ბათუმი,მთავარი,სიახლეები

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

04.06.2019 • 2587
60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება.

ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 მილიონ 834 ათას ლარად ყიდის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, თორნიკე კუჭავას განცხადებით, „ამ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეები არსებობენ, თუმცა, ადრე როცა მაგ ზოლში ხდებოდა ქონების გატანა აუქციონზე, საწყისი ფასი იყო შედარებით ნაკლები. ამიტომ, რამდენიმე თვის ინტერვალში გვქონდა ქონების ორი, აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება, ნაკვეთის აუქციონზე გატანა დავიწყეთ მაღალი ფასით და შევხედეთ ბიზნესი რამდენად დაინტერესდებოდა“.

ბიზნესი სამინისტროს მიერ შეთავაზებული ფასით არ დაინტერესდა, ამიტომ სამინისტრომ აუქციონის პირობების შეუცვლელად, ქონების საწყისი გასაყიდი ფასის დაკლება დაიწყო.

„ორი [მაღალი და დაბალი] საბაზრო შეფასება გვაქვს და არ ვიცით რომელი არის სწორი. იმ მეორე, დაბალ საბაზრო შეფასებამდე შეგვიძლია ჩამოვიდეთ, მაგრამ იმის ქვევით არა“, – ამბობს თორნიკე კუჭავა.

რამდენია ეს დაბალი ფასი, ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „მაღალი ფასი დაბალზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი იყო“. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით გამოდის, რომ ფიჭვნარში მიწის საწყისი გასაყიდი მაღალი ფასი იყო 4 585 000 ლარი, რა ფასითაც გამოცხადდა თავდაპირველად აუქციონი, ხოლო დაბალი შეფასება გამოდის – 1 146 250 ლარი, ანუ 687 750 ლარით ნაკლები, იმ ფასზე, რა ფასითაც ქონება ახლა არის გატანილი აუქციონზე.

თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილება: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით, მოცემული ფასი“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეების მიერ „აუქციონამდე შემოთავაზებული იყო თუ რისი განვითარების შესაძლებლობა არსებობდა და არა ფასი. ჩვენ ჩვენი პირობებიც ჩავდეთ და კორექტირებული პირობებით გამოვაცხადეთ აუქციონი“.

აუქციონის პირობები, გასაყიდი ფასის 60%-ით შემცირების მიუხედავად, არ შეცვლილა. შესაბამისად, ქონების მყიდველი ვალდებულია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი, მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის ვადაში დაამუშაოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაცია და მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დაასრულოს მშენებლობა და გაუშვას ექსპლუატაციაში და ამოქმედება, არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყო საქართველოს მოქალაქე.

მთლიანობაში, მომავალმა მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასაყიდი ნაკვეთი ფიჭვნარის პლაჟთან / 2019 წლის მაისი

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნარში, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიაზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.

შპს „ელერ კომპანიში“ 50% წილს ფლობს და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია ლევან შერაზადიშვილი. ლევან შერაზადიშვილი, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, შპს „გრინ რეზორტის“ ერთ-ერთი მეწილე და დირექტორიცაა. „გრინ რეზორტს“ კი აჭარის მთავრობამ გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა 6 040 265 ლარად გადასცა. „გრინ რეზორტმა“ ამ პროექტში არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მიწა ფიჭვნარში, რომელიც აუქციონზეა გატანილი, იმ ნაკვეთებთანაც ახლოსაა, სადაც გოლფის მოედანი და „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს. „გრინ რეზორტის“ წარმომადგენელმა დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის შეძენა ამ ეტაპზე მათ ინტერესებში არ შედის.

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს.

რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას? – შეგიძლიათ ნახოთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან: ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას.

ზღვის პირველ ზოლში, ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება. ასეთი, ჯერ კიდევ გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის თებერვალში გამოვითხოვეთ, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: