მთავარი,სიახლეები

სასტუმროები, ავიაკომპანიები, ქალაქები – World Travel Awards-ის 128 გამარჯვებული

09.06.2019 • 1130
სასტუმროები, ავიაკომპანიები, ქალაქები – World Travel Awards-ის 128 გამარჯვებული

8 ივნისს, პორტუგალიაში, არქიპელაგ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ზე ბათუმმა ჯილდო მიიღო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

ამ ნომინაციაში ბათუმთან ერთად წარდგენილნი იყვნენ ქალაქები: სოფია [ბულგარეთი], მატერა [იტალია], ბაქო [აზერბაიჯანი], ლუბლიანა [სლოვაკეთი], კუტნა ჰორა [ჩეხეთი], მოსტარი [ბოსნია ჰერცეგოვინა] და დერი [ჩრდილოეთ ირლანდია].

დაჯილდოების ცერემონია მადეირაზე, ქალაქ ფუნშალში, სასტუმრო Belmond Reid’s Palace-ში გაიმართა, რომელიც ატლანტის ოკეანეს გადაჰყურებს. ცერემონიას ტურიზმის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე დასწრება ფასიანი იყო, ბილეთის ფასი 500-დან 5000 ევრომდე იყო.

აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის დელეგაცია დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდა სპეციალური სტუმრის სტატუსით, როგორც ახალი ტურისტული მიმართულება და ღონისძიებაზე დასასწრებად დელეგაციას თანხა არ გადაუხდია.

ჯამში წელს World Travel Awards-ის 128 ჯილდო გაიცა. დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, ტურისტული ატრაქციები და ა.შ.

კონფერენციებისა და შეხვედრების მიმართულებით ევროპის წამყვანი მიმართულების ტიტული მადრიდმა [ესპანეთი] მიიღო.

ევროპის წამყვანი სასტუმრო ბრენდის ტიტული მიიღო  Hilton Hotels-მა. მისი კონკურენტები ამ ნომინაცია იყვნენ: Belmond Hotels-ი, InterContinental Hotels & Resorts-ი, Kempinski-ი, Marriott Hotels-ი, Sheraton-ი, Starwood-ი და სხვები.

ევროპის წამყვანი ბიზნესსასტუმროს ბრენდის ჯილდო გადაეცა InterContinental Hotels & Resorts-ს.

ევროპის წამყვანი ონლაინ ტურისტული კომპანია გახდა Booking.com-ი.

ევროპის პირველი კლასის ავიაკომპანიად დასახელდა British Airways-ი, წამყვან ავიაკომპანიად – Turkish Airlines-ი. ჯილდო გადაეცა სხვა ავიაკომპანიებსაც – ევროპის ბიზნესკლასის ავიკომპანიის ტიტული მიიღო Russian Airlines-მა, ეკონომკლასის ავიაკომპანიის ტიტული კი – Swiss International Air Lines-მა.

ევროპის წამყვანი აეროპორტის ტიტული წელს ციურიხის აეროპორტმა მიიღო, ევროპის წამყვანი აეროპორტის სასტუმროს ჯილდო კი „ჰილტონმა“, რომელიც ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულების ჯილდო მიიღო ალგარვიმ [პორტუგალია]; წამყვანი All-Inclusive კურორტის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა Pestana Porto Santo All Inclusive Beach & Spa Resort [პორტუგალია]; 1019 წლის ევროპის წამყვანი კაზინო – Kempinski Grand Hotel Des Bain-ი [შვეიცარია].

ევროპის ქალაქებში წამყვანი მიმართულების ჯილდო მიიღო სანკტ-პეტერბურგმა [რუსეთი]. ამ ნომინაციაში  მისი კონკურენტები იყვნენ: ამსტერდამი, ბერლინი, პარიზი, რომი, ვენეცია, ვენა, ლისაბონი, ჟენევა და მოსკოვი.

ევროპის წამყვანი ქალაქის სასტუმროს ნომინაციაში გაიმარჯვა Conrad Istanbul Bosphorus-მა [სტამბული, თურქეთი].

ევროპის წამყვანი საკრუიზო მიმართულების ჯილდო წელს ვენეციამ მიიღო [იტალია].

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა შეგიძლიათ ნახოთ World Travel Awards-ის ვებგვერდზე.

World Travel Awards-ი წელს 26-ედ გაიმართა. კონკურსი 1993 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში. იგივე ყოველწლიურად ტარდება და გამარჯვებულები ხმის მიცემით ვლინდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: