მთავარი,სიახლეები

ეკომიგრანტები: გვაიძულებენ, წალკა მივატოვოთ, ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება

12.06.2019 • 2751
ეკომიგრანტები: გვაიძულებენ, წალკა მივატოვოთ, ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მეორე დღეა თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ. 70-მდე ეკომიგრანტი წალკის სხვადასხვა სოფლიდან იმისთვის ჩავიდა თბილისში, რომ მთავრობას დანაპირები შეახსენოს.

ეკომიგრანტები მოითხოვენ, შეისყიდოს სახელმწიფომ მათთვის ის სახლები, სადაც მთავრობამ წლების წინ შეასახლა ისინი, ასევე, იმ მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლითაც დღემდე სარგებლობენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება, რადგან მათ ხელისუფლება იძულებულს ხდის, მიატოვონ სოფლები.

„20 წელია წალკაში ჩასახლებული მოსახლეობა ასეთ დღეშია. ფაქტობრივად, უსახლკაროდ და უმიწაწყლოდ ვართ, რადგან ის სახლები, სადაც შეგვასახლეს, ჩვენი საკუთრება დღემდე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ წინა და ახალი მთავრობაც გვპირდებოდა, რომ გამოისყიდდნენ სახლებს, დღემდე არაფერი გაკეთებულა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკომიგრანტი ელგუჯა შავაძე.

ის ამბობს, რომ როცა პირველად დაიწყეს ბათუმში აქციები, იმ ოჯახებიდან 200 ოჯახი ბათუმში დარჩა და „ოცნების ქალაქში“ ჩასახლდა, რადგან მთავრობამ არ შეუსყიდა სახლები.

„ეს ხალხი მოტყუებული დარჩა. ჯერ ივანიშვილი შეგვპირდა შესყიდვას, შემდეგ ღარიბაშვილი იყო პრემიერი და ისიც შეგვპირდა, ოღონდ დაბრუნდით და შეგისყიდითო, დაბრუნდა ეს ხალხი უკან და ერთი სახლიც არ უყიდიათ. 2 500 ეკომიგრანტია და ცხრა სახლია სულ შესყიდული“.

ელგუჯა შავაძე ამბობს, რომ ეკომიგრანტები წალკის სხვადასხვა სოფელში იმ ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, რომლებსაც დროებით მიტოვებული აქვთ თავიანთი საცხოვრებელი. თუმცა ისინი ეკომიგრანტებს თავიანთი სახლების დაცლას სთხოვენ.

„მოგვწყინდა უიმედობა, ზოგი თურქეთში წავიდა, ზოგი ბათუმში ჩამოვიდა, ზოგიც უკან, დამეწყრილ სოფლებში დაბრუნდა და ასეთ მდგომარეობაში ვართ. ფაქტობრივად, წალკა ეკომიგრანტებისგან იცლება. არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში შედის“, – ამბობს ელგუჯა შავაძე.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დროს, მხოლოდ რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც დამაიმედებელი ვერაფერი უთხრა.

„გვითხრა, რომ სახლების შესყიდვას ვერ შეგპირდებით, რადგან ბიუჯეტში ამის ფული არ გვაქვსო. ჩვენ ვუთხარით, რომ აუცილებელია სხვანაირი პოლიტიკის გატარება, რადგან იცლება ეს რეგიონი. ეკომიგრანტები რომ წამოვიდნენ, გაუდაბურდება, ისედაც ნაკლებია მოსახლეობა. ალბათ, ეს ვიღაცას სჭირდება. ვინც მიწები დაისაკუთრა იქ და ბიზნესები ააწყო. ჩვენი ბედი არავის აინტერესებს, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ჩვენ“, – გვეუბნება ელგუჯა შავაძე.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებიც კი არ ხვდებიან, „არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ ინტერესდება ჩვენით, რომ გაგვცეს ამომწურავი პასუხი“.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება საბოლოოდ არ მოაგვარებს მათ პრობლემას, ისინი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებენ.

„საიაში ვამზადებთ სარჩელს ეკომიგრანტები სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გვაქვს, რომ წალკაში ჩაგვასახლეს, მაგრამ დღეს დაზარალებულები ვართ. სხვა გამოსავალს ჩვენ ვერ ვხედავთ. მანამდე თუ გამოგვყრიან დროებითი სახლებიდან, დავბრუნდებით აჭარაში და შევქმნით ახალ „ოცნების ქალაქს“, – გვეუბნება შავაძე.

ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ეკომიგრანტების აქცია პარლამენტთან

ანალოგიური მოთხოვნით ეკომიგრანტებმა აქცია გამართეს სამი თვის წინაც. თუმცა მათთვის დღემდე არაფერი შეცვლილა.

ამავე თემაზე:

„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: