემ, არ მჯერა, რომ შეუძლებელია ჩემი პრობლემის მოგვარება,“ – ამბობს ომარი.

ოთახი, სადაც ომარი ცხოვრობს, მას არ ეკუთვნის. ამბობს, რომ ექვსი წლის წინ აქ ნაცნობ-მეგობრების ხელშეწყობით დასახლდა. ბინის ქირას არ იხდის. ომარი სოციალურად დაუცველია, ყოველ თვე სახელმწიფოსგან 50-ლარიან დახმარებას და პენსიას იღებს. „მე მყოფნის ეს ფული გამოსაკვებად, ბევრი არც მჭირდება. ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის პატარა ოთახი, სადაც ადამიანურად ვიცხოვრებ,“ – ამბობს ომარი.

ომარი გალში დაიბადა, დედ-მამა ბავშვობაში გარდაეცვალა და საბავშვო სახლში ცხოვრობდა. მერე პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა, უმაღლესი განათლების მიღებაც უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო: „ახალგაზრდა ვიყავი, მისწრაფებები მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ წავიდა ცხოვრება ისე, როგორც საჭირო იყო. მერე ბათუმში ჩამოვედი, ჩემი ჯანმრთელობისთვის ზღვასთან ყოფნა იყო მნიშვნელოვანი. ჯერ მეგობრებთან ვცოხვრობდი რუსთაველზე, ბარაკებში, მერე, ბარაკები რომ აიღეს, აქ გადმოვედი,“ – მიამბობს ომარი.

საუბრის დასასრულს ომარი მაცილებს და მეკითხება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ სტატიის დაბეჭდვას, წაიკითხავენ თუ არა ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილების მიღება და მისი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. „დეკემბერში 50 წლის ვხვდები, რა იქნება, რომ ვინმემ შეცვალოს ის, რისი შეცვლაც მე არ შემიძლია. …მე კიდევ ვეცდები, იქნებ ვინმემ, ხელისუფლებამ, ბიზნესმენებმა, გაითვალისწინონ ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობა, მადლია, მადლი,“ – ამბობს ომარი.

 

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ ომარ როდონაიას დახმარების სურვილი გამოთქვა ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოდან. შესაბამისად, ვაქვეყნებთ მის ანგარიშის ნომერს.

 

ანგარიშის მფლობელი (მიმღები): ომარ როდონაია

მიღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

ანგარიშის ნომერი:   GE15LB0711104247871340

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

 

 

ომარ როდონაია

 

გადაბეჭდვის წესი