მთავარი,სიახლეები

უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში

11.06.2019 • 5887
უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში

უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი, სამართალდამრღვევები 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანებს აქამდე უღირდათ სამი ათასი ლარის გადახდა, მაგალითად, უკანონოდ აივნის მიშენებისთვის, ან ფანჯრის გამოჭრისთვის, ახლა ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა. თუკი ჯარიმას ადამიანი ერთ თვეში არ გადაიხდის, მას გაორმაგებული ოდენობის გადახდა მოუწევს,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი.

3 ივნისიდან ამოქმედდა ახალი კანონი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“. აქამდე უკანონო მშენებლობებზე ჯარიმებს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ითვალისწინებდა.

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ჯარიმების ოდენობა არ შეცვლილა. ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სართულიანობის მიხედვით მესამე და მეოთხე კლასის ნაგებობებს ეხება და „თუ ეს გაბარიტების შეცვლას არ იწვევს“. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 4-დან 8 ათას ლარამდე გაიზარდა. დაცვის ზონაში კერძო შენობებზე უკანონო მშენებლობა ისევ 8 ათასი ლარით ჯარიმდება.

ახალი კანონი ზრდის ჯარიმის ოდენობას საინფორმაციო დაფის არარსებობის ან არასრული ინფორმაციის მოთავსების შემთხვევაშიც. „სპეციალური დაცვის ზონაში ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ნაცვლად 1000 ლარისა. სპეციალური ზონის მიღმა კი, საინფორმაციო დაფის არარსებობისთვის ჯარიმის ოდენობა პირიქით, შემცირდა 500-დან 400 ლარამდე“, – დასძენს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

სამშენებლო სფეროში ამოქმედდა ახალი კანონიც – „სივრცითი დაგეგმარება, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, სადაც გათვალისწინებულია სამშენებლო პროცესში ისეთი მოთხოვნების დაცვა, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა, ხმაურისგან დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენის დაცვა….

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ზოგადი პრინციპებია და მისი შეუსრულებლობის გამო მერია ვერ ეტყვის სამშენებლო კომპანიას უარს ნებართვაზე.

„ამ კოდექსით დადგინდა ბევრი სიახლე, ახალი დათქმები, რომლებსაც ითვალისწინებს ევროკოდები. სამშენებლო რეგულაციების თვალსაზრისით, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკით და გამოცდილებით. ახლა უნდა ველოდოთ მთავრობის დონეზე შესაბამისი დადგენილებების მიღებას, რომლებიც ამ პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარების შესაძლებლობას მოგვცემს, როგორ უნდა იყოს, მაგალითად, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

მთავრობამ ახალი რეგულაციები ამ კუთხით მომავალი წლის პირველ მაისამდე უნდა მიიღოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: