მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება

03.06.2019 • 3006
აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 3 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ხაჯიშვილი აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი – აჭარის განათლების სამინისტროშიც. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მაია ხაჯიშვილს  „რიგითი სპეციალისტიდან დაწყებული გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს გამართული და აქტიური, დინამიური ფუნქციონირებისთვის. დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს ყველა იმ ამოცანას რომელიც მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს წარმატებისთვის და ზოგადად, მთავრობის წარმატებისთვის“.

„განათლება არის პოლიტიკური მესიჯი და შესაბამისად, ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენთვის, დაგვჭირდება ძალების მთლიანი მობილიზება იმისთვის, რომ ღირსეულად ავუბათ ფეხი სახელმწიფო პოლიტიკას. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია მოვახმარო ამ მიმართულებას და გავამართლო იმედები, რომელიც გამომიცხადა გუნდმა,“ – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა ბრიფინგზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რის შეცვლას აპირებს მინისტრის რანგში, მაია ხაჯიშვილმა ასე უპასუხა: „გარდა იმ ცენტრალური პროგრამებისა, რომლის განხორციელებაც გვევალება, არის ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც შეიძლება რაღაც ნაწილში არის გადასახედი, თანამედროვე მოთხოვნებისადმი მათი ადაპტირება იქნება აუცილებელი. ამ კუთხით ვაცხადებ ღიაობას იმისთვის, რომ დავდოთ უფრო მეტი და ხარისხიანი პროგრამა“.

რამდენიმე დღის წინ აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, შემდგომში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე დააკავეს. კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების შეცვლას და სხვა საკადრო ცვლილებებს, ხაჯიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარესთან.

ახალი მინისტრის წარდგენა, ბრიფინგი აჭარის მთავრობაში. ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

„ბათუმელების“ კითხვაზე, ვისთან გაიარა კონსულტაციები მაია ხაჯიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ძირითადად, მისი გადაწყვეტილება იყო. „ეს არის მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა, ვინაიდან უმაღლესმა საბჭომ უკვე გამოგვიცხადა ნდობა და შესაბამისად, ამ ტიპის ცვლილება არ იწვევს უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებას. ამის მიუხედავად, გუნდში, დეპუტატებთან გვქონდა მსჯელობა“.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს ერთი კონკრეტული პროექტი, ინიციატივა განათლების მიმართულებით, რაშიც იყო მაია ხაჯიშვილი წარმატებული და რის გამოც შეჩერდა მასზე არჩევანი, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სისტემას. „ეროვნულ იდეას და რეფორმებს განათლების სფეროში, დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს.“ – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის ყოფილი განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, რიჟვაძემ 26 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან რუსული დროშების სკანდალის გამო. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე კი, 30 მაისს დააკავეს საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: