ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო

14.06.2019 • 2938
თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო

შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა].

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმი-ხიჭაურის მილსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც 2017 წელს. ეს მილსადენი, რომლის მშენებლობისთვის 25 768 251 ლარი დაიხარჯა, უკვე აშენებულია.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1921 წლების ბიუჯეტებიდან.

ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ენერჯი ინვესტი 2009“-ის წილის 95 პროცენტის მფლობელი შპს „ბათუმის წყლის“ ყოფილი დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ოჯახის წევრი [შვილი] მერაბ ქოქოლაძეა. თენგიზ ქოქოლაძე ბათუმის წყლის გენერალურ დირექტორად 2016 წლის დეკემბეში  ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დანიშნა. თენგიზ ქოქოლაძემ ეს თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. მანამდე თენგიზ ქოქოლაძე წლების განმავლობაში იყო „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი. 

კომპანიას 2019 წელს კიდევ ერთ მაღალბიუჯეტიან – 2 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოებზე, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გაუფორმა საქართველოს გაზის მომარაგების კომპანიამ.

ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.

რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიცირებას, ამ დროისთვის დასახლებული პუნქტების დაქსელვის პროექტირებაზეც არ არის მუშაობა დაწყებული.

ამ თემაზე:

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: