მთავარი,სიახლეები

შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ

29.05.2019 • 2849
შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ

პატიმრები, რომლებმაც ხელებში მავთულები პროტესტის ნიშნად გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ, შესაძლოა, ახალი დანაშაულისთვის ახალი მუხლით გაასამართლონ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი წერენ, რომ მათ ბათუმის ციხეში სამუდამოდ დარჩენით ბათუმის ციხის დირექტორი დაემუქრა. ციხეში მისულმა გამომძიებელმა კი აცნობა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად – პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.

სამმა მსჯავრდებულმა ბათუმის ციხეში მავთულები ხელში გაიყარა და ერთმანეთს პროტესტის ნიშნად გადაება. ეს 30 მარტს მოხდა. ბათუმის ციხეში განთავსებული პატიმრები არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებდნენ, მათ შორის, სამარტოო საკანში უსაფუძვლოდ გადაყვანას და უწყლობას. წყლის პრობლემა მაშინ პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა. წყლის პრობლემაზე ისაუბრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემაც. მისივე თქმით, პატიმრების გადაყვანა სამარტოო საკანში ხშირად არა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ დასჯის მიზნით ხდება. ამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო.

„…არცერთი ეს მძიმე მდგომარეობა არ გამოსწორებულა. პირიქით, მით უფრო გვიმძიმებდნენ არსებულ ყოფით ვითარებებს, კონკრეტულად კი ჩვენს მიმართ უფრო აძლიერებდნენ ზეწოლებს… მით უფრო არაადამიანურ პირობებში გვამყოფებდნენ და ახდენდნენ ჩვენს სრულ და მუდმივ იზოლირებას. ცდილობდნენ, რომ მუქარითა და დაშინებით მოეხდინათ ჩვენი გაჩუმება და ამ ხერხებით დაეფარათ თავიანთი მძიმე დანაშაულებრივი ფაქტები,“ – აღნიშნულია ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ორი პატიმარი აწერს ხელს: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი. მათივე თქმით, ციხის დირექტორების დასჯის ნაცვლად, პატიმრები გადაიყვანეს ბათუმის ციხიდან მე-7 დაწესებულებაში, რომელიც თბილისში მდებარეობს.

მსჯავრდებულებს ციხეში ყოფნის ვადა მომავალი წლის გაზაფხულზე უმთავრდებათ. თუ გიორგი მარსაგიშვილს და გიორგი ვარდუაშვილს ციხის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლა დაუდასტურდებათ, მათ მინიმუმ სამი წლით მოუწევთ ისევ ციხეში ყოფნა. პატიმრების ადვოკატი კახაბერ სინჯიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურისგან ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რატომ დაიწყო ახალი გამოძიება იმ პატიმრების წინააღმდეგ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ხელში მავთული გაიყარეს.

„პროკურატურას წერილობითაც მივმართე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე… სახალხო დამცველს უპასუხეს, რომ გამოძიება ნამდვილად დაწყებულია 378-ე მუხლით და ამ კონკრეტული მსჯავრდებულების გამოკითხვა სურდათ. პროკურატურა ასევე იტყობინება, რომ მათ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს. იგივე მითხრეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმრებმაც – თქვეს, რომ ჩვენება ადვოკატის გარეშე არ მისცეს. ამ კონკრეტულ პირებს ჯერჯერობით ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ,“ – გვითხრა ადვოკატმა კახაბერ სინჯიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის არც ის განუმარტავს, რატომ გადაიყვანეს ისინი მე-3 დაწესებულებიდან მე-7-ში.

„ბათუმის ციხის უფროსი, მიხეილ კანდელაკი მიცხადებდა, რომ თუ მე-3 დაწესებულებიდან გავიდოდა საჩივარი, იგი აუცილებლად მიიღებდა ზომებს და დაგვსჯიდა ამის გამო. მე, გიორგი ვარდუაშვილს იგი მიცხადებდა, რომ შემიკერავდა საქმეს და მთელი ცხოვრებას გამატარებინებდა ციხეში… გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება და საზოგადოებამდე მიიტანოთ ის ჯალათური მეთოდები და ქმედებები და ამცნოთ ხალხს, თუ რა უკანონო ხერხებით მოქმედებენ“, – წერენ პატიმრები.

„მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, მაგრამ არსებობს რისკი, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მივიღოთ,“ – ამბობს გვანცა ჩხაიძე, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი თქმით, პროკურატურას სახალხო დამცველისთვის არ განუმარტავს, კონკრეტულად რა შეტყობინება მიიღო გამოძიებამ ბათუმის ციხიდან და რა ფაქტის გამო დაიწყო გამოძიება პატიმრების წინააღმდეგ. პროკურატურის ცნობით, ამ მუხლით დაწყებულ საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ამ ეტაპზე არავის აქვს და კონკრეტული პატიმრების გამოკითხვა მხოლოდ მოწმის სტატუსით სურდათ.

სახალხო დამცველი სწავლობს იმ პრობლემებსაც, რასაც პატიმრები ასახელებენ. ბათუმის ციხეში წყლის პრობლემას ადასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა მიიჩნევს, რომ არაადამიანურ მოპყრობასთან არ გვაქვს საქმე.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია შპს „ბათუმის წყლისგანაც“. დადასტურდა, რომ წყალი შეზღუდულად მიეწოდება არა მხოლოდ ციხეს, არამედ მთლიანად უბანს და დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პატიმრები წყლის გარეშე დაახლოებით ორი-სამი საათის განმავლობაში არიან… რაც შეეხება სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსებას, ჩვენ ველოდებით სასჯელაღსრულების მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის დასრულებას. თუკი დადასტურდება ფაქტი, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დასჯა. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პენიტენციურ სამსახურთან“, – გვითხრა გვანცა ჩხაიძემ, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

რა გამოარკვია მონიტორინგის დეპარტამენტმა იმ ფაქტებზე, რაზეც პატიმრები საუბრობენ და კონკრეტულად რის გამო დაიწყო გამოძიება პატიმრების წინააღმდეგ? – კითხვებით პენიტენციურ სამსახურს მივმართეთ. მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: