კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

04.06.2019 • 5831
ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე.

დაზიანებული ვიტრაჟები. ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

დაზიანებული ვიტრაჟები. ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს  უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, თუმცა როგორც გორელიშვილი ამბობს, ტაძრის ჩამსხვრეული „ფანჯრების“ აღსადგენად სააგენტოსთვის ჯერ არ უცნობებიათ.

დაზიანება ინტერიერიდან უკეთ აღიქმება, თუმცა გარე ფასადიდანაც ჩანს ჩამოცვენილი მინა და ვიტრაჟის დაზიანებული ჩარჩოები.

საკურთხევლის ნაწილში, სადაც ადრე ფერადი ვიტრაჟი იყო, ახლა აღარაფერია დარჩენილი:

„ჯერ მხოლოდ ფრესკების აღსადგენად მივმართეთ სააგენტოს, რადგან შემსწავლელმა ჯგუფმა, რომელიც შარშან იყო, აღწერა მხოლოდ დაზიანებული ფრესკები,“ – ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის განმარტებით, სააგენტოსთვის დაზიანებული ვიტრაჟის შესახებ აქამდე არავის უცნობებია.

„ვიცოდით მხოლოდ სარესტავრაციო ფრესკების შესახებ. ახლა გავიგე ვიტრაჟებზე, გავუშვებ თანამშრომლებს და შეისწავლიან ადგილზე სიტუაციას. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ფინანსები ნამდვილად არ გააჩნია, რომ ამ ეკლესიაზე სამუშაოები ჩაატაროს, ამიტომ მივმართავთ საპატრიარქოს და ეროვნულ სააგენტოს, თუ სავალალო მდგომარეობაა და აუცილებელია ჩარევა, დროულად იმოქმედონ. კანონით, მიმართვა უნდა გასცეს როგორც ეროვნულმა სააგენტომ, ასევე,  ძეგლის მესაკუთრემ. დანარჩენს ალბათ გავივლით დეტალურად და ვნახავთ, რა თანხა სჭირდება ვიტრაჟის აღდგენა-რესტავრაციას,“ – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, ბათუმის საკათედრო ტაძრის ვიტრაჟი პირვანდელი სახითაა მოღწეული და აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი დაზიანების ზუსტი მიზეზი:

„ბათუმის ვიტრაჟი კლასიკური, ტიხრული ვიტრაჟია, რაც ბათუმის გარდა ასე მასშტაბურად საქართველოში არსად გვხვდება. იგი უნდა აღდგეს არა უბრალო, არამედ ვიტრაჟული მინის გამოყენებით,“ – ამბობს ცირა ელისაშვილი.

მისი თქმით, თუ დაზიანებული ნაწილი დროულად არ შეკეთდა, რღვევის პროცესი წინ წავა, ამიტომ ფრესკებსა და ვიტრაჟზე ერთდროულად მუშაობა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა:

„ვიტრაჟი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ფუფუნებაა, ჩვენ ტრადიციულად ვიტრაჟის ქვეყანა არ ვართ, ამიტომ ის ერთეული მაგალითები, რაც გვაქვს, აუცილებლად დასაცავი და აღსადგენია“.

მისი თქმით, ვიტრაჟის მოვლას თავისი წესი აქვს: მაგალითად, ვიტრაჟი არ შეიძლება გაიწმინდოს ან გაირეცხოს წყლით. ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს სპირტის მსგავსად აქროლადი სითხე, რომელიც არ ჩაჯდება მინების მაკავშირებელ ლითონის ჩარჩოში და ა.შ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს. პირველი რესტავრაცია ტაძარს 80-იან წლებში ჩაუტარდა, შემდეგ კი ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკების შესახებბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. 2017 წელს ითქვა, რომ ფრესკების აღდგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იზრუნებდა, ამჟამად მზად არის ფრესკების რესტავრაციის პროექტი, თუმცა სამუშაოები ვერ იწყება, რადგან ტაძარში წყალი ჩადის, ამიტომ ჯერ შენობა უნდა გადაიხუროს.

 

ამავე თემაზე:

რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: