განათლება,მთავარი,სიახლეები

რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს

13.06.2019 • 2076
რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“.

როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს მასწავლებლებს მსგავს შემთხვევებში? – „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებას უზიარებს ქართული ენისა და ლიტერატურის 2019 წლის საუკეთესი მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე. ის 2017 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშიც მოხვდა.

ნათია ფურცელაძე: „უპირველეს ყოვლისა, როგორც მასწავლებლისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები აზროვნებდნენ კრიტიკულად და ჩვენ აღვზარდოთ, განვავითაროთ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა. მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე თაობას ვერ ჩამოვაყალიბებთ, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით კრიტიკულად მოაზროვნეები.

რაც შეეხება მასწავლებლების დატრენინგებას რელიგიურ საკითხებში, ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ცალსახა დამოკიდებულება არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის შეხვედრა იქნება, ეს იქნება პროფესიული განვითარებისთვის თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, საკუთარი ნებისა და სურვილის გარეშე მასწავლებლები არაფერს არ უნდა დაესწრონ.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია და მეც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა, ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის უწმინდესია, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს არის ჩემი პირადი სამყარო. როდესაც საკლასო ოთახში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეებთან შევდივარ და მინდა, რომ შევქმნა ტოლერანტული გარემო, რელიგიის თემამ, სხვისი თავისუფლება და უფლებები არ უნდა შელახოს. არ შეიძლება რელიგიის დაყვანა პოლიტიკის დონეზე, მგონია, რომ არანაირი შეხვედრა არ უნდა იყოს იდეოლოგიური და თუ იქნება რელიგიური შინაარსის, მასწავლებლებმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ წინასწარ და თვითონ გადაწყვიტონ, დაესწრებიან თუ არა.

მე, როგორც მასწავლებელს, არავინ უნდა მიკვეთდეს, ესა თუ ის თემა, თუნდაც იდეოლოგიურ დონეზე, მივაწოდო მოსწავლეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს თანასწორი საზოგადოება, თანასწორი გარემო, მსგავსი მითითებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ისეთ თემას, როგორიცაა რელიგია, მსგავსი აქტივობებით თუ ღონისძიებებით სიტუაცია უფრო გაუარესდება.

ზოგადად, რელიგიური შინაარსის დატვირთვისგან სკოლა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ნებისმიერი ადამიანი თვითონ ირჩევს თავის რწმენას. მე თვითონ აღმსარებელი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა და რელიგიური დამოკიდებულებები არავითარ შემთხვევაში არასოდეს არცერთ მოსწავლეს არ უნდა მოვახვიო თავს  და არც სხვამ უნდა მომახვიოს თავისი შეხედულებები. პირადად ჩემთვის მსგავსი აქტივობები მიუღებელია.

როცა მასწავლებლები ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიჰყავთ შეხვედრაზე, არ მიმაჩნია სწორად. ისიც ითქვა, რომ დაისვა შეკითხვები, მასწავლებლები დაინტერესდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს სათანადო პასუხები. ყველა მასწავლებელი ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა მიდიოდეს საკუთარი ნებით. სხვანაირად, თავისუფლებას, პიროვნების პატივისცემას ვერ ვასწავლით მოსწავლეს.

ზუსტად განათლებაა იმის ბერკეტი, რომ არავინ არავის გამოსაყენებელი არ გახდეს. ცხრა წელია მასწავლებელი ვარ და არასოდეს არ მქონია იმის განცდა, რომ ოდესმე რაღაც მანქანამ გამომიყენა. განათლება, წიგნიერება მეხმარება, რომ პატივი ვცე და დავაფასო ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური აღმსარებლობისა, შეხედულებებისა თუ შესაძლებლობებისა. შესაბამისად, ვცდილობ ეს გადავცე ჩემს მოსწავლეებსაც“.

ამავე თემაზე:

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: