მთავარი,სიახლეები

ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია მონაწილეობდა კომისიამ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

07.06.2019 • 1754
ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია მონაწილეობდა კომისიამ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. შპს „გზებმა“ კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დავების საბჭოში იჩივლა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა – სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა.

ამ თემაზე: ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „გზების“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისას დაავალა დეტალურად ემსჯელა „საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე“ და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ კი 28 მაისის ოქმით ეს ტენდერი შეწყვიტა.

„დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სატენდერო დოკუმენტაციის დახვეწის მიზნით ტენდერი საჭიროებს შეწყვეტას“, – აღნიშნულია კომისიის ოქმში.

2019 წლის 5 მაისს სატენდერო კომისიამ ბონის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელება იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ფასი კვლავ 1 768 746 ლარია.

წინადადებების მიღება 2019 წლის 21 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. ქუჩების კეთილმოწყობა კი ამ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული, რაც ამ დროისთვის, 4 თვით უკვე დაგვიანდა. სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს 450 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: