მთავარი,სიახლეები

„ჯოკერი ეთამაშეთ“ – თორნიკე რიჟვაძის პასუხი გიდის კითხვაზე: რა შევთავაზოთ წვიმაში ტურისტებს 

29.05.2019 • 3962
„ჯოკერი ეთამაშეთ“ – თორნიკე რიჟვაძის პასუხი გიდის კითხვაზე: რა შევთავაზოთ წვიმაში ტურისტებს 

დღეს, 29 მაისს, აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტსა და აჭარის პოლიციასთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ჯგუფებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს გაუმართავ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, კითხვები დაისვა იმაზეც, თუ რატომ არ არის განათებული ალი და ნინოს ქანდაკება. „ბოლოს და ბოლოს როდის განათდება ალი და ნინო, როდის ამუშავდება ნეპტუნის შადრევანი, როდის ამოქმედდება ჭაჭის შადრევანი რომელიც სანაგვედ არის ქცეული. ტურისტი რომელიც რუკით დადის და ეძებს ამ ობიექტებს, ადგილზე სულ სხვა სურათი დახვდება“.

ერთ-ერთ პრობლემად დაასახელეს ასევე იმ ბავშვების საკითხი, რომლებიც ქუჩაში შრომობენ. გიდები ირწმუნებიან, რომ „ბოშა ბავშვები ტურისტებს თავს ესხმიან და არ არის მათი უსაფრთხოება დაცული“.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ზომები იქნება მიღებული, რომ საკითხი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, თუმცა რა, არ დაუკონკრეტებია.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მთავრობა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გიდმა, სულხან დევაძემ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებს ჰკითხა – „წვიმაში რა შევთავაზოთ ტურისტებს?“ კითხვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „ჯოკერი ეთამაშეთ“. მის პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა. მთავრობის თავმჯდომარემ დაამატა, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო და ევროპული გამოცდილების გაზიარება დაგვჭირდება.

შემდეგ კი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სულხან ღლონტმა თქვა, რომ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. „ჩვენ არ ვაპირებთ გავექცეთ ამას, ვაპირებთ წვიმა გამოვიყენოთ, როგორც ტურისტული პროდუქტი“.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამისი სერვისების შექმნაზე უკვე ესაუბრებიან.

შეხვედრაზე არაპროფესიონალ გიდებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ითქვა, რომ ისინი ტურისტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს შესახებ. საუბარი შეეხო ასევე ქუჩის ძაღლებისა და საპირფარეშოების პრობლემას.

აჭარის მთავრობა „რედისონში“ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე კითხვა დაისვა ღამის კლუბებთან დაკავშირებითაც. „ჩვენი სტუმრები, ჩამოსვლამდე უკვე ითხოვენ პასუხებს, არის თუ არა რაიმე ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით?“- იკითხა სასტუმრო „ჰილტონის“ წარმომადგენელმა.

ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის თქმით, მერიაში მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ხმაურს უწევს კონტროლს, „აჯარიმებს კიდეც, თუმცა ამ ჯარიმებს არ აქვს ის ეფექტი რაც უნდა ჰქონდეს. განიხილება ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში, გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, საუბარია საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტაზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: