„ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება


ფესტივალ „ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში ფოტოგრაფთა ნამუშევრების შერჩევა იწყება.  ფესტივალის წლევანდელი თემაა „სარკისებრი სამყარო“ (Mirror Land). ფესტივალის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, გამოფენის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ხელოვანებმა ასახონ თავიანთ ქვეყნებში არსებული პრობლემები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა. მთავარი გამოფენა მსურველების მიერ განაცხადების გამოგზავნის გზით მსოფლიო მასშტაბით შეირჩევა. შესარჩევი კომისიის წევრები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი და კურატორი, ასევე მოწვეული წევრები, ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და ფრანკფურტის ფოტოფორუმის დირექტორი საბინე ზეიცი იქნებიან.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ.

ორგანიზატორთა განცხადებით, თითოეულ მონაწილეს შეუძლია საკონკურსოდ წარადგინოს რამდენიმე ფოტო. ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს სამოტივაციო წერილი. ნამუშევრები ქულების სისტემით შეფასდება.

საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში გაიმართება ფოტოლაბი. პროექტების წარდგენა დაიწყება 20 ივლისიდან, ელექტრონულად. ჟიური ხუთამდე მონაწილეს შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმით: მხატვრული ღირებულება, პროექტის კონცეფცია და პროექტის განვითარების შესაძლებლობა.

„15 მონაწილე, მენტორების ხელმძღვანელობით, ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ პროექტების დახვეწაზე და საბოლოო, სამწუთიან პრეზენტაციებს კომისიის წევრებს მესამე დღეს წარუდგენენ. გამარჯვებული პროექტის წარდგენა მოხდება 2020 წელს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“  – აღნიშნულია თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ბათუმის ფოტოდღეები“ 2015 წლიდან ტარდება ბათუმში, Odesa/Batumi Photo Days-ის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com