მოსამართლე დღესვე ითხოვს მერისგან პასუხს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე


“ალბათ, მერიას უნდა ვკითხოთ, შედგა თუ არა შეთანხმება. გქონდათ შეხვედრა?” – ამ შეკითხვით დაიწყო დღეს, 12 ივნისს, სასამართლო სხდომა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

“ამ კუთხით სიახლე არ გვაქვს… მიზეზი ჩემთვის უცნობია,” – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს. მისივე თქმით, მერია ისევ გამოხატავს მზაობას მორიგებასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ ასევე ვერ მიიღო პასუხი, რამ შეუშალა ხელი მერიას იმაში, რომ მოლაპარაკება არ სცადა.

“გამოვაცხადებთ შესვენებას და მაშინ დღესვე უნდა გვითხრათ პოზიცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ”, – თქვა მოსამართლემ და პროცესზე შესვენება გამოაცხადა.

მოსამართლემ მერიის იურისტისგან მოითხოვა მოლაპარაკების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა: როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ დაესწრება და რა ფორმატში.

“შეძლებთ დღესვე ამ ინფორმაციის წარმოდგენას? ჩვენ დღეს ისევ შევიკრიბებით,” – აღნიშნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

“შევეცდებით,” – მოკლედ თქვა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

მუსლიმმა თემმა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით სასამართლოს ზუსტად ორი წლის წინ, 2017 წლის 10 ივნისს მიმართა. ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. მოსარჩელე მხარემ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლო ამ საქმის განხილვას აჭიანურებს.

 

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი