მთავარი,სიახლეები

აჭარაში გველის დაგესვლის 22 შემთხვევა დაფიქსირდა – 2018 წლის სტატისტიკა და რეკომენდაციები

05.06.2019 • 2461
აჭარაში გველის დაგესვლის 22 შემთხვევა დაფიქსირდა – 2018 წლის სტატისტიკა და რეკომენდაციები

„შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი“ –  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გასულ წელს 22 ასეთი შემთხვევის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

2018 წლის მონაცემებით, გველის კბენის ყველაზე მეტი, 9 შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს: ხელვაჩაურში იყო სულ 7 შემთხვევა ივნისსა და აგვისტოში; ქედაში – 4 [თებერვალი-მარტი]; ბათუმში კი 2 შემთხვევა – ივნისსა და სექტემბერში.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში გვითხრეს, რომ მაისის მონაცემები ამჟამად მუშავდება, 2019 წლის გასულ თვეებში კი გველის მიერ ადამიანის დაგესვლის შემთხვევა არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს გველის საწინააღმდეგო შრატი, რომელიც ყველა რაიონშია ხელმისაწვდომი. ეს არის პოლივალენტური, ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ქვეწარმავლის საწინააღმდეგო შრატი. მიუხედავად იმისა, რომ 22 შემთხვევა იყო შარშან, შრატი არ ყოფილა გამოყენებული. შრატი გაკეთდება თუ არა, ამას წყვეტს ექიმი, როგორც ჩანს, იყო მსუბუქი შემთხვევები და სხვაგვარად იქნა მართული,“ – გვითხრა ნონა ეფაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ.

ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა სანიკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები ვერ აკონკრეტებენ, ქვეწარმავალმა უკბინა თუ არა და ძირითადად კეთდება ანტიტეტანური შრატი, რომელიც კეთდება ჭრილობის დროსაც, რომ კანის მთლიანობის დარღვევის დროს ტეტანუსი არ განვითარდეს.

„თუ დამტკიცდა ნაკბენის იდენტიფიკაციით, რომ ნამდვილად გველია და სიმპტომები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ეს იყო შხამიანი გველი, მაშინ კეთდება პოლივალენტური შრატი. რა თქმა უნდა, შრატი სჯობს გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, კბენის პირველ საათებში, არაუგვიანეს 24 საათისა. რაც შეეხება მონოვალენტურ შრატს, ის იმდენად სერიოზულ ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად კეთდება, მაგალითად, გიურზას, კობრას ან ეფას დაკბენის დროს. თუმცა დასავლეთ საქართველოში ეს გველები პრაქტიკულად არ გვხვდება და ისედაც იშვიათია ჩვენთან შხამიანი გველები,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.

რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ გველი ხშამიანი იყო? ტოქსიკოლოგის განმარტებით,  თუ მარტივი სიმპტომები კბენის დროს შემოიფარგლება მხოლოდ ნაკბენის შეწითლებით, შესიებით, ქავილითა და ტკივილით, შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში შეიძლება კიდური შეშუპდეს მთლიანად, გაჩნდეს სისხლჩაქცევები და ინტოქსიკაციური სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, წნევის ვარდნა და იშვიათ შემთხვევაში, გონების დაკარგვაც კი.

„ყველას ვურჩევ, ნუ შეეშინდებათ. სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ კბენის შემთხვევაში ადამიანი არ უნდა აჰყვეს პანიკას და დროულად მიმართოს ექიმს, რომელიც გააკეთებს დასკვნას, რამდენად საშიშია ნაკბენი და როგორი მკურნალობა სჭირდება,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.

სპეციალისტების ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად გვხვდება მცურავი ანკარა და გველგესლა. მათგან შხამიანი მხოლოდ გველგესლაა, რომელიც უფრო მთიან რეგიონებშია გავრცელებული.

„გველების გამოჩენა დაკავშირებულია ტემპერატურის მატებასთან. გველები იზამთრებენ სარდაფებში, სხვენებში, გაუქმებულ ჭებში… ზოგადად, სადაც თაგვი მრავლდება, იქ გვხვდება გველიც, რადგან თაგვი გველისთვის საკვებია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში გველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველია, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მღრღნელებს. თუ სისუფთავეს შევინარჩუნებთ და აქეთ-იქით დაყრილი არ იქნება სხვადასხვა საგანი, გველსაც ნაკლები თავშესაფარი ექნება,“ – ამბობს ჰერპეტოლოგი კონსტანტინე ფხაკაძე.

გადაბეჭდვის წესი