მთავარი,სიახლეები

კომპანია, რომელიც ქობულეთში 200 მილიონის ინვესტირებას აპირებდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს

03.06.2019 • 1968
კომპანია, რომელიც ქობულეთში 200 მილიონის ინვესტირებას აპირებდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს

შპს „კრისტალ ბილდინგი“, რომლის პროექტიც აჭარის მთავრობამ ქობულეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტიციად დააანონსა, ვალდებულებას ვერ ასრულებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, კომპანიას „რიგი შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის პირგასამტეხლო ეკისრება.“

ამ პროექტის პომპეზურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ბანერზე ეწერა, რომ ინვესტორი 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ეს ციფრი რამდენჯერმე დაასახელეს მთავრობის წარმომადგენლებმაც. თუმცა ოფიციალური ვალდებულებები კომპანიამ სხვა ციფრებზე აიღო.

სხვა ციფრები იყო დასახელებული აუქციონით გათვალისწინებულ პირობებში, კერძოდ, აჭარის მთავრობამ უკვე „კრისტალ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები სამ ნაწილად გაასხვისა – 29 322 კვადრატული მეტრი 1 468 000 ლარად [20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], 37 502 კვადრატული მეტრი მასზე დამაგრებული რვა შენობით – 2 მილიონ 550 000 ლარად [ესეც 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], ხოლო 4 699 კვადრატული მეტრი „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა.

აჭარის მთავრობასთან დადებული  ხელშეკრულების მიხედვით, „კრისტალ ბილდინგმა“  ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე დაირეგისტრირა ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში, 71 523 კვადრატული მეტრი.

საერთო ჯამში, ინვესტორის მიერ შეძენილი ფართობი 24 678 კვადრატული მეტრით მეტია თავად ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, ინვესტორმა ფინჭვნარში, საინვესტიციო ფართობის გაყოლებაზე,  პლაჟის ტერიტორია მოითხოვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს ასრულებს, ნაწილში კი გადავადებას ითხოვს. გარდა ამისა, კომპანია ითხოვს დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც სამინისტროდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.

ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც გამოკითხა. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურს აინტერესებდა სარეკრეაციო ზოლში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე, არსებული ქონების გასხვისების ფასი, პირობები და პირობის შესრულება, ასევე, შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის დეტალები.

კითხვაზე – როგორ გაგრძელდა ეს პროეცესი და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა გამოიკვეთა? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გვიპასუხა, რომ „პროცესი გრძელდება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: