მთავარი,სიახლეები

პროფესორი ბათუმში მაღალ შენობებთან დაკავშირებული კატასტროფის საფრთხეებზე

12.06.2019 • 5372
პროფესორი ბათუმში მაღალ შენობებთან დაკავშირებული კატასტროფის საფრთხეებზე

არის თუ არა გაანგარიშება ზუსტი მდგრადობის თვალსაზრისით, როცა ბათუმში 100-მეტრამდე ან უფრო მაღალი მშენებლობების აშენებაზე ნებართვა გაიცემა? ვინ აპროექტებს და შემდეგ ვინ ამოწმებს, გვაქვს თუ არა გარანტიები, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ყველაფერზე ზედამხედველობის უფლებამოსილ პირს არ ევალება შეამოწმოს სამშენებლო მასალების ხარისხი? – ამ კითხვებით მშენებელ-კონსტრუქტორს, პროფესორ გიზო ფარცხალაძეს მივმართეთ. მაღალ შენობებთან დაკავშირებით რისკებზე მან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

  • ბატონო გიზო, საბჭოს ერთერთ სხდომაზე თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ მაღლივ შენობებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება და ამ შემთხვევაში ყურადღებამისაქცევია საძირკვლის პარამეტრები. რა რისკებთან გვაქვს საქმე?

არამარტო საძირკვლის. ჩვენ ვსაუბრობდით თანამედროვე შენობების ზიდვის უნარზე, რომელიც განპირობებულია სიმტკიცის, მდგრადობისა და სიხისტის პირობებით. შემოვიტანოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს მშენებლობასთან დაკავშირებით:

პირველი პრობლემა შეეხება სამშენებლო მასალების ხარისხსა და საიმედობას. მშენებლობის პროცესში ზუსტად უნდა იქნას შემოწმებული ფოლადისა და ბეტონის, ასევე საშენი მასალების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებები. შეიძლება შენობა-ნაგებობა აშენდეს ხარისხიანად, მაგრამ თუ საშენი მასალები არ იქნება ხარისხიანი, აუცილებლად გიმტყუნებს შენობა ექსტრემალური დატვირთვების დროს. აუცილებელია მასალების შემოწმება ტექნიკის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისი აღჭურვილობის ლაბორატორიებში.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უხარისხო მასალებით აშენებული შენობა-ნაგებობებით გამოწვეული კატასტროფის რისკი, საჭიროა შეიქმნას მაღალი ხარისხის ლაბორატორია, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და რომლის მუშაობასაც შეამოწმებს დამოუკიდებელი ხარისხის სამსახური.

მეორე პრობლემაა შენობა-ნაგებობების დაპროექტების ხარისხი. მნიშვნელოვანია რა გამოცდილების კომპანია მონაწილეობს დაპროექტების პროცესში; როგორი კვალიფიკაციის კონსტრუქტორებია ჩართული მის დაპროექტებაში. საკმარისია, რომ დამპროექტებელმა კომპანიამ დაუშვას შეცდომა, ან უზუსტობა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში, ის შეიძლება კატასტროფად შემოუბრუნდეს შენობა-ნაგებობას. მით უმეტეს, რომ ადრე ჩვენ საპროექტო კომპანიებში მაღლივი შენობების დაპროექტების დიდი გამოცდილება არ არსებობდა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული არასწორი დაპროექტებით გამოწვეული კატასტროფების რისკი, საჭიროა შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელსაც დაევალება შენობა-ნაგებობების დაპროექტების ხარისხის კონტროლი.  ჩემი აზრით, სხვაგვარად მაღალი დონის შენობა-ნაგებობების აშენება იქნება ძალიან რთული.

მესამე პრობლემა ეს არის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აშენებს კომპანია შენობას, როგორი საინჟინრო გამოცდილება, საინჟინრო კულტურა აქვს. ხშირად ხდება, რომ შენობა დაპროექტებულია კარგად, მაგრამ საპროექტო გადაწყვეტილებები არ სრულდება სრულყოფილად. ასეთმა უხარისხო მშენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფის რისკის გაზრდა. აქაც აუცილებელია დამოუკიდებელი ხარისხის განვითარების სამსახურის შექმნა, რათა შემცირდეს უხარისხო მშენებლობისაგან გამოწვეული კატასტროფის რისკი.

გიზო ფარცხალაძეს შესწავლილი აქვს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებები ამ მიმართულებით. ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა სტატია გაფართოებული ციტირების მაჩვენებლის მქონე [SCIENCE CITATION INDEX EXPANDED] ჟურნალში – Advances in Civil Engineering-ში. ის შეეხება კოლონების მდგრადობის დაკარგვის ანალიზს მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში. ეს სტატია გამოქვეყნებულია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს [ესპანეთი] მეცნიერთა ჯგუფის მიერ და იძლევა საშუალებას მდგრადობის დაკარგვისგან გამოწვეული რისკების შემცირების რეალურ პირობებს.

  • თქვენ განმარტეთ სხდომაზე, რომ როცა შენობა აღწევს ას მეტრზე მეტს, მას ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან ღრმა საძირკველი

შენობა-ნაგებობის საძირკვლის ზომები დამოკიდებულია შენობა-ნაგებობისაგან ფუძეზე გამოწვეულ დატვირთვებსა და გრუნტულ პირობებზე. თუ შენობისგან გამოწვეული დატვირთვები იქნება დიდი და გრუნტი იქნება სუსტი, მაშინ, რა თქმა უნდა, საძირკვლის ზომებიც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

  • ბათუმის მერია ამბობს, რომ სამშენებელო მასალების ხარისხის შემოწმების კომპეტენცია არ აქვს. თუ ამას დაემატება ხარვეზები დაპროექტებაში, გამოდის, საფრთხეები სერიოზულია?

ჩემი აზრით, სახელმწიფოსა და კომპანიებს ერთობლივად შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა. უნდა იქნას გამოყენებული დასავლეთის ქვეყნების მოდელები. მინდა გავიხსენო დასკვნა, რომელიც მომზადდა სპიტაკისა და ლენინაკანის მიწისძვრების შემდგომ [ამ ორ სომხურ ქალაქში მიწისძვრა მოხდა 1988 წელს, სადაც მინიმუმ 25 ათასი ადამიანი დაიღუპა]. იქ იყო უზარმაზარი მსხვერპლი, პირველ რიგში, დაინგრა ის შენობები, რომლებიც უხარისხოდ იყო აშენებული.

  • როდესაც ერთ უბანში იყრის თავს ბევრი მაღლივი შენობა და ასეთი მაგალითები ბათუმში უკვე ბევრი გვაქვს, საფრთხე კიდევ უფრო იმატებს?

თავდაპირველად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება საუბარი მომდევნო მშენებლობაზე. შეიძლება ახლოს მდგომი შენობების საძირკვლის ქვემოთ მივიღოთ გადაძაბული ფუძეები განსაკუთრებით ხიმინჯოვანი საძირკვლების შემთხვევაში. ამასთან, ახლოს მდგომ მაღლივ შენობებზე მოდის ქარის მნიშვნელოვანი დატვირთვა. საჭიროა ასეთი შენობების მოდელირება და მისი აეროდინამიკურ მილში გამოცდა. ასევე მნიშვნელოვანია ქარის პულსაციურ დატვირთვებზე გაანგარიშება.

თუ, რომელიმე კვარტალში დაიდგმება მაღლივი შენობა, მიზანშეწონილია იმ შენობის ირგვლივ დიდი შენობები არ აშენდეს. შესაძლებელია მხოლოდ სკვერის, კაფეს, ავტოსადგომების… დატოვება. ექსტრემალური სიტუაციების შექმნისას ადვილად უნდა მოხერხდეს შენობის დაცლა.

  • ხშირად არის არგუმენტი, რომ ყველგან შენდება მაღლივი შენობებიმშენებლები სვამენ კითხვას, რატომ არ უნდა აშენდეს ჩვენთან?

რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას ყველა ის პირობა, რაც შეამცირებს კატასტროფის რისკს. დაპროექტებისას შენობები ისე უნდა იქნას ორიენტირებული, რომ მათ არ  შეუშალონ ხელი ქალაქის შიდა უბნებში ჰაერის ნაკადების შემოსვლას. გასათვალიწინებელია ინსოლაციის საკითხი, მაღლივმა შენობებმა არ უნდა დაფარონ და დააბნელონ სხვა არსებული შენობები. ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ქალაქში ავტოსადგომების მშენებლობის საკითხზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობის გამო.

  • რა გვჭირდება მეტი დაზღვევისთვის?

მშენებლობისას გამოყენებული უნდა იქნას მაღალი ხარისხის მასალები; შენობა-ნაგებობები გაანგარიშებული უნდა იქნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ; მშენებლობა უნდა აწარმოონ ისეთმა ინჟინრებმა, სამუშაოთა მწარმოებლებმა, მარმატურეებმა, მებეტონეებმა, შემდუღებლებმა, მემონტაჟეებმა, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომები. დაპროექტებისა და ექსპერტიზის პროცესებში ჩართული უნდა იქნას ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო წრეების საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებიც გამოიყენებენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს.

  • რას შეცვლის ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში?

ახალი კოდები ძირითადად არქიტექტურულია, კონსტრუქციული კოდები იქნება დაფუძნებული ან ევროკოდებზე ან ამერიკული სამშენებლო კოდებზე. ჯერჯერობით, ჩვენთან ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს ის ნორმები, რომლებიც 90-იან წლებამდე იყო.

დღეს პროექტის შეთანხმებისას სავალდებულოა, მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება. მშენებლობის ხარისხის ამაღლებისათვის მიზანშეწონილია, ასევე სავალდებულო გახდეს კონსტრუქციული ნაწილიც, წყალმომარაგება და წყალარინება, ელექტრომომარაგება და სხვ. მხოლოდ ასე შეიძლება ხარისხიანი შენობა-ნაგებობების აშენება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: