მთავარი,სიახლეები

მაჩალიკაშვილი პროკურორისთვის ჩივილის უფლებას ითხოვს – საკონსტიტუციო

07.06.2019 • 933
მაჩალიკაშვილი პროკურორისთვის ჩივილის უფლებას ითხოვს – საკონსტიტუციო

მალხაზ მაჩალიკაშვილი სამსონ თამარიანთან და მერაბ მიქელაძესთან ერთად პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. დავის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 7 ივნისს დაიწყო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც თუკი პროკურორი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე გამოძიებას, ან სისხლისსამართლებრივი დევნას შეწყვეტს, ამას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებ. პროკურორს ასევე ვერ უჩივლებთ, თუკი ის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს იტყვის. არსებული სამართლებრივი რეგულაციის მიხედვით, პროკურორის ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან შეიძლება გასაჩივრდეს და არა სასამართლოში.

„ზემდგომ პროკურორთან ვასაჩივრებთ ხშირად, მაგრამ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ზემდგომმა პროკურორმა პროკურორის გადაწყვეტილება შეცვალა,“ – ამბობს მოსარჩელეების ინტერესების დამცველი, იურისტი ნინო თედეიშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, თამარ სამხარაძე კი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მაჩალიკაშვილს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

„ამ ფორმით იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება… არსებული ფორმა, ანუ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრება ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ მართლმსაჯულებას,“ – გვითხრა თამარ სამხარაძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

ადვოკატების მოსაზრებებს არ იზიარებს პარლამენტის ინტერესების დამცველი იურისტი, ქრისტინე კუპრავა. იგი აქცენტს სასამართლოს გადატვირთულობაზე აკეთებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემული რეგულაცია არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ყოველივეს განაპირობებს ის სტატისტიკური მონაცემები და ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც არსებობს და რომლითაც დასტურდება, რომ არსებობს ნამდვილად საჯარო, ლეგიტიმური მიზანი, რომ არ გადაიტვირთოს სასამართლო… ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა გონივრული ბალანსი შეარჩია და ჩამოაყალიბა ეს ნორმები, როგორც არის ეს მოცემული,“ – აცხადებს ქრისტინე კუპრავა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს თავის მოსაზრებას პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი გააცნობს. მან უარი თქვა პროცესის დაწყებამდე მოსაზრების დაფიქსირებაზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავს აქციებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: