მთავარი,სიახლეები

„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე

07.06.2019 • 1451
„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს.

„დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, მოვიყვანთ ჟურნალისტებს, ჩართავენ ერთი-ორი საათით, მერე წავა ისევ,“ – გვიყვება აქციაზე გამოსული ნანული ჯაბნიძე.

აქციაზე შეკრებილების თქმით, ახალშენს წყლის პრობლემა წლებია აწუხებს და ისინი წყალს სხვადასხვა სოფლიდან ეზიდებიან.

წყლის პრობლემას ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც. ანზორ კახიძე ამ ეტაპზე მოსახლეობას გამოსავალს ვერ სთავაზობს.

„წყლის პრობლემა გამოწვეულია ზამთრიდან გამომდინარე – ზამთარმა ვერ იზამთრა. თოვლი თუ არ ჩაწვა მთაში, არ იზამს, ზაფხულივით ზამთარი იყო… მოსახლეობა უყურადღებოდ იქცევა: ზოგან ონკანი არ მუშაობს და იქცევა წყალი, ზოგი იმას არ ფიქრობს, რომ ტანი მაქვს დასაბანი და მეზობელს დასალევი წყალი აღარ დარჩებაო. დებეტი არის წყლისა ძალიან ცოტა. ეს მარტო წლევანდელი პრობლემა არ არის. მომავალში  უფრო მეტი პრობლემა იქნება, თუ ზამთარმა არ იზამთრა… წლების წინ კარიერზე იყო აფეთქებები. შესაძლებელია, ამიტომაც დაიკარგა წყალი. ერთი თუ დაიკარგა წყალი, მერე არ მობრუნდება,“ – გვითხრა ანზორ კახიძემ.

იგეგმება თუ არა ახალი ჭაბურღილების მოწყობა ახალშენში?

„გაკეთდა რამდენიმე ჭაბურღილი. 10 და 20 ჭაბურღილი ვერ გაკეთდება ერთად, ჩვენ პენტაგონის ბიუჯეტი ხომ არ გვაქვს?“ – კითხულობს ახალშენის რწმუნებული.

აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი თქმით, ახალშენში წყლის სისტემის მოსაწყობად ბოლო წლებში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

„თორნიკე რიჟვაძეს მოვუწოდებ, მიხედოს ხელვაჩაურს, სანამ მთელი სოფლები დაირაზმება და მიადგება კაბინეტთან, კორუმპირებულ მერს მიაქციოს ყურადღება,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: