განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

01.06.2019 • 1790
რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა.

„რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო.

იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე ცდილობენ ქმედების განხორციელებას.

ანა თავხელიძის თქმით, სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას აქცენტი უნდა იყოს გადატანილი თანხმობის აუცილებლობაზე. „სახალხო დამცველმა თქვა, რომ უარის არსებობა კი არ უნდა მოითხოვო, არამედ თანხმობის არსებობა. ანუ თუ პირი თანხმობას არ გამოხატავს, რომ თანხმდება ამ ურთიერთობაზე, ის ავტომატურად უნდა აღიქვა უარად. თუ პირი ამბობს, რომ  „აშკარა  უარი არ ყოფილა“,  ან თუ ვარაუდი არის 50/50 და ვერ იგებს ადამიანი, თანხმობა არის თუ არა, ეს უნდა ჩავთვალოთ უარად  და ქმედება უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში  დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ამბობს იურისტი.

იურისტმა ანა თავხელიძემ, ბსუ-ს სტუდენტებთან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
ფოტო: ლელა დუმბაძის

რატომ განიხილება სექსუალური შევიწროება როგორც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა, კაციც ხომ შეიძლება იყოს  სექსუალური შევიწროების მსხვერპლი? – სტუდენტის ამ კითხვაზე ანა თავხელიძემ  განმარტა, რომ, რა თქმა უნდა, მსხვერპლი შეიძლება იყოს კაციც, თუმცა, „ძირითად შემთხვევაში, ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემებით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლების რაოდენობას თუ შევხედავთ, დაახლოებით 80-90 პროცენტი ყოველთვის ქალია“.

რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება? – ანა თავხელიძის თქმით, ფლირტი და სექსუალური შევიწროება რომ განვასხვაოთ, ამისთვის ქმედება უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს:

პირველი კრიტერიუმია, როცა ქმედება არის არასასურველი.

მეორე კრიტერიუმით, ქმედება  შეიძლება არ გამოიხატოს ვთქვათ ფიზიკური შეხებით, ის შეიძლება იყოს ვერბალური.

მესამე კრიტერიუმი არის სექსუალური შინაარსის მატარებელი ქმედება. თუ პირი სექსუალური შინაარსის შეტყობინებას, ან ვიდეოს უგზავნის ადამიანს.

მეოთხე კრიტერიუმია, როცა  ქმედება არის ღირსების შემლახავი.

დისკუსია ბსუ-ში სექსუალური შევიწროების თემაზე

„თუ ადრესატი გეუბნებათ, რომ ქმედება მისთვის არის შეურაცხმყოფელი და მას არ სურს, რომ ქმედება გაგრძელდეს, თქვენ კი მაინც აგრძელებთ, ეს უკვე არის სექსუალური შევიწროება. თუ შეტყობინება გაუგზავნეთ და მან გითხრათ „არა“, – მორჩა.  „არა“ ნიშნავს  „არას“ და ქმედება უნდა შეწყდეს“.

ანა თავხელიძემ სტუდენტებთან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სექსუალური შევიწროება, არ გულისხმობს მაინც და მაინც სექსუალურ ურთიერთობას. „ეს შეიძლება იყოს უხამსი კომენტარიც“, – ამბობს ის.

დისკუსიის  დროს სტუდენტები დაინტერესდნენ სექსუალური ძალადობის დროს ქალმა აუცილებლად უნდა გასწიოს თუ არა წინააღმდეგობა.

ანა თავხელიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ გაუპატიურება არის მხოლოდ ის ქმედება, სადაც ძალადობა იქნა გამოყენებული ან მუქარა. „მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან,  იგივე სტამბოლის კონვენციას თუ შევხედავთ, ან სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობის გამოყენების დროს, წინააღმდეგობის გაწევის ვალდებულება მსხვერპლს არ აქვს“.

იურისტის თქმით, ეს საკითხი შეისწავლეს ფსიქოლოგებმა, რომლებიც საუბრობენ ძალადობის დროს  ადამიანების განსხვავებულ რეაქციებზე.

დისკუსია თემაზე – „სექსუალური შევიწროება“

„ერთი არის გაყინვის, გაშეშების, შოკის მდგომარეობა, როდესაც ტრავმიდან, ძალადობის ხარისხიდან გამომდინარე ადამიანი საერთოდ ვერ უწევს წინააღმდეგობას, მეორე შემთხვევაში კი პირიქით  ხდება და მსხვერპლი იწყებს ბრძოლას, წინააღმდეგობის გაწევას.  ეს არის ინდივიდუალური. მსხვერპლმა  წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან უფრო მძიმე ფორმით ძალადობის განხორციელების შეეშინდა, მაგალითად, შეეშინდა მოკვლის, იმიტომ რომ ემუქრებოდა“,- ამბობს ის.

როგორ უნდა დამტკიცდეს ძალადობა თუ არ არსებობენ მოწმეები? – იკითხეს სტუდენტებმა.

ანა თავხელიძის თქმით, მტკიცება რთულია, მაგრამ შესაძლებელი, შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებით, წინარე პირობების დადგენით, მათი ურთიერთობით, გადაადგილების მარშრუტით და ა.შ.

დისკუსიის დროს იურისტმა ასევე უპასუხა სტუდენტების მიერ დასმული სხვა კითხვებსაც, რომელიც უკავშირდებოდა სექსუალური შევიწროების თემას, მათ შორის ისეთ საკითხს, როგორიცაა თემით მანიპულირება.

„თუ არსებობს რისკები იმის, რომ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის შემდეგ შეიძლება მაინც დაგადანაშაულონ სექსუალურ ძალადობაში?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რაზეც ანა თავხელიძემ უპასუხა, რომ ასეთ დროს ხდება წინარე ისტორიის შესწავლა, ის თუ რა პოზიციას აფიქსირებს მსხვერპლი, რა იყო მისი რეაქცია, მიადგა თუ არა ტრავმა, თუ ძალადობა ხდება, ამას შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს“.

დისკუსია სტუდენტებთან პროექტის „ლიბერრუმის“ ფარგლებში გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: