მთავარი,სიახლეები

რუსეთის დროშა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სასტუმროზე ციხისძირში

13.06.2019 • 3714
რუსეთის დროშა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სასტუმროზე ციხისძირში

ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეზე“ რუსეთის დროშა ფრიალებს – ინფორმაციას ამის შესახებ TV 25 ავრცელებს. TV 25-მა გაავრცელა სასტუმროს წარმომადგენლის ვიდეოკომენტარიც, სადაც ის ამბობს, რომ ეს სასტუმროს პოლიტიკაა:

„ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კი სასტუმროში 45 პროცენტზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიასაც, აჭარას, საქართველოს და „კასტელო მარეს“. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსულია ჯგუფი, „სოლნიჩნაია გრუზია“, ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ მაგიტომ, ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ დროშა დავკიდოთ. ჯგუფი გადის ცოტა ხანში და დროშა ჩვეულებრივად ჩამოიხსნება”.

სასტუმრო „კასტელო მარე“ 2016 წლის ივნისში გაიხსნა  და იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა აჭარაში. ოფიციალურად სასტუმროს ავსტრიული კომპანია ფლობს. თუმცა, ქართული მედია უკვე წლებია წერს, რომ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი, მილიარდერი სოსო ორჯონიკიძეა.

სოსო ორჯონიკიძე „კასტელო მარეს“ გახსნასაც ესწრებოდა 2016 წელს.

სოსო ორჯინიკიძე სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნაზე. ფოტო: „ბათუმელები“

განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო „კასტელო მარემ“ ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის დროშა ჩამოხსნილია და „რუსეთი ოკუპანტია“.

______

მთავარი ფოტო: კადრი TV 25-ის ვიდეოდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: