მთავარი,სიახლეები

დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები

13.06.2019 • 1835
დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები

12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს  სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები.

მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია.

კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის მასა ჩამოწვა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

დაისეტყვა სოფლები: კოკოტაური, ზესოფელი, ინაშარიძეები, მერისი, ზედა აქუცა, ორცვა, არსენაული, შევაბური, ოქტომბერი, კუჭულა, საბადური, აბუქეთა.

წყლის მასის მოვარდნის გამო, საფრთხე შეექმნა ერთი მოქალაქის საცხოვრისს სოფელ ტაკიძეებში. ქედის მერიის ცნობით,  ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია.

ხულოს მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხულოში სეტყვა ძირითადად გოდერძისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და განსაკუთრებული ზარალი მუნიციპალიტეტს არ მიუღია. „ნარგავები ჯერ არ არის ამოსული და შესაბამისად მნიშველოვანი ზარალი არ ყოფილა,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კი გვითხრეს, რომ სეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იყო: კარაპეტში, კვიახიაძეებსა და ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიას შეტყობინება ნათესების განადგურებასა და მეწყრული პროცესების შესახებ არ მიუღია.

____________

ფოტოზე: სეტყვა ქედაში. ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: