ბათუმი,მთავარი,სიახლეები

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

06.06.2019 • 6376
10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით.

გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ ათი კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა, 2017 წელს, ჯამში, 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიების 2017 წლის შემოსავლები ლარში / წყარო: ანგარიშგების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

კომპანიების შესახებ [მოკლედ]

[highlight color=”red”]ჰოლდინგი მეტრო[/highlight] – „მეტრო“ საქართველოში არაერთ სფეროში საქმიანობს, მათ შორის: სატრანსპორტო გადაზიდვები, სასტუმროები, საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში. „მეტროს“ შემოსავლები აღებულია სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ კონსოლიდირებული და სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ ინდივიდუალური ანგარიშგებების მიხედვით.

„მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“, რომლის მშობელი საწარმო არის თურქეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული AVRASYA TERMINAL ISLETMELERI JSC თავის ჯგუფში აერთიანებს 14 შვილობილ კომპანიას, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯია“, „მეტრო ინტურისტ ბათუმი“, „მეტრო ჯორჯია“, „თბილისი ინვესთ“ და სხვ. საერთო შემოსავლები ჯამში 475 656 000 ლარი]. „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ [შემოსავლები – 12 935 473 ლარი] მესაკუთრე კი „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგია“.

„მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.

[highlight color=”red”]ანაგი[/highlight] – კომპანიის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა [„ანაგის“ შვილობილი კომპანიები არიან: „ანაგი ბათუმი“, „ანაგი-მექანიზაცია“, „ლუგო“, „ანაგი თიზ“]. „ანაგი“ აშენებს, მაგალითად, ბათუმში საფეხბურთო სტადიონს და ახალ ყინულის არენას.

[highlight color=”red”]ელიტ ელექტრონიქსი[/highlight] – სააქციო საზოგადოების ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. მმართველობის ორგანო: საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების მესაკუთრეა Brimag Digital Age LTD-ი [ისრაელი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ელიტელი“.

[highlight color=”red”]გუდვილი[/highlight] – ამ სააქციო საზოგადოების ძირითად საქმიანობად განსაზღვრულია რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. სამეთვალყურეო საბჭო: არმაზ თავაძე, გიორგი შევარდნაძე, გიორგი მახათაძე.

[highlight color=”red”]ბათუმის ნავთობტერმინალი[/highlight] – ამ შპს-ს ძირითადი საქმიანობაა ტრანსპორტირება მილსადენებით. კომპანიის მესაკუთრეა KazTransOil [ყაზახეთი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“.

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანგარიშგება აშშ დოლარებში გაასაჯაროვა [შემოსავალი მოიცავს ჯამში ტერმინალისა და ნავსადგურის შემოსავლებს]. კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს საერთო შემოსავალი 38 224 082 აშშ დოლარი იყო, რაც ამ წლის საშუალო კურსის მიხედვით, დაახლოებით 98 235 890 ლარია.

[highlight color=”red”]AGE BATUM[/highlight] – „აგე ბათუმის“ მესაკუთრეა თურქული კომპანია AGE İNŞAAT VE TİCARET A.Ş. „აგე ბათუმის“ ოფისი ბათუმში მდებარეობს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაა.

[highlight color=”red”]ნოვა[/highlight] – შპს „ნოვა“ თბილისში, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომლებიც ასევე არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც [ზვიად აბულაძე, ჯემალ ბოლქვაძე, ემზარ ირემაძე, ჯემალ ანთაძე, რამაზ ირემაძე]. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სასახურავე მასალების წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი.

[highlight color=”red”]სისთემ ინშაათ[/highlight] – კომპანიის მესაკუთრეები თურქეთის მოქალაქეები [ერქან ოზმენ,  ბურაქ ბაშლილარ] არიან. ოფისი მდებარეობს ბათუმში, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა.

[highlight color=”red”]აჭარა ტექსტილე[/highlight] – ამ კომპანიის  იურიდიული მისამართია ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი, სადაც ფაბრიკას ამუშავებს. „აჭარა ტექსტილე“-ს მშობელი საწარმოა  სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“ [თურქეთი]. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში, ასევე ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება.

[highlight color=”red”]გზა[/highlight] – შპს „გზა“ ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანიის ძირითად საქმიანობას საგზაო, სამოქალაქო და სხვა სახის მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ხოლო დირექტორი – მალხაზ დუმბაძე.

ფინანსური ანგარიშგება

ფინანსური ანგარიშგება გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაციაა, რომელშიც სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.

2017 წლის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.

2018 წლის ანგარიშგებები კი, ამ და ასევე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე.

სუბიექტი [გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა] ვალდებულია მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური და მმართველობის [მათ შორის, კონსოლიდირებული] ანგარიშგება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის პირველი ოქტომბრისა, წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. სამსახური ვალდებულია სუბიექტების [გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოს] მიერ წარდგენილი ანგარიშგებები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი [გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა], რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

საზოგადოებრივი დაინტერესების პირი – იურიდიული პირი, რომელიც არის: ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება-საკრედიტო კავშირი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრული პირი [გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა].

მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: