მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

05.06.2019 • 2158
ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა:

„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ… თქვენ ნახავთ ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ,“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს. „სანდასუფთავების“ უკვე ყოფილი უფროსი ბლადაძე TV 25-თან ინტერვიუში ადასტურებდა ნეპოტიზმის ფაქტს და ამბობდა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული.

მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

ქობულეთის მერის თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად სულიკო ბლადაძემ მიიღო, რაც მერმა გაიზიარა. მისივე თქმით, „სანდასუფთავების“ სამსახურში უკვე მუშაობს შიდა აუდიტი და დასკვნა მალე მომზადდება.

მირიან ქათამაძე უარყოფს TV 25-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქობულეთის მერიას დაქვემდებარებულ სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად არის დასაქმებული.

„არასწორად იქნა ეს ციფრი დასახელებული… ამ გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ… არც ერთ გამონაკლისს, არც ერთ თვალის დახუჭვას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ, აუცილებლად იქნება ყველა მტკიცებულება გასაჯაროებული,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: