მთავარი,სიახლეები

რომელ საჯარო უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური აჭარაში 2019 წელს

13.06.2019 • 2404
რომელ საჯარო უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური აჭარაში 2019 წელს

აუდიტორული საქმიანობის 2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 აუდიტის ჩატარებას გეგმას. 2018 წელს ჩატარებული აუდიტის რაოდენობა კი 4-ით მეტი იყო.

სამსახური ჩაატარებს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ეს ფინანსური აუდიტი აჭარის ბიუჯეტს სრულად მოიცავს.

სამსახურის განმარტებით, „ფინანსური აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით“.

მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 6 შესაბამისობის აუდიტის ჩატარება აჭარაში.

„შესაბამისობის აუდიტის მიზანია ორგანიზაციის ოპერაციებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო და საგრანტო მოთხოვნებთან და ორგანიზაციულ პოლიტიკებთან და პროცედურებთან. შესაბამისობის აუდიტი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს უფრო მაღალი რისკის მატარებელ და აქტუალურ თემებზე“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

აჭარაში ჩატარდება შეემდეგი შესაბამისობის აუდიტები:

[checklist]

  • აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი − საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა [აუდიტის პერიოდი: 2016-2017 წლები];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა [2017-2018 წლები];
  • ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2016-2018 წლები];
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2017-2018 წლები];

[/checklist]

აუდიტის სახელმწიფო სამსახური ასევე ჩაატარებს, ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის [ეკონომიკური საქმიანობის] ეფექტიანობის აუდიტსაც.

„ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.

– – –

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც.

ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.

ამ თემაზე:

რაში ხარჯავს სახელმწიფო აუდიტი 30 მილიონს – აუდიტის აუდიტი  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: