მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო და თეატრი უარყოფენ, რომ მენეჯერს სამსახურის დატოვებას აიძულებენ

13.06.2019 • 1469
განათლების სამინისტრო და თეატრი უარყოფენ, რომ მენეჯერს სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ის ფეისბუქში წერს, რომ ზეწოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრისგან მოდის.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტრო თეატრის საქმიანობაში არ ერევა.

„ჩვენ თეატრის დირექტორსაც კი ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. მით უმეტეს მენეჯერთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აბსურდია,” – გვითხრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში.

“თენგიზ სურმანიძე არის ჩვენი თანამშრომელი. არავის არ შეუთავაზებია მისთვის თეატრიდან წასვლა. ამას კატეგორიულად უარვყოფთ. არც არავის დაუვალებია ჩვენთვის, რომ ბატონ თენგიზთან ამ თემაზე გველაპარაკა. ის განცხადებები, რა განცხადებებითაც ის მოიხსენიებს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს და ბატონ თორნიკე რიჟვაძეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ამას კატეგორიულად ვემიჯნები,” – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე.

ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ თენგიზ სურმანიძე ოჯახური პირობების გამო სამსახურში არ დადის და ამაზე „თეატრი თვალს ხუჭავდა“.

„ყველა ჩვენგანის სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით ამ პიროვნებას. თვეების განმავლობაში ჩვენ ეს დახმარება გავუწიეთ და აქ აბსოლუტურად ერთსულოვანია მთელი თეატრი. ისიც გვესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს და თბილისიდან ვერ ჩამოდის. აქვს რთული ოჯახური მდგომარეობა და თეატრი ეკიდება გაგებით. ოღონდ ჩვენგან იყო თხოვნა, რომ მაინც მოენახა საშუალება და სამსახურში ევლო. ამის იქით არც ჩვენი თხოვნა, არც მოთხოვნა არ წასულა,” – ამბობს ანდრო ენუქიძე.

 

ამავე თემაზე:

 მითხრეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დავწერო – ბათუმის თეატრის კომერციული მენეჯერი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: