მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ

10.06.2019 • 7231
ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ

„ხშირად უკვირთ, როცა ავეჯის შეკვეთისთვის რეკავენ და რამდენიმე წუთში მათთან მოტოციკლით მიდის ქალი ხელსაწყოებით ხელში…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ლია მგელაძე. იგი უკვე 12 წელია ავეჯს ამზადებს, შეკვეთებზე მოტიციკლით მიდის, მერე მეგობრის საწარმოში უკვე დაჭრილ მასალებს ამუშავებს და ადგილზე აწყობს მაგიდებს, კარადებს, სათავსოებს…

ლია მგელაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, ასევე ჰყავს მოსწავლეები და მათ მოტოციკლის მართვას ასწავლის. ამბობს, რომ 16 წლის ასაკში  დაოჯახების მიუხედავად, ქალის აქტიურობის კუთხით არსებული სტერეოტიპის დამსხვრევა მალევე შეძლო და დამოუკიდებელ ქალად იქცა.

„16 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. ახლა კი იქნებოდა ეს „თემა“, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო… მეც არ აღმიქვამს ეს ტრაგედიად. ახლა 23 წლის ბიჭი მყავს ქორწინებიდან და ბედნიერი ვარ. განქორწინების შემდეგ კიდევ 8 წლის გოგო ვიშვილე… ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ისწავლო, ჩამოყალიბდე, დამოუკიდებელ ადამიანად შედგე და შემდეგ დაოჯახდე. ახლა წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების კატეგორიულად,“ – ამბობს ლია მგელაძე.

დაოჯახების შემდეგ ლიამ ეკონომისტის სპეციალობა მიიღო, თუმცა ეკონომისტად არასდროს უმუშავია. თავდაპირველად სამუშაოდ მარმარისში წავიდა. იქ ტურისტებს ემსახურებოდა და კატერის მძღოლად მუშაობდა. საქართველოში დეპორტაციის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ავეჯის მომზადება იყო მისი საქმე.

„ბიძაჩემი ოთარ მგელაძე გამორჩეულად მუშაობდა ხეზე და ეს მახსოვდა… ხეზე მუშაობა განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვს. ამიტომ მომინდა მეც მემუშავა და ლამინატი ვარჩიე. მე ვარ ძალიან რეალისტი. მარტივად შემიძლია გათვლა, სად რის გაკეთებაა საჭირო და ვაკეთებ.

მე ჩემი არსებობისთვის ფული სხვისთვის არასდროს მომითხოვია. ვიცი, რომ უნდა ვაკეთო საქმე და ვაკეთებ. არავის ვაძლევ უფლებას ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში. ამას წინათ ერთ-ერთმა დამკვეთმა მითხრა, თქვენი 23 წლის ბიჭი როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ თქვენ ასე, მოტიციკლით მოძრაობთო. გავბრაზდი. ვუთხარი, რომ არც ჩემს შვილს და არც არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში,“ – აღნიშნავს ლია მგელაძე „ბათუმელებთან“.

საკუთარი საწარმო ამ დრომდე არ აქვს, მაგრამ ლიამ კიდევ ერთი გოგოს დასაქმებაც მოახერხა. ლია მიიჩნევს, რომ საზოგადოების შეხედულებები ქალებზე სტერეოტიპულია. მას სჯერა, რომ პიროვნების სიძლიერე ან პროფესიონალიზმი ადამიანის სქესზე არ არის დამოკიდებული.

„მთავარია, გიყვარდეს თავისუფლება. როცა თავისუფალი ხარ, იცი, რომ ბევრი გამოწვევა გელის, ბევრი პრობლემა შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის მოგვარება… მე, პირადად, დავამსხვრიე ჩემ ირგვლივ არსებული სტერეოტიპი ქალზე და ამით ბედნიერი ვარ.

„ყველას შეფასებას ვისმენ და ვცდილობ არ გავღიზიანდე, თუმცა „ქალი ვიცი მე კუხნაში“ – ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. დღეს ქალის ზურგზე გადადის ყველა სირთულე და ემიგრანტმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ პასუხისმგებლობას უფრო პასუხისგებლიანად ქალები ვეჭიდებით, ვიდრე კაცები. ქალმა იპოვა პირველი გამოსავალი ემიგრაციაში წასვლით ოჯახისა და შვილების მომავლისთვის,“ – გვითხრა ლია მგელაძემ, რომელიც ახლა ისევ ემიგრაციაში აპირებს წასვლას.

ლია გერმანიაში აპირებს ავეჯის დამზადებაზე მუშაობას და ეს გადაწყვეტილება მეტი შემოსავლის მიღების მოტივით მიიღო.

„მოლაპარაკების პროცესში ვარ. მითხრეს, რომ უნივერსალი ვარ, როცა ამდენ რამეს ვასწრებ ერთად. წავალ, რატომაც არა,“ – ამბობს ლია.

ლია მგელაძე

ლია მგელაძე

ლია მგელაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: