მთავარი,სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტი ABET – ის აკრედიტაციის მოპოვებას ცდილობს

11.06.2019 • 2464
ბათუმის უნივერსიტეტი ABET – ის აკრედიტაციის მოპოვებას ცდილობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიზო ფარცხალაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკრედიტაციის მიღების მიზნით ABET-ის სიმპოზიუმს დაესწრნენ.

ABET –  ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამების აკრედიტაციის წამყვანი ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყნის 752 უნივერსიტეტში 3 ათასზე მეტი პროგრამა აქვს აკრედიტებული.

ABET-ის სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აკრედიტაციის პროცესის, ასევე, საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში საგანმანათლებლო კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი ერთ სივრცეში შეკრება, საგანმანათლებლო სისტემებისა და უმაღლესი ტექნიკურ-საინჟინრო მიმართულების  პროგრამების დასახვეწად უახლესი სტრატეგიების, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარებაა.

ABET-ის აკრედიტაცია პარტნიორ უნივერსიტეტებში როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე, ლაბორატორიების მოწყობასა და სასწავლო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს.

ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმარება,  რომელსაც მიღებული აქვს ამერიკის „ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს“ [ABET] აკრედიტაცია.

გიზო ფარცხალაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი გეგმავს მშენებლობის პროგრამის აკრედიტაციას.

„დიდი მხარდაჭერა გვაქვს სან დიეგოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ჩვენთან და გაეცნენ ფაკულტეტის მუშაობას, იმყოფებოდა ასევე უნივერსიტეტის პრეზიდენტი მარია ადელა დე ლა ტორესი, მან აღგვითქვა დახმარება ჩვენი პროექტების განვითარებაში,“ – გვითხრა გიზო ფარცხალაძემ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი 7 ივნისს იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორთან  და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან, გიზო ფარცხალაძესთან გამართულ შეხვედრაზე დაგეგმეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბსუ-ს ქრომატოგრაფიული ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას გაეცნენ.

ABET-ის ფონდის ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში 2013 წელს შედგა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: