მთავარი,სიახლეები

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

11.06.2019 • 2029
სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

„სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შესრულებული აქვთ დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 50 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო სამუშაოების (გარდა ხაზობრივი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებისა) ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება“.

შეთავაზებებს შპს „სტადიონი“ წერილობითი სახით, 2019 წლის 16 ივნისის [18:00 სთ] ჩათვლით მიიღებს. შეთავაზება უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ კი ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც.

„ანაგმა“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულება „სტადიონს“ 20 მილიონ 780 ათას ლარად შესთავაზა [სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო]. ხელშეკრულება კი მასთან 24 520 400 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა.

ამ თემაზე: ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპის] სამუშაოები მოიცავს:

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული დღგ-ს გარეშე [117 349 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით].

სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას კი ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიემსი“ უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 2019 წლის მაისი / ფოტო: „ბათუმელები“

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: