მთავარი,სიახლეები

22 ლარი სუბსიდია ომის ვეტერანებისთვის – ახალი პაკეტი

06.06.2019 • 8356
22 ლარი სუბსიდია ომის ვეტერანებისთვის – ახალი პაკეტი

22 ლარი სუბსიდია მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს“ 2019 წლის 14 მაისს დაუნიშნა. ამ ფულს ვერ მიიღებენ ომის ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები, მათ შორის, დაცვის სამსახურში.

„აღარ მინდა ამაზე საუბარი… არ მაქვს პრეტენზია არაფერზე. ან რა აზრი აქვს, რომ ვისაუბრო?“ – გვითხრა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ის დაცვის სამსახურში მუშაობს.

„ამას კრძალავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, პენსიას ამიტომ ვერ იღებენ ეს ადამიანები,“ – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ პენსია – 22 ლარი დაენიშნათ იმ ვეტერანებს, ვისაც ომში ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება არ მიუღიათ და, შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობდნენ.

რამდენად სამართლიანია, როცა 22-ლარიან პენსიას ვერ იღებ საჯარო სამსახურში მუშაობის გამო? – ნოდარ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს, რადგან ის „კანონს კი არ აფასებს, არამედ ასრულებს.“

„…ცვლილების მიზანი იყო სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლია­ნობისთვის, თავისუფლე­ბისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძო­ლო მოქმედების მონაწილეებს ხელახლა შესძლებოდათ 22-ლარიანი დახმარების მიღება სოციალური პაკეტის სახით,“ – მოგვწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრიდან. აქვე მოგვაწოდეს საკანონმდებლო ჩანაწერები იმის დასასაბუთებლად, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ომის ვეტერანი სუბსიდიას – 22 ლარს ვერ მიიღებს.

არის თუ არა პრობლემა, როცა ომის ვეტერანს სახელმწიფო ჯერ ერთი 22 ლარის სუფსიდიას უნიშნავს და მეორეც – ის ამ 22 ლარს ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, დაცვის პოლიციაში მუშაობს? – სოციალურ სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ კითხვას ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. იმავე კითხვით ჩვენ სერგეენკოს უწყებასაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მთავარი ფოტო: აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: